
ავტორი: მარიამ სამუშია
სანამ გაზაფხულის ავდრიანობებს ვდარდობთ; ქალაქში საუკეთესო პასკის მცხობელთა ძიების ფერხულში ვებმებით; სოფლად გასვლისა თუ ურბანული იდენტობის განმტკიცების გეგმებს ვსახავთ და სხვა უამრავ, ნაცნობ და საყვარელ ჩვეულებას ვიმეორებთ, როგორც წესია - არის თბილისში ადგილიც, სადაც ამ დროს ახალი წელი დგება. ეზიდთა ტაძარია ასეთი, ვარკეთილში. აქ ეზიდური რელიგიური კალენდრის მიხედვით აღინიშნება აიდა სარსალე - ახალი წლის დღესასწაული. ამ მონოთეისტური რელიგიის მიმდევართა რწმენით, ყოველი წლის აპრილის თვეში ღმერთის ერთ-ერთი ჰიპოსტასი, მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი ზეციდან ეშვება და მიწას აკურთხებს. ამ მიზეზით ცოცხლდება დედამიწა - იწყება ყვავილობა, ბუნება მრავალ ფერს იძენს და ამასთან ერთად, ადამიანის სულიც აღორძინდება.
ეზიდები საახალწლოდ მინდვრის ყვავილებით რთავენ თავიანთ სახლებს, ღებავენ კვერცხებს - როგორც სიცოცხლის დასაბამის სიმბოლოს და აღმოსავლური კალენდრის აპრილის პირველ, წმინდა ოთხშაბათს პატრუქით ხელში ტაძრის ეზოში იკრიბებიან.
ახალი წლის შეხვედრის ეზიდური ტრადიცია მესოპოტამიის კულტურიდან იღებს სათავეს და დღემდე შენახულ რიტუალებს შორის ერთ-ერთი უძველესია.
რამდენიმე ფოტო აიდა სარსალეს რიტუალიდან, ქადაგებიდან და მილოცვებიდან: