ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

“იცეკვე მტერთან ერთად”

ავტორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - თეო ხატიაშვილი

 

2008 წელს კანის ფესტივალზე ოქროს პალმის მინიჭება ლორან კანტეს ფილმისთვის “კლასი” არავისთვის ყოფილა მოულოდნელი - კრიტიკოსების გამორჩეული ფავორიტი ხომ ახერხებს  მინიმალისტური, თუმცა დამატყვევებელი კინოენით შეგიყვანოს და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თანდასწრების სრული განცდა შეგიქმნას პარიზის გარეუბნის სკოლაში, რასობრივად და ეთნიკურად ჭრელ კლასში, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელი (ფრანსუა ბეგოდო, რომლის ნახევრადავტობიოგრაფიული რომანის “კედლებს შორის” მიხედვით არის ფილმი გადაღებული) ფრანგული ენის სწავლებასთან ერთად ცდილობს სხვადასხვა კულტურული ნორმების, სხვადასხვა ღირებულებისა თუ ინტელექტუალური მარაგის მქონე თინეიჯერების “მოთვინიერებას”. მოსწავლეები ხშირად ეწინააღმდეგებიან მას, აპროტესტებენ, რომლის დროსაც უმთავრესი “არგუმენტი” უნივერსალურობის პრეტენზიით არის “გამყარებული”: “ეს ყველამ იცის”, “ყველა ასე ლაპარაკობს”, “ისინი ამბობენ” და ა.შ. სწორედ ეს “კოლექტიური აზრი” აწარმოებს და ასაზრდოებს სტერეოტიპებს, მაშინ როდესაც ერთ კონკრეტულ კითხვაზეც კი მოსწავლეების პასუხები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და მათში წამოჭრილი საკითხებისა თუ პრობლემების მრავალფეროვნება მერყეობს პერსონალურიდან კოლექტიურ განზომილებებში, იქნება ეს, ვთქვათ, შიში საკუთარი გარეგნობის თუ შიში რასობრივად და კლასობრივად განსხვავებულ გარემოში აღმოჩენის გამო.

როგორც აღვნიშნე, “კლასის” წარმატება არ იყო მოულოდნელი, მაგრამ წინააღმეგობრივ და მტკივნეულ ფიქრებს კი აღძრავდა: ხომ არ იყო ის მულტიკულტურალიზმის კრიზისზე ან უფრო მეტიც - ამ იდეის კრახზე? ფილმი მთავრდება იმით, რომ ერთ-ერთ ყველაზე უდისციპლინო და დაბალი ქულების მქონე სულეიმანს სკოლიდან რიცხავენ, რაც კლასელების უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა სემესტრის ბოლო დღეს მაინც მხიარულად და მეგობრულად თამაშობენ ფეხბურთს მასწავლებელთან ერთად, ამ საერთო მხიარულებას ვერ უერთდება შავკანიანი მოსწავლე გოგო, რომელიც ფრანსუას ნაღვლიანად ემშვიდობება სიტყვებით: - მე ვერაფერი ვისწავლე. კადრი ცარიელ საკლასო ოთახზე ჩერდება, სადაც სკამები უწესრიგოდ არის დაწყობილი და გარედან არდადეგების დაწყებით ბედნიერი მოსწავლეების ჟრიამულის ხმა შემოდის.

ვფიქრობ, ლორან კანტე არა იმდენად მულტიკულტურალიზმის შეუძლებლობაზე იღებს, რამდენდაც ამ საკითხის წინააღმდეგობრიობასა და კომპლექსურობაზე. ამიტომაც თავის კამერასთან ერთად ჩვენც შევყავართ “კედლებს შორის მოქცეულ” სივრცეში და ძალიან ახლოს მიდის ადამიანებთან, შესაბამისად - პრობლემებთან, რის გამოც ნიუანსები უფრო შესამჩნევი და მკაფიო ხდება. სინამდვილეში იქნებ სულაც არ არის საჭირო სკამები გეომეტრიულად სწორ ხაზებში იყოს ჩამწკრივებული? იქნებ კლასში ეს უწესრიგოდ მიტოვებული სკამებია სწორედ მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის აუცილებელი? ის, რასაც ცდილობს ბატონი ბახმანი მარია სპეტის დოკუმენტურ ფილმში “ბატონი ბახმანი და მისი კლასი” (2021).

ფილმი, რომელიც ასევე ეთნიკურად ჭრელი კლასის შიგნით ვითარდება, თავიდანვე გახსენებს ლორან კანტეს სურათს, თუმცა ამავე დროს მასთან ერთგვარ კონტრაპუნქტს ქმნის. სკოლა გერმანიის ერთ ინდუსტრიულ ქალაქში მდებარეობს, სადაც ემიგრანტების დიდი ნაკადია დასახლებული და პროგრამა სწორედ მათი შვილებისთვის გერმანულის სათანადოდ დაუფლებას გულისხმობს. ბატონი ბახმანი ერთგან ამბობს, სწავლების დროს მივხვდი, რომ მათკენ კი არ ვიყავი, არამედ მათ წინააღმდეგო და ამიტომ ცვლის მეთოდს - ის უბრალოდ ელაპარაკება მოსწავლეებს (სულ თორმეტნი არიან, ძალაუნებურად ჩნდება შორეული ალუზია 12 მოწაფე/მოციქულთან), მათთვის გასაგებ ენაზე, ელაპარაკება და უსმენს, მაშინაც კი, როდესაც ქსენოფობურ აზრებს გამთქვამენ. უსმენს და შემდეგ მოთმინებით უხსნის. საუბარი ხშირად შეეხება იმ საკითხს, თვლინ თუ არა მოსწავლეები გერმანელებად თავს. უმეტესობა პასუხობს, რომ ის არის თურქი, ბულგარელი, მოროკოელი, ყაზახი და ა.შ. ბახმანის საუბრების უმთავრესი მიზანი ის არის, მათ აგრძნობინოს, რომ ისინი არ არიან უცხოები და აქ არის მათი “შინ”.

რამდენად იძლევა იერარქიული, დომინანტური კულტურა სივრცეს მასში შემავალი მარგინალური, პერიფერიული კულტურებისთვის, რომ მათ იგრძნონ თავი “შინ”? ამ საკითხს აყენებს რუბენ ოსტლუნდიც მისთვის დამახასიათებელი (ზოგჯერ გამაღიზიანებელიც) პირდაპირობით ფილმში “თამაში” (2011), სადაც სკოლის კედლებიდან ქუჩაში გადავყავართ. ოსტლუნდისთვის ასევე ჩვეული ცივი, დისტანციური კადრებითა და აუღელვებლობით მივყვებით ბიჭების ისტორიას, რომელიც თავიდან სტერეოტიპებით გაჯერებული გვეჩვენება: შავკანიანი ბიჭები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში დაბორიალობენ, გამოიჭერენ სამ თეთრკანიან, ოდნავ უმცროს ბიჭს და მათთვის ტელეფონის გამოძალვას ცდილობენ. მაყურებელი ბრაზდება უხეშ, თავხედ და ცინიკურ ბიჭებზე, ბრაზდება მოქალაქეებზე, რომლებიც გულგრილად უყურებენ და უვლიან გვერდს მოძალადეებს, ცოტა არ იყოს, რეჟისორზეც ბრაზდება, რომელიც აცოცხლებს ყველანაირ წინასწარგანწყობას დაბალი კლასის არაბებსა თუ შავკანიანებზე, როგორც ქურდებსა და მოძალადეებზე, თუმცა თანდათან ეს ბიჭები სტერეოტიპებიდან ინდივიდულურ სახეს იძენენ,  ზოგი თავადაც ძალადობის მსხვერპლია, ზოგი - უფრო თანამგრძნობი, ერთი რამ კი აქვთ საერთო - ყველა ძალიან ცოცხალი და მხიარული ადამიანია, რომლებისთვისაც შესაძლოა ქუჩა იყოს ერთადერთი “შინ”, დროებითი ნათელი წერტილი, რადგან შინ დაბრუნებულებს მძიმე რეალობა ხვდებათ. ფინალურ ეპიზოდში ბრაზი კარდინალურად შემოტრიალდება და მიემართება “მდიდარ, თეთრკანიან, ჰეტეროსექსულ” მამებს - მამებს, რომლებიც შვილების დასაცავად ცემით უსწორდებიან პარკში თავის პატარა ძმასთან ერთად მყოფ ერთ-ერთ ბულერს.

მონოტონურად განვითარებულ მთავარ ისტორიაში პერიოდულად იჭრება მატარებლის ეპიზოდი, რომლის გამცილებელი ცდილობს ბავშვის მიტოვებული სარწეველის პატრონის მოძიებას. სარწეველა სრულიად უემოციოდ და მექანიკურად გამეორებულ განცხადებასთან ერთად რეფრენივით აღიქმება მიტოვებულ ბავშვებზე - სიღარიბეში, მთელი დღე ქუჩაში ხეტიალისთვის, ძალადობისთვის განწირულ ბავშვებზე.

სიმპტომტურია, რომ უკანასკნელი პერიოდის კინოში განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების თემა სულ უფრო მეტად წარმოჩნდება ბავშვისა და ქალის -როგორც ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე და მარგინალური ჯგუფის - პერსპექტივიდან. ეს უკნასკნელი კი სულ უფრო მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სოციალურ, რასობრივ თუ კოლონიალიზმის საკითხებთან. მარია მერსედეს ვასკეს  წიგნში “კლასის საკითხი თანამედროვე ლათინურ ამერიკულ კინოში” აღნიშნავს: “ცხადია, გენდერული და კლასობრივი უთანასწორობა არ არის სხვა პრობლემებისგან იზოლირებული. რასობრივი უთანასწორობა გადაჯაჭვულია ამ და დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული ჩაგვრის  სხვა ფორმებთან.” ლათინური ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა დღესაც უფრო ღარიბია, ვიდრე ევროპული წარმოშობის ლათინოამერიკელები. ამიტომ ეხები რა კლასს, იქვე აწყდები რასობრივ პრობლემას და პირიქით.

არც ის არის შემთხვევითი, რომ ბოლო წლების ლათინური კინოს რამდენიმე გამორჩეული ფილმი ერთი თემის გარშემო აიგება და ამ კომპლექსურ საკითხს მსახური ქალის პერსონაჟის საშუალებით წარმოაჩენს, რადგან მომსახურების სფერო ადგილობრივი ლათინოსების დასაქმების ძირითადი სფეროა. მექსიკელი ლილა ვილესის “სასტუმროს დამლაგებელში” (2018) სასტუმრო ერთგვარი ტრანზიტული სივრცეა, სადაც უამრავი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, მაგრამ არ გადაიკვეთებიან, უბრალოდ ჩაუვლიან ემოციის გარეშე. ევა, ისევე როგორც სხვა მომსახურე პერსონალი, მით უმეტეს შეუმჩნეველია. სასტუმროს სტუმრებს ის ძირითადად ლიფტში ხვდება - კიდევ უფრო დახშულ და დავიწროებულ სივრცეში, რის გამოც სოციალური გაუცხოება განსაკუთრებით ხილული ხდება. ლიფტში პერიოდულად სხვადასხვა ენაზე მოლაპრაკე მაღალი კლასის ადამიანები შედიან და გამოდიან, ისინი ლაღები და თავდაჯერებულები არიან, ვერც ამჩნევენ ევას, რომელიც თავდახრილი დგას და ფაქტობრივად, მათ ვერც ხედავს, მხოლოდ ესმის მისთვის გაუგებარი ენები. თითქოს ეს განსხვავება იშლება მდიდარ არგენტინელ ახალგაზრდა ქალთან, რომელიც ევას ჩვილის მოვლაში დახმარებას სთხოვს. არგენტინელი გულისხმიერი და უშულოა, ევას ბავშვის მიმართ გრძნობებიც უჩნდება, მაგრამ ოჯახი მოულოდნელად ისე ტოვებს სასტუმროს, არც კი ემშვიდობებიან.

ლილა ვილესი საინტერესო და შემაწუხებელ ხერხს ირჩევს, როდესაც მთელ ფილმს ევას რუტინულ რიტმზე და სასტუმროს ჩაკეტილ სივრცეში “ათავსებს”. ეს ევას შემოსაზღვრული საარსებო გარემოა. ფინალში პირველად გააღწევს კამერა გარეთ ევასთან ერთად, რომელიც მოულოდნელად მიანებებს თავს მუშაობას და სასტუმროს ტოვებს.

ბრაზილიელი ანა მუილაერტის “მეორე დედაში” (2015) მოსამსახურე ვალს ამ ნაბიჯის გადადგმაში ქალიშვილის წარმატება ეხმარება. შვილი, რომლის გამოც ვალი მუდმივად ბოდიშებს იხდის იმიტომ, რომ ის სახლის პატრონების თანასწორად მიიჩნევს თავს, უნივერსიტეტში უმაღლესი ქულებით ირიცხება. ვალი უეცრად გაიაზრებს, რომ ის, რაც აქამდე კანონზომიერად მიაჩნდა, მხოლოდ არასწორი წარმოდგენებია, რომ მასაც აქვს მდიდრული ვილის აუზში ჩასვლის თუ საკუთარი ცხოვრების უფლება. ქალბატონისთვის საჩუქრად ნაყიდი, თუმცა დაწუნებული ყავის სერვისიც თან მიაქვს და გულმოდგინედ აწყობს კონტრასტული ფერების კომბინციით შექმნილ ფინჯნებს ლამბაქზე: “შავი თეთრზე, თეთრი შავზე, ძალიან ლამაზია და თან ძალიან თანამედროვე”.

თანამედროვე სამყაროში, რომელიც კონტრასტების, განსხვავებული ფერების დიზაინზე იგება, განათლებასთან ერთად ხელოვნების ენა იქცევა ამ განსხვავებებისადმი შიშისა და აგრესიის დაძლევის იარაღად. როდესაც კლასში საუბარი შეუძლებელი ხდება ხოლმე, ბატონი ბახმანი იღებს თავის გიტარას და მოწაფეებთან ერთად უკრავს და მღერის. სამეჯლისო ცეკვებს იყენებს პიერ დულანი ებრაელი და პალესტინელი ბავშვების დასაახლოვებლად ჰილა მედალიას დოკუმენტურ ფილმში “ცეკვა ხაფაში” (2013). ცნობილი მოცეკვავე ცოტა არ იყოს ავანტურისტული იდეით ჩადის მშობლიურ ქალაქ ხაფაში, რომელიც ეთნიკური და რელიგიური შუღლით ორად არის გაყოფილი, სადაც საპირისპირო გამოსვლები ლოზუნგებით: “ხაფა ებრაელებს” და “ღმერთი დიდია, დიდება ალაჰს”, ლამის ყოველდღიურ “რიტუალად” ქცეულა; სადაც მკაცრი ისლამური წესების მიხედვით, ქალს კაცთან ცეკვა ეკრძალება, პატარა ებრაელი გოგო კი შიშნარევი აღტაცებით ამბობს: “მამამ რომ დამინახოს, პალესტინელ ბიჭთან ვცეკვავ, მომკლავს”. მაგრამ განსხვავებულის სიძულვილისა თუ სტერეოტიპების დაძლევის დულანისეული იდეა სწორედ ეს არის - იცეკვე ,,მტერთან“ ერთად.

ცეკვით ცდილობს იმ ჯოჯოხეთიდან და აბსურდული სიტუაციიდან თავის დაღწევას ჯონათან ფელდმანიც, რასაც ისრაელი-პალესტინის უდაბური საზღვარი წარმოდგენს, თუმცა ცეკვა არა პალესტინელ გოგოსთან, არამედ იარაღთან ერთად უწევს. სამუელ მაოსის “ფოქსტროტი” (2017) ებრაელებსა და პალესტინელებს შორის რელიგიურ-ეთნიკურ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტის სისასტიკეს, აბსურდულობასა და ცინიზმს ორ სხვადასხვა სიბრტყეზე აჩვენებს: 1. კამერულ, სადაც ატყობინებენ ოჯახს მათი ჯარისკაცი ვაჟიშვილის დაღუპვას და ამზადებენ დაკრძალვის ცერემონიალისთვის და 2. სასაზღვრო, სადაც ვაჟიშვილი სამ სხვა ჯარისკაცთან ერთად მორიგეობს. ამ უკანასკნელების საქმიანობა (თუ უსაქმურობა) დამღლელი და მოსაწყენია, რადგან დღე-ღამეში შეიძლება ერთმა მანქანამ (უფრო “სახალისო” დღეებში - აქლემმა) გადაკვეთოს საზღვარი, თუმცა უაღრესად დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგნ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მასში ტერორისტი აღმოჩნდეს. უსასრულო და მოსაწყენ ღამეებს “წმინდა წიგნისა და სისხლის” დასაცავად მდგარი ახალგაზრდა ჯარისკაცები 70-იან წლების პორნოგრაფიული ჟურნალის თვალიერებით ირთობენ, რომელიც ჯონათანს მამამ საგვარეულო თორის ნაცვლად მისცა. ეს უკანასკნელი, რომელიც მამამ საკონცენტრაციო ბანაკიდან გადარჩენილი დედისგან მემკვიდრეობით მიიღო, შავ ბაზარზე აქა-იქ გამოჩენილ უზარმაზარი ძუძუებით ილუსტრირებულ ჟურნალში გადაცვალა, რაც მამა-შვილის ყველაზე დიდ საიდუმლოდ დარჩა.

 

“...მტრის ხატად ჩამოყალიბდა არა იმდენად განსხვავებული, ვისგანაც პირდაპირი საფრთხე გვემუქრება, არამედ ის, რომელსაც ვინმე დაინტერესებული გვიხატავს საშიშად, თუნდაც მისგან პირდაპირი საფრთხე არც გვემუქრებოდეს და გვიხატავს იმგვარად, რომ მისი სახიფათოობა კი არ აქცევს განსხვავებულად, არამედ განსხვავებულობა ხდება მისი სახიფათოობის ნიშანი” - წერს უმბერტო ეკო ესეში “მტრის ხატის შექმნა” და მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი გამოიყენება ძალაუფლების განმტკიცების ყველაზე მომგებიანი და რადიკალური ფორმის - ომის საწარმოებლად. მტრის ხატის მეშვეობით გაწელილი და მოუგვარებელი კონფლიქტის აბსურდულობა დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ოფიციალურ, პათეტიკურ და  ცინიკურ ტექსტში განსაკუთრებით ცხადად იგრძნობა: ზუსტად გაწერილი გეგმა, რომელზე და რამდენ წუთს დაასვენებენ დროშაგადაფარებულ კუბოს დარბაზში, ცხადია, “ჰიმნით და რამე”; როდის წაიკითხვენ ლოცვას, ვინ წარმოთქვამს გამოსამშვიდებელ სიტყვას - “შეიძლება ლექსიც იყოს ან სასაცილო ისტორია ან მისი საყვარელი მუსიკა, კარგი სტერეოსისტემა გვაქვს”. “იქნებ “უდროოდ წავიდა” ჯობდეს, ვიდრე “ბრძოლაში დაეცა”? – “არა, ჯარისკაცები მხოლოდ ეცემიან ბრძოლაში” - გმირულად! მაშინაც კი, როდესაც სახლში დაბრუნებისას გზაზე მირაჟივით წამომართული აქლემისთვის გზის არიდებისას სატვირთო მანქანა ტრიალდება და ავტოავარიის შედეგად კვდება. და სანამ “იარაღთან მოცეკვავე” ჯარისკაცები გმირულად ეცემიან, პალესტინელებისა და ებრაელების ურთიერთობა ფოქსტროტის მოძრაობის მარტივ მონახაზზე ტრიალებს: “წინ, გვერდზე, 1, 2, გაჩერდი. უკან, გვერდზე, 1, 2, გაჩერდი”. საითაც უნდა წახვიდე, მაინც ერთ ადგილას უბრუნდები და ჩერდები.

ლორან კანტეს ფილმში ფრანსუა მოსწავლეებს ერთ-ერთ დავალებად ავტოპორტრეტის დაწერას აძლევს. ტრადიციულად, ბევრი მათგანი აპროტესტებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ძალიან პირადულია და ვერ ხვდებიან, რატომ უნდა მოყვნენ საკუთარ თავზე. - პორტრეტი იმისთვის არის, რომ გავიცნოთ, - პასუხობს მასწავლებელი. გაცნობის მერე კი გაცილებით ადვილია განსხვავებულში დაინახო არა სახიფათო, არამედ მრავალფეროვნების მთელი მომხიბვლელობა.

 

 

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხიმგებელია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.