ლია დეკანაძე, 18 წლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
დაბა ხულოში, მუსლიმების ოჯახში დავიბადე. დედა და მამა ლიბერალურები არიან, რელიგიური რიტუალების შესრულება არასდროს დაუძალებიათ. მე-7 კლასიდან, უკვე გააზრებულად გახდა ისლამი ჩემი რელიგია.
სკოლაში სწავლისას, როგორც მუსლიმი, უმრავლესობაში ვიყავი და არ მიგრძვნია რომ სხვა მოსწავლეებისგან განვსხვავდებოდი. პირველად ეს განცდა ერთ-ერთ ბანაკში დამეუფლა. როცა გაიგეს რომ მორწმუნე ვარ, ბავშვებმა მკითხეს _ „ხშირად დადიხარ ეკლესიაში?“ როცა ვთქვი, რომ მუსლიმური ლოცვები ვიგულისხმე, უმრავლესობა გაკვირვებული იყო. ხშირად იგრძნობოდა „თქვენ“-„ჩვენ“ წარმოსახვითი დაყოფა. მაგალითად, „თქვენ მღერით საჯაროდ?“_ ეს ძალიან გულუბრყვილო და გულწრფელი შეკითხვები იყო, რაზეც მე არ ვბრაზობდი, რადგან იმ ბავშვებმაც, სავარაუდოდ, პირველად გაიცნეს მუსლიმი.
მოგვიანებით, უფროსკლასელი შევეჯახე სტერეოტიპს, რომ ყველა ქართველი მართლმადიდებელი უნდა იყოს. მასწავლებლებისგან ხშირად მსმენია: „არ მესმის როგორ შეიძლება ქართველმა თავს მუსლიმი უწოდოს“. ამის გამო, არაერთხელ მიგრძვნია თავი უხერხულად და დამცირებულად. ამ პერიოდს დაემთხვა ტერორისტული აქტებიც მთელ მსოფლიოში და მე მიწევდა მემტკიცებინა, რომ ყველა მუსლიმი ტერორისტი არ არის.
მამაჩემი, უკვე წლებია, თავის ქვეყანას ემსახურება. იგი სამართალდამცავია და ჩემთვის ყველაზე სამაგალითო ქართველი. დედა, რომელიც სკოლიდან დაბრუნებულს მშვიდად მესაუბრებოდა და მიხსნიდა, რამდენად დიდი აბსურდია რელიგიური და ეროვნული იდენტობის გაიგივება, მე და ჩემს და-ძმას ქვეყნის სიყვარულს გვასწავლიდა და ეს დღემდე ასეა.
კიდევ ცალკე ამბავია ჩემი დაბა ხულოდან შუაგულ ამერიკაში აღმოჩენა. ერთი წელი ვსწავლობდი გაცვლითი პროგრამით. ეს ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო. ვცხოვრობდი პროტესტანტების ოჯახში. ამ ოჯახმა ჩასვლამდე ჩემთვის სალოცავი კუთხე მოაწყო. მათი სითბო ყოველთვის ამაღელვებლად მახსენდება. მეც ვეცნობოდი მათ რელიგიას და დავყვებოდი ეკლესიაში. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობას არა რელიგია, არამედ ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა განსაზღვრავს.
ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ჯერჯერობით ჩემი რელიგიური კუთვნილების გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი არ გავმხდარვარ, მაგრამ გვისაუბრია რელიგიურ უმცირესობათა უფლებებზე და მგონი, რთულია პრობლემების დანახვა, როდესაც თავად უმრავლესობაში ხარ.
თუმცა, მე მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი, ჩემს ირგვლივ უამრავი კეთილი ადამიანია და ჩვენ ბევრად მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს.
ინტერვიუ: ირმა დიმიტრაძე
ფოტო: ბესო გვენეტაძე