იეჰოვას მოწმეები: უფლებების საგუშაგო კოშკი
ავტორი: გიორგი მელაძე
რელიგიური გაერთიანების ჩამოყალიბების მოკლე ისტორია
იეჰოვას მოწმეები ქრისტიანული საზოგადოებაა, რომელსაც, 2016 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 240 ქვეყანაში და ტერიტორიაზე 8 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს. მათგან 18 ათასამდე წევრი საქართველოშია. ორგანიზაციის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, თუმცა ორგანიზაციის წევრები საკუთარ თავს უწოდებენ არა ამერიკულ ორგანიზაციას, არამედ საერთაშორისო რელიგიურ ჯგუფს. სახელი „იეჰოვას მოწმეები“ ბიბლიურია. ბიბლიაში „იეჰოვა“ („იეღოვა“ არასწორი ფორმაა) ღვთის სახელია. იეჰოვას მოწმე „ღვთის შესახებ ჭეშმარიტების მაუწყებელს“ ნიშნავს.
იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის თანამედროვე ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება. ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფის წევრები პენსილვანიაში შეუდგნენ ბიბლიის კვლევას. კვლევის მიზანი ეკლესიების მიერ დადგენილი დოგმების გააზრება და ბიბლიის ტექსტთან შედარება იყო. ამ ჯგუფის წევრი იყო ჩარლზ რასელიც, რომლის ნაშრომებმაც პირველად გააერთიანა თანამოაზრეები. არსებობს რუსული მიმართულების მოძღვრებაც, რომელიც კაპიტანმა ნ.ს. ილინმა დააარსა. მსოფლიო მასშტაბით, დღეისთვის ამერიკული მიმართულებაა გავრცელებული.
იეჰოვას მოწმეები თავიანთი სარწმუნოებისა და რელიგიური ცხოვრების ერთადერთ საფუძვლად ბიბლიას ასახელებენ. მოძღვრების სახასიათო ნიშანი, რითაც იეჰოვას მოწმეები სხვა ქრისტიანული ჯგუფებისგან გამოირჩევიან, წმინდა სამების დოგმატის უარყოფაა. ისინი აღიარებენ ძე ღმერთს და სულიწმინდას, თუმცა მამა ღმერთის თანაარსად არ მიიჩნევენ. იეჰოვას მოწმეთა აზრით, ადამიანის სული თავად ადამიანია, შესაბამისად, სულის უკვდავებას არ ცნობენ. მათი განმარტებით, საყოველთაო აღდგომის დროს, სასუფეველში მხოლოდ მართალი ადამიანები შევლენ.
იეჰოვას მოწმეები პაციფისტები არიან და ისინი ომში, პოლიტიკურ ბრძოლებსა და კონფლიქტებში არ მონაწილეობენ.
საქართველოში იეჰოვას მოწმეთა მოძღვრების გავრცელება 20-იან წლებში დაიწყო ლიბანში შექმნილმა ორგანიზაციამ. მოგვიანებით, ჯგუფის პირველი წევრები გახდნენ გადასახლებებისა და სამხედრო ტყვეობების დროს ცოდნასთან ნაზიარები მორწმუნეები. მათი რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა, რადგან საბჭოთა რეპრესიები არ იძლეოდა ღიად ქადაგების შესაძლებლობას. 1990 წლისთვის მორწმუნეთა რაოდენობა 900-ს აღწევდა.
90-იანი წლების საქართველოს ისტორიაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას. ეს ჯგუფი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან შევიწროვების მთავარ სამიზნედ იქცა. 1997-2002 წლებში რელიგიურ უმცირესობებზე 800-მდე თავდასხმის ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის იყო შეკრებების დარბევა, ლიტერატურის განადგურება, ცემა, წამება, შეურაცხყოფა და საჯაროდ დამცირება. იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი ამ აგრესიის მთავარი მსხვერპლი იყო.
იეჰოვას მოწმეების დევნა 1990-2000-იან წლებში
იეჰოვას მოწმეთა გაერთიანება ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია აღმოჩნდა საქართველოში, რომლის რეგისტრაციაც გააუქმა სახელმწიფომ. 1998 წლის 17 აპრილს რეგისტრაცია გაიარა „იეჰოვას მოწმეთა კავშირმა“. 1998 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა მეორე იურიდიული პირი „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი საქართველოში“. ამ დროისათვის, საქართველოში უკვე არსებობდა 11 იურიდიული პირი, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიერ იყო დაფუძნებული. ამის მიუხედავად, სწორედ იეჰოვას მოწმეები იქცნენ რადიკალი პოლიტიკოსების სამიზნედ. მაგალითად, პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა მოღვაწემ, გურამ შარაძემ საჯარო შეკრებებით, ძალადობრივი მოწოდებებითა და სასამართლო დავების გზით დაიწყო ჯგუფის წევრების წინააღმდეგ ბრძოლა. 1998 წელს მანვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში - ორგანიზაციისთვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. 2001 წელს უზენაესმა სასამართლომ უკვე საბოლოოდ გაუუქმა ორგანიზაციას რეგისტრაცია. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯგუფის წევრების უფლებების მკვეთრად შეზღუდვაში. რეგისტრაციის აღდგენა ორგანიზაციამ მხოლოდ 2003 წელს შეძლო, 2014 წელს კი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა.
პოლიტიკური ფონის რადიკალიზაციის ერთი გამოხატულება იყო განკვეთილი მართლმადიდებელი სასულიერო პირის, ბასილ მკალავიშვილის დაჯგუფების შექმნა, რომელმაც სახელი გაითქვა რელიგიური უმცირესობების დევნითა და იეჰოვას მოწმეთა შეკრებების დარბევით. რადიკალებს მოქმედების თავისუფლება სახელმწიფოსგან ჰქონდათ მინიჭებული. სახელმწიფო თვალს ხუჭავდა დარბევის ფაქტებზე, არ ატარებდა გამოძიებას. სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ მიმართული არაერთი სასტიკი დანაშაული იქნა ჩადენილი, რის საფუძველზეც ორგანიზაციის წევრებმა სარჩელით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
იეჰოვას მოწმეთა ბრძოლა უფლებებისთვის
ევროპული სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეთა საქმეებზე ოთხი გადაწყვეტილებაა მიღებული; მოკლედ აღვწერთ მათ შინაარსს:
„იეჰოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის წევრები“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: 2001 წლის 29 ივნისს იეჰოვას მოწმეებმა განაცხადი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. 2007 წლის 3 მაისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო, მომჩივანთა უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. 1999 წლის 17 ოქტომბერს, გლდანის რაიონში, ორგანიზაციის დაახლოებით 120 წევრი რელიგიურ შეხვედრას ატარებდა, როცა მათ თავს დაესხა განკვეთილი მართლმადიდებელი მღვდლის ხელმძღვანელობით მოქმედი ბრბო. თავდასხმის ფაქტი გადაიღეს სატელევიზიო არხებმა და არსებობდა არაერთი კადრი, სადაც კარგად ჩანდნენ თავდამსხმელები. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა არავითარი რეაგირება არ მოახდინეს საქმეზე. როგორც მომჩივნის წარმომადგენელი აღნიშნავდა, სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობამ რელიგიური ექსტრემიზმი წაახალისა და სხვა თავდასხმების მაპროვოცირებელი გახადა.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ:
„111. . . . საქმე შეიცავს საკმარის მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნების მიერ სხვადასხვა გზით, საკმაოდ სწრაფად (§14 in fine და §28) გაფრთხილებულმა პოლიციელებმა უარი თქვეს საქმეში დაუყოვნებელ ჩარევაზე, რათა აღეკვეთათ ძალადობა და დაეცვათ მსხვერპლი. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას მთავრობა ვერ უპირისპირებს სათანადო არგუმენტს . . .
. . . 119. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა, ფლობდნენ რა მნიშვნელოვან და საკმარის სამხილებს იმისათვის, რათა აღესრულებინათ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობა, გამოიჩინეს აშკარა დაუდევრობა სავარაუდო დამნაშავეთა დადგენის საქმეში“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ საქმეში საქართველოს დაუდგინდა რელიგიის თავისუფლების დარღვევა 96 მომჩივნის მიმართ. „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: კოლექტიური სარჩელი სასამართლოში შევიდა 2002 წელს და სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2014 წლის 7 ოქტომბერს. სარჩელში აღწერილია რამდენიმე თავდასხმის ფაქტი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2000 წლის 8 სექტემბრის შეკრების ჩაშლას, რომელსაც 700-მდე წევრი ესწრებოდა.
სულ სარჩელში თავმოყრილია რელიგიურ ფონზე ჩადენილი ძალადობის ოთხი შემთხვევა, რომლებშიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები და ხელისუფლების ორგანოების სხვა წარმომადგენლები; ასევე, კიდევ ოთხი სხვა შემთხვევა, სადაც მათი არაპირდაპირი მონაწილეობის ფაქტი დასტურდება. სულ ძალადობის 30-მდე ფაქტია აღწერილი და მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა ყველა საქმეზე საგამოძიებო ორგანოებში იჩივლეს, სასამართლოებმა საჩივრების განხილვაზე უარი განაცხადეს. ადეკვატური რეაგირების გარეშე დატოვა საჩივრები გენერალურმა პროკურატურამაც. სამ საქმეზე მომჩივნებმა საჩივრები პირდაპირ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანეს, სასამართლომ კი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უთითებს, რომ:„137. აღნიშნულ სიტუაციაში ევროსასამართლოსთვის განსაკუთრებით გამაოგნებელია ის გარემოება, რომ შესაბამისი ადგილობრივი ორგანოები და მთავრობის წარმომადგენლები სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებებში განაგრძობდნენ იმის მტკიცებას, რომ ზოგიერთი გამოძიების ჩატარება ვერ მოხერხდა, სავარაუდო დამნაშავე პირების დადგენის შეუძლებლობის გამო - იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მათგანი მკაფიოდ იყო დასახელებული მომჩივნების განცხადებებში და მათი ამოცნობა საკმაოდ იოლად შეიძლებოდა არსებული ვიდეოჩანაწერებიდან თუ ფოტოსურათებიდან. . .144. დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიებებში არსებული ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები და ხარვეზები საკმარისია, რათა ევროსასამართლომ დაასკვნას, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოები სისტემატურად ამბობდნენ უარს იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტების ადეკვატურად და ეფექტიანად გამოძიებაზე.“
სარჩელს ხელს აწერდა 99 მომჩივანი; ეს დავა სასამართლომ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს იეჰოვას მოწმეებისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა. „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: 2000-2001 წლებში მომხდარ 3 შემთხვევაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2004 წელს შევიდა. განმცხადებლები კვლავაც რელიგიური მოტივით ჩადენილი ძალადობის დანაშაულებრივ ფაქტებზე მიუთითებდნენ, რა დროსაც ადგილობრივი სამართალდამცავები და სასამართლოები მათ დევნას უმოქმედობით პასუხობდნენ. საქართველოს სასამართლოებმა არაერთხელ მიიჩნიეს თავდასხმის მსხვერპლთა მიერ დაწერილი საჩივრები დაუსაბუთებლად და განუხილველად დატოვეს გადაგზავნილი საქმეები. აშკარა უმოქმედობა გამოიჩინა პოლიციამაც, რომელიც დაუფარავად ეხმარებოდა მოძალადეებს, აძლევდა მათ უსაფრთხო კორიდორს სამლოცველო ადგილამდე მისასვლელად და არ ერეოდა თავდასხმების მიმდინარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ წინასწარ ჰქონდა მიღებული გაფრთხილება. 2017 წლის 17 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცარციძის საქმეზე მომჩივანთა მოთხოვნები დააკმაყოფილა და სახელმწიფოს, გამოჩენილი გულგრილობისა და უმოქმედობისთვის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.„გაბუნია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მთავრობამ აღიარა ათი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. საქმეზე „გაბუნია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ აღიარა, რომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი, 14 მუხლთან ერთობლიობაში.2005 წლის სექტემბერში ათმა იეჰოვას მოწმემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ ოთხი თავდასხმის შესახებ, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე მართლმადიდებელი ექსტრემისტების მიერ წაქეზებულმა ბრბომ განახორციელა. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილი ეს ძალადობრივი ქმედებები იმ რელიგიური დევნის ნაწილი იყო, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით 1999 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ნოემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. სამართალდამცავები ან თავად მონაწილეობდნენ ამ თავდასხმებში, ან არანაირ ზომებს არ იღებდნენ დაზარალებული იეჰოვას მოწმეების დასაცავად.
იეჰოვას მოწმეთა წვლილი ადამიანის უფლებების დაცვაში
აშკარაა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაცრი გზავნილი გაუგზავნა როგორც საქართველოს, ისე სხვა წევრ სახელმწიფოებს, სადაც რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. სასამართლოს პოზიცია ყველა საქმეში ნათლად ჩანს და ყველა გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულია მკაფიო მოთხოვნა - სამართალდამცავმა სისტემამ აღასრულოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამ წესიდან ნებისმიერი გადახვევა ჩაითვლება დარღვევად და სახელმწიფოს პასუხი აუცილებლად მოეთხოვება.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, 6-ჯერ გაიზარდა იეჰოვას მოწმეთა უფლებების სხვადასხვა ფორმით დარღვევის რაოდენობა (59), 2014 წელს კი 9-ჯერ (85). 2015-2016 წლებში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების რაოდენობამ შედარებით იკლო, თუმცა მათი რიცხვი კვლავ მაღალია (ჯამში 76). ეს ქმედებები მოიცავს ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას, ქონების დაზიანებას და სხვ. კვლავაც ბევრი საქმეა რეაგირების გარეშე დატოვებული.
საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის არსებობის ეს მცირე ისტორია შეიძლება ზედმეტად დაიტვირთა მძიმე ფაქტებით, მაგრამ სამწუხარო რეალობას ვერ გავექცევით. რელიგიური გაერთიანების წევრები დღესაც ხშირად ხდებიან რელიგიური სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების მსხვერპლნი.
იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია დეტალურად აღწერს თითოეულ ინციდენტს, ადგენს სტატისტიკას და საკითხების სამართლებრივი გზებით მოგვარებას ცდილობს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
გარდა ამისა, საზოგადოებაში ხშირია არასწორი წარმოდგენები იეჰოვას მოწმეთა ცხოვრების წესსა და სხვებისადმი დამოკიდებულებაზე. რელიგიური გაერთიანება ინკლუზიურია და თავის რიგებში იღებს ყველა ეთნოსის წარმომადგენელს. მათ აქვთ სხვადასხვა ენაზე შედგენილი რელიგიური ლიტერატურა (მათ შორის, მეგრულად, სვანურად, ჟესტების ენაზე) რაც სწავლების შინაარსის აღქმას აადვილებს.
ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ იეჰოვას მოწმეების მიერ რწმენის გავრცელების ფორმასთან დაკავშირებით, როდესაც მორწმუნეები დადიან კარდაკარ, ან სტენდებთან დგანან და სხვებს სთავაზობენ რელიგიურ ლიტერატურას. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულ სტუდენტებს ამ არგუმენტის გასაბათილებლად ასეთი მაგალითი მოჰყავთ: „წმინდა ნინოც ფეხით დადიოდა და ავრცელებდა თავის რწმენას.“ რელიგიური გადმოცემის თანახმად, ქრისტე და მისი მოწაფეებიც სწორედ ასე ავრცელებდნენ ხალხში ქრისტიანულ მოძღვრებას. რელიგიის თავისუფლება, ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, მოიაზრებს რწმენის როგორც შინაგან, ასევე გარეგან გამოხატვას. საჯარო ლოცვა, საკულტო ნაგებობების აშენება, ლიტერატურის გავრცელება და ქადაგება ამ უფლების შემადგენელი ნაწილია.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეთა უფლებების დაცულობის ხარისხი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც კარგ წარმოდგენას გვიქმნის ზოგადად უფლებების დაცვის მდგომარეობაზე საქართველოში. ორგანიზაციის წევრებმა მძიმე ადამიანური ტრაგედიის ფასად გაუძლეს გამოცდას და შეინარჩუნეს შესაშური თანმიმდევრულობა თავიანთ საქმიანობაში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის ჩამოყალიბებაში.
სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.