
ავტორი: ნინო ბაიდაური
ფოტოამბავი გვიყვება საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სოციალური მსახურების, ისტორიის, ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა და მემკვიდრეობის შესახებ.
გაიცანით ადამიანები, რომლებიც დღეს ამ ისტორიას ინახავენ და აგრძელებენ.
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ქართული ისტორია
ქვემო ქართლში, თეთრიწყაროდან რომ დაეშვებით, ერთ-ერთ ისტორიულ სოფელში თქვენს ყურადღებას ქართული დასახლებისთვის უჩვეულო სახელწოდება, „ელიზაბეტთალი“ მიიპყრობს.
ხოლო გზას მეორე მხრიდან, ანუ ქვემოდან თუ დაადგებით, უჩვეულოდ არაფერი მოგეჩვენებათ - ეს სოფელი ასურეთია.
ასურეთია თუ ელიზაბეტთალი, რთული სათქმელია - დამოკიდებულია, საიდან შეხედავ.
და მაინც, „რა საჭიროა ორი სათაური?!“
1817-1818 წლებში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მოწვევით კავკასიაში ბადენ-ვიურტემბერგიდან ასეულობით გერმანული ოჯახი ჩამოსახლდა. გერმანელებს მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური ფაქტორები აიძულებდა სამშობლოს დატოვებას, მეფის რუსეთს კი, თავისი ეკონომიკური მიზნებისა და გათვლებისთვის, შრომისმოყვარეობითა და სხვადასხვა ცოდნით გამორჩეული გერმანელების დასახლება აწყობდა თავის პროვინციებში.
დიდი ხნით ადრე მიტოვებული და გავერანებული ასურეთის ნამოსახლარი იქცა ერთ-ერთ პირველ გერმანულ დასახლებად საქართველოში - ელიზაბეტთალად (ალექსანდრე I-ის მეუღლის, ბადენის პრინცესა ლუისას, გათხოვებისა და მართლმადიდებლობის მიღების შემდგომ კი - ელიზაბეტა ალექსეევნას პატივსაცემად).
გრძელმა და მტანჯველმა გზამ მრავალი შვაბი კავკასიაში ჩამოსვლამდე შეიწირა. აქ ჩამოსულებიდან უმეტესობა დასუსტებული და დასნეულებული იყო და ბევრი აღარაფერი ებადა. თუმცა დაუზარელი შრომისა და ცოდნის წყალობით, შვაბები მალე დადგნენ ფეხზე და სხვა დასახლებებთან ერთად, ასურეთიც მალევე იქცა არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით მდიდარ სოფლად, არამედ კულტურულ ცენტრადაც.
ასურეთში შემორჩენილი ტრადიციული გერმანული სახლებიდან ერთ-ერთი
აქვე 1871 წელს აშენდა მაცხოვრის სახელობის ერთ-ერთი ძველი ლუთერული ტაძარი, რომელიც სხვა ტაძრების, ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობისა და სალოცავების მსგავსად, საბჭოთა კავშირისეულ ძალადობრივ და აგრესიულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ვერ გადაურჩა. ტრადიციული ნეო-გოთიკური კირხე ჯერ სოფლის კლუბად იქცა. მოგვიანებით მას სამრეკლო და კამარა მოხსნეს და კიდევ უფრო მოგვიანებით, კულტურის სახლად გადააკეთეს.
2018 წლის ივლისის მდგომარეობით ასურეთის ისტორიული ლუთერული კირხე ასე გამოიყურება.
ეს ის კირხეა - იშვიათი შემორჩენილი ეკლესიათაგანი, რომელიც საკუთარ თავს თან ჰგავს, თან აღარ. თან ითავსებს დანიშნულებას და თან ვერა. ეკლესიის ცენტრალურ კარს მიღმა, რომელიც მოულოდნელად ღია აღმოჩნდა, სახელდახელოდ შეთეთრებულ პატარა ნიშაში სამლოცველო დამხვდა, ოღონდ მართლმადიდებლური.
მართლმადიდებლური სამლოცველო ასურეთის ტაძარში
- ვიცი, რომ ძველად აქ მცხოვრები გერმანელების შთამომავლებიდანაც გერმანელების შევიწროება კავკასიაში ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. 1918 წლიდან 1921 წლამდე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გერმანელებს ყოფა შეუმსუბუქდათ. თუმცა ეს სულის მოთქმა პირველი ქართული რესპუბლიკასავით ხანმოკლე აღმოჩნდა. საბჭოთა რეჟიმის დამყარებისთანავე განახლდა მათი დევნა. დაიწყო მასობრივი რეპრესიები, გადასახლება, დახვრეტა, რაც ათეულ ათასობით გერმანელს შეეხო და რასაც ქალების მხოლოდ ის ნაწილი გადაურჩა, ვისაც ქართველებთან (და საბჭოთა ქვეყნების სხვა ეთნოსებთან) შერეული ოჯახები ჰქონდათ.
ივლისის ერთ ცხელ დღეს ეკლესიასთან ახლოს, შვაბების ქუჩაზე, გარეთ მდგომ რამდენიმე ხნიერ მამაკაცს ვუახლოვდები.
თითქმის აღარავინაა შემორჩენილი, მაგრამ ხომ არ გეგულებათ ერთი ოჯახი მაინც, იმ ხალხთან ნათესაური კავშირი რომ ჰქონდეს-მეთქი?
ასე მივაგენი ნათელას, ომში უგზოუკვლოდ დაკარგული ქართველი მართლმადიდებლის, მიხეილ აზარიაშვილისა და გერმანელი ლუთერანის, ფრიდა შმიდტის ტყუპისცალ ქალიშვილს.
ნათელა აზარიაშვილი
ნათელა მიყვება, რომ რაც გადმოცემით იცის და რაც თავადაც ახსოვს, ქართველებსა და გერმანელებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, პატივისცემა და თანამშრომლობა აკავშირებდათ. ამას თავის მხრივ ისტორიული წყაროებიც ადასტურებს და ის დიდი საერთო ქართულ-გერმანული მემკვიდრეობა და გავლენაც -სოფლის მეურნეობიდან არქიტექტურამდე.
ნათელას სახლთან ახლოს ძველი გერმანული სასაფლაოა, რომელიც 1818 წელს დაარსდა და არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ აღადგინა. მისტიკური აურა, ჭიშკარს მიღმა რომ გხვდებათ, თავს რომელიმე ისეთი ფილმის გმირად გაგრძნობინებთ, წარსულ დროში მოგზაურობას რომ ეხება.
ასურეთის ძველი გერმანული სასაფლაო
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სოციალური მსახურება
1999 წელს, ახლადდაარსებული საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის, თეოლოგიის პროფესორის, დოქტორ გერტ ჰუმელის მეუღლე ქრისტიანე სათავეში ჩაუდგა სამრევლო-დიაკონურ საზოგადოებას, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა და დღემდე სხვადასხვა სოციალურ მსახურებას წარმართავს: მოხუცებულთა თავშესაფარი, ორი უფასო სასადილო, მშრალი პროდუქტის სახით ყოველთვიური დახმარება 200 ადამიანისთვის, შინმოვლის პროგრამა, რომელიც მარტოხელა მოხუცებსა და/ან ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე ადამიანებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე ემსახურება. ამ სერვისებში მომუშავე ადამიანები არც მხოლოდ ეთნიკური გერმანელები არიან და არც მხოლოდ ლუთერანები. ადამიანები, ვისაც საზოგადოება დახმარების ხელს უწვდის სხვადასხვა რწმენისა და ეთნოსის წარმომადგენლები არიან.
მოხუცებულთა თავშესაფარმა თავდაპირველად რვა გერმანული წარმოშობის მოხუცებული შეიფარა, ვისაც თითქმის აღარავინ დარჩენოდა. დღეს თავშესაფარში თერთმეტი ადგილია და თერთმეტი მოხუცებული ცხოვრობს. თუმცა მოთხოვნა ბევრად მეტია. მათგან მხოლოდ ხუთია გერმანული წარმოშობის. თავშესაფარსა და სასადილოებში 15 ადამიანი მუშაობს, ექიმები, ექთნები, მზარეულები, მომვლელები. თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცთაგან ერთ-ერთი ოტო კიბლერია.
ოტო ლუთერანი გერმანელი მამისა და კათოლიკე პოლონელი დედის შვილია. მამა ინჟინერი ჰყავდა, აღიარებული და დაფასებული პროფესიონალი, ოღონდ 1941 წლის რეპრესიებამდე. მამის გადასახლების განკარგულება რომ მოვიდა, ოტოს დედამ არჩია რამდენიმე თვის ოტოსთან და მის უფროს ძმასთან ერთად ქმარს ყაზახეთშიც გაჰყოლოდა. ოჯახმა მხოლოდ 1960 წელს შეძლო დაბრუნება საქართველოში. ოტო გეოლოგი გახდა და მრავალი წლის მანძილზე პროფესიით არაერთ საპასუხისმგებლო პროექტზე მუშაობდა. მეუღლე რუსი ჰყავდა. რუსეთთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, მისმა მეუღლემ რუსეთში წასვლა არჩია. ოტომ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ რუსეთში მისი ადგილი არ იყო და საქართველოდან წასვლას მეუღლესთან განშორება არჩია. ფეხზე მიღებული ტრავმის, გაუთავებელი ოპერაციებისა და ტკივილების შემდეგ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მოხუცებულთა თავშესაფარში, როგორც ხაზგასმით აღნიშნავს, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს. ჩემს მისვლამდე წვერის გაპარსვა ვერ მოასწრო და ფოტოს გადაღებას უარობს, მაგრამ დაბეჯითებით ვუმტკიცებ, რომ წვერი დღეს მოდური ატრიბუტია და ისიც მთანხმდება.
ოტო კიბლერი
ირმა ვეისის გაცნობას განსაკუთრებულად ველი. მის შესახებ შეხვედრამდეც დაუჯერებლად ბევრი და საინტერესო ამბავი მოვისმინე. ირმას ყველასთან შეხვედრა და გულის გადაშლა არ უყვარს და მისი ნდობის მოპოვება სერიოზული ამოცანაა. თუმცა ერთმანეთს პირველივე წუთებიდან გავუგეთ. წინაპრების, რეპრესირებული ოჯახის თუ საკუთარი ცხოვრების, მიღწევების, ტრაგედიების შესახებ მოსაყოლი იმდენი აქვს, მისი მოსმენა საათობით შეიძლება და არათუ მცირე მონაკვეთს ამ ფოტო-ისტორიაში, მონოგრაფიასაც იმსახურებს.
ირმა და მისი წინაპრები მამის, ფლორენტინ ვეისის მხრიდან ვეისების დინასტიად იხსენიებიან. ისინი იდგნენ საქართველოში გეოფიზიკისა და ასტროფიზიკის განვითარების, საქართველოში (და კავკასიის რეგიონში პირველი) სატელეგრაფო ხაზების გაყვანის სათავეებთან. ირმა, თავადაც გეოფიზიკოსი, ამ დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელია. დედა მხატვარი, პედაგოგი, პლასტიკური ანატომიის სპეციალისტი ნინო ზაალიშვილი ასევე ცნობილი პედაგოგის, სწავლულის, სხვადასხვა სფეროს სახელმძღვანელოების ავტორის მიხეილ ზაალიშვილის ქალიშვილი იყო. ირმას ოჯახის რეაბილიტაცია მხოლოდ 1990-იანებში მოხდა, როდესაც სახელმწიფომ ოფიციალურად აღიარა, რომ ისინი უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ.
ირმა ვეისი
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის უფასო სასადილო 100 ადამიანს ემსახურება. აქ რაციონის შედგენას დიდი ყურადღებით ეკიდებიან. სპეციალისტების მიერ დაბალანსებული კვების პრინციპების დაცვით შედგენილი მენიუ გემრიელ კერძებს სთავაზობს ბენეფიციარებს.
შინმოვლის პროგრამა ეხმარება 80-მდე დავრდომილ ადამიანს, ვისაც დამოუკიდებლად თავის მოვლის შესაძლებლობა არ აქვს, არც დამხმარე ჰყავს, ან ოჯახისა და ნათესავებისგან მიტოვებულია. თავიდან პროგრამას ეკლესია თავისი ინიციატივით ახორციელებდა. დღეს ის უკვე შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის ნაწილია და მერიის თანადაფინანსებით (30%) წარიმართება. ექთნების სამუშაო დღე დილის 8 საათიდან იწყება. ისინი საღამომდე მთელი ქალაქის მასშტაბით პაციენტიდან პაციენტთან შეუსვენებლად დადიან. მათი გადაადგილების საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ხშირად პაციენტთან მოსახვედრად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ.
შინმოვლის პროგრამის ექთანი, ადა
პროგრამის ფინანსური შესაძლებლობები საკმაოდ მცირეა, მაგრამ პრიორიტეტი შეძლებისდაგვარად მეტი ადამიანის დახმარებაა. ექთნების ანაზღაურება ისედაც დაბალია და მითუმეტეს დაბალია მათი სამუშაოს სიმძიმის და ინტენსივობის გათვალისწინებით. საკუთარ თავზე საუბარი არ უყვართ, არც წუწუნი. მოტივაციის შესახებ თუ ჩაეძიებით, მშრალად და ღიმილით გიპასუხებენ - „აბა სხვანაირად როგორ, ამ ადამიანებს ვჭირდებით“.
Ada visiting a patient at the latter’s hardly-to-be-called flat. The patient’s name is Seda. A large segment of beneficiaries live in extreme poverty and unbearable conditions.
ადა ერთ-ერთი პაციენტის, სედას საცხოვრებელში, რომელსაც სახლს ნამდვილად ვერ დაარქმევ.ბენეფიციარების დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებასა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სედა ჯანმრთელობის სულ მცირე გაუმჯობესებასაც კი, მაგალითად დაწეულ წნევას, დიდი ენთუზიაზმით ხვდება
თითოეულ პაციენტთან კვირის მანძილზე ორჯერ, სამჯერ და თუ საჭიროება მოითხოვს, მეტჯერაც მიდიან. იმის ხარჯზე, რომ მძიმე სამუშაო დღეს კიდევ უფრო გაიხანგრძლივებენ. მაგალითად, იმიტომ, რომ პაციენტი ცოტა შეციებულია და გრაფიკით გაწერილი ვიზიტისას ვერ აბანავებენ, მდგომარეობა რომ არ გაურთულდეს.
სანამ მომდევნო პაციენტთან გაიქცევიან, ექთნებს დაახლოებით ერთი საათი აქვთ. ამ ერთი საათის მანძილზე ციბრუტებივით ტრიალებენ. საჭიროებისამებრ, პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ პაციენტებს, ზრუნავენ მათ ჰიგიენაზე, ესაუბრებიან, უსმენენ, ხუმრობენ, საკვებს უმზადებენ, ქვეყნის ამბებს უყვებიან, შეძლებისდაგვარად აწესრიგებენ სახლს. თითოეულის ცხოვრება - სიხარული და გაჭირვება, ზეპირად იციან.
სოფას და მისი გარდაცვლილი მეუღლის ოჯახის წევრები და წინაპრები, აფრიკიანები და მილოვები, არქიტექტორები და მშენებლები იყვნენ. თბილისში არაერთი შენობა მათი აშენებულია. სოფა პროფესიით ქიმიკოსია, თუმცა მოხუცი მშობლების და შვილების მოვლა-პატრონობა კარიერაზე უარის თქმად დაუჯდა.
ალექსანდრესა და მაიას მძიმე ავადმყოფობები აქვთ. შვილთან ერთად ცხოვრობენ, რომელიც ცდილობს არ დანებდეს, მთელ დღეს სამსახურში ატარებს და ოჯახისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ძლივს აუდის.
ჰენრიხის ნათესავები საქართველოში არ ცხოვრობენ. ავადმყოფობას, უკიდურეს სიდუხჭირეს. მეზობლების მხრიდან დაცინვას და შევიწროებას მარტო უმკლავდება. ჰენრიხის მამა გერმანელი იყო და პროფესიით მფრინავი, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ცხოვრება სამარაში ჰქონდა გატარებული და ომისა და ნაცისტების წინააღმდეგი იყო, საბჭოთა დევნას მაინც ვერ გადაურჩა. ამის მიუხედავად, საჭირო პროფესიის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ გაიმეტა. სამაგიეროდ, ოჯახს, მეუღლესა და ვაჟს დააშორა და შეხვედრა აუკრძალა. როცა გაიგეს, რომ ჰენრიხის მშობლები ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებოდნენ, ჰენრიხის მამა იძულების წესით სხვა ქალზე დააქორწინეს.
საბჭოთა არმიაში ჰენრიხიც მსახურობდა, ავიამექანიკოსად.
მარიკა ფრანგული ენის პედაგოგია. თბილისის 23-ე სკოლაში სწავლობდა თვითონაც. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კიდევ 40 წელი იქ ასწავლიდა. სკოლაში მუშაობის პერიოდს, მოსწავლეებს ახლაც დიდი სიყვარულით იხსენებს. ამბობს, რომ მთავარი ბავშვებთან ურთიერთობაში სამართლიანობაა. ყოფილი მოსწავლეები დღემდე დადიან მის მოსანახულებლად. ფრანგულის გარდა, სხვა რამდენიმე ენა იცის და აპირებს კიდევ ერთი ენაც ისწავლოს. მაგალითად, პოლონური ენა კინოს დიდი სიყვარულით ისწავლა, რადგან საინტერესო პოლონური კინო-ჟურნალებს კითხულობდა და უნდოდა, არაფერი გამოჰპარვოდა. მარიკა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის და საქართველოს ეროვნული გმირის, გრიგოლ ფერაძის ძმის შვილია. გრიგოლ ფერაძე თეოლოგი, ისტორიის მეციერებათა დოქტორი, პროფესორი იყო, რომელმაც საქართველოს გარდა განათლება ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტებში მიიღო. სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. ბონში და მოგვიანებით ოქსფორდშიც კითხულობდა ლექციებს. საქართველოს გასაბჭოების შემდგომ მისი საქართველოში დაბრუნება შეუძლებელი გახდა. ბერად აღიკვეცა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი იყო პარიზში, განაგრძობდა მსოფლიოში მიმოფანტული ქართული ხელნაწერების შეგროვებასა და შესწავლას. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული საგანძურის გადარჩენაში. ფაშისტების მიერ დევნილი ადამიანების დახმარების გამო, გრიგოლ ფერაძემ სიცოცხლე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა. მის შესახებ საბჭოთა საქართველოში ძალიან დიდხანს არ საუბრობდნენ.
ევგენი გრიბოედოვის თეატრის ყოფილი მსახიობია, რამდენიმე როლი ეკრანზეც უთამაშია. თითქოს ძალიან ნაცნობი ხმა აქვს. სხვადასხვა რადიოსა და ტელევიზიაში რედაქტორად, გამხმოვანებლად, დიქტორადაც მუშაობდა .ინსულტის შედეგად ევგენი საწოლიდან ვეღარ დგება. სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებამ ცხოვრებაც დამინგრია და ჯანმრთელობაცო.- სინანულით ამბობს, მაგრამ რასაც აღარ ეშველება, იმაზე ხუმრობა სჯობს - „სიგუაცია დაჯაბულია, ნუ გავაზვიადებთ“, – 90-იანების საქართველოდან პოლიტ-ფრთიანი ფრაზა ახსენდება.
გულო საკუთარი ხელით აშენებულ სახლში ცხოვრობს. ადამიანის ხსნა შრომასა და ურთიერთზრუნვაშია, მაგრამ გული მტკივა, ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი სანთლით არის საძებარი, ადამიანებს საკუთარი თავის იქით არავინ და არაფერი აინტერესებთ, ერთმანეთის ძარცვაზე არიან გადასულები და დანდობა აღარ აქვთო. ქართველებს რომ ვხედავ ასეთებს, კიდევ უფრო განვიცდიო, - ამბობს.
პაციენტებთან განშორების მომენტი ყოველ ჯერზე რთულია. ბენეფიციარების უმრავლესობისთვის ექთნები მხოლოდ მომვლელები არ არიან და მათთან ურთიერთობა ხშირად გარესამყაროსთან კონტაქტის ერთადერთი გზაა. ისინი არიან მეგობრებიც, ოჯახიც და როგორც ხშირად პირდაპირ იხსენიებენ, ანგელოზებიც.
მადონა და მაია ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სოციალური სერვისების ორი სტაჟიანი თანამშრომელი და დიაკონური საზოგადოების დასაყრდენია. ერთი ლუთერანია, მეორე - მართლმადიდებელი. მათაც და მათ სხვა კოლეგებსაც ერთად გამოვლილი მძიმე წლები, გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვა, ქრისტე და ადამიანის სიყვარული აერთიანებთ.
ლუთერანები და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა
საქართველოში შემორჩენილი გერმანელებისათვის საკუთარი აღმსარებლობა თვითმყოფადობის შენარჩუნების გზა იყო. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რწმენის შენახვას მალვით თუ ახერხებდნენ.
თბილისის შერიგების ეკლესია - საკვირაო წირვა
1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად აღორძინდა ლუთერული ეკლესია და მისი ტრადიციები საქართველოში. თანამედროვე სახე და სისტემა მას ოდნავ მოგვიანებით თეოლოგიის პროფესორმა დოქტორმა გერტ ჰუმელმა მისცა და პირველი ეპისკოპოსი (ევანგელურ- ლუთერული ეკლესიის ხელმძღვანელი) გახდა. თბილისში უკვე დიდი ხნის განადგურებული იყო მეცხრამეტე საუკუნის ლუთერული სამლოცველოები. ასაკოვანი გერტ ჰუმელი, რომელიც თბილისში თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით მოხვდა, გერმანიაში საკუთარ ქონებას ყიდის, მეუღლე ქრისტიანესთან ერთად თბილისში მკვიდრდება და ყოფილი გერმანული სასაფლაოს ტერიტორიაზე თბილისის შერიგების ეკლესიას აგებს.
გერტ ჰუმელის მემორიალური დაფა თბილისის შერიგების ეკლესიის შესასვლელთან
ეკლესია 1997 წელს ეკურთხა.
თბილისის შერიგების ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის აღქმა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ მრევლში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და დახმარება ბევრს სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და შინმოვლის პროგრამა არ არჩევს ადამიანებს მათი ეთნიკური თუ რელიგიური მიკუთვნებულობის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქმიანობას არავითარი კავშირი აქვს პროზელიტიზმთან (საკუთარ აღმსარებლობაზე სხვების მოქცევის მცდელობა), არაერთ შემთხვევას იხსენებენ, როცა ადამიანები ეჭვის თვალით უყურებდნენ ან სულაც უარს ამბობდნენ მათგან დახმარების მიღებაზე. მიდგომა იცვლება, თუმცა, სიმართლესთან შეუსაბამო დამოკიდებულებები და წარმოდგენები ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიმართ, იშვიათი არ არის.
ეპისკოპოსი მარკუს შოხი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამოცდილებაზე და ამ ურთიერთობის ნიუანსებზე ყვება. საქართველოს მართლმადიდებელ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მეთაურებს ერთმანეთთან ერთი შეხედვით, პოზიტიური, კეთილგანწყობილი ურთიერთობა აქვთ. ბატონი შოხი იხსენებს, რომ მისი ინაუგურაციიდან მეორე დღესვე, 2017 წლის ნოემბერში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ისგან მიწვევა მიიღო და სულ მოკლე პერიოდში პირველივე შეხვედრისას პატრიარქმა მას ეპისკოპოსად კურთხევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, ყველაფერთან ერთად, ემყარება ერთმანეთის ისტორიის ცოდნას. თუმცა, ურთიერთობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველდღიურ დონეზე, მრევლთა შორის, სამწუხაროდ, განსხვავებულია. ბევრ ლუთერანს ნაცნობების, კოლეგების, მეზობლების მხრიდან დამოკიდებულებების შეცვლისა და უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, ურჩევნია არ ისაუბროს იმაზე, რომ ლუთერანია და მაგალითად ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, შობა, რომელსაც ლუთერანებიც 25 დეკემბერს აღნიშნავენ, სამსახურში რიგითი სამუშაო დღესავით გაატაროს. ლუთერანი ბავშვები არაერთხელ გამხდარან მასწავლებლების მხრიდან კლასის წინაშე დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტები.
ეპისკოპოსი მარკუს შოხი
პასტორ ირინა სოლეის ქალი მღვდელმსახურების შესახებ ვეკითხები. „ბიბლია ისეთი ღრმაა, მასში ყველაფრის პოვნა შეიძლება და შემდეგ ვინ რას ვეყრდნობით, ჩვენივე გადასაწყვეტია. ჩვენ, ქალებს, ვინც მსახურებაში ვართ, ჩვენი ძლიერი არგუმენტაცია, მაგალითები გვაქვს სწორედ რომ ბიბლიაზე დაყრდნობით და არა ვინმეს უსაფუძვლო ახირებით. იესოს პირველ მიმდევრებს, მის მოწაფეებს, მისი მოძღვრების მქადაგებლებს შორის ქალებიც იყვნენ და ისინიც მოციქულებად იწოდებოდნენ. იესოს აღდგომის მოწმენი ქალები გახდნენ. ქრისტე თავად თანასწორობას ქადაგებდა და მის სიტყვებში ქალის მსახურების საწინააღმდეგოს ვერ ნახავთ.“
პასტორი ირინა სოლეი
„ადამიანები შესაძლოა სხვადასხვა ტრადიციებს მისდევდნენ, სხვადასხვა გზით ეძებდნენ ღმერთს, მაგრამ ღმერთი ყველას ერთი გვყავს და მთავარი ისაა, რასაც თავად გვასწავლის: ურთიერთსიყვარული, პატივისცემა, თანასწორობა და ერთობა. ამ მიდგომაზე უნდა იდგეს სეკულარული სახელმწიფოც, რომელიც სეკულარობის მიუხედავად, ცხადია უნდა თანამშრომლობდეს ეკლესიასთან, რელიგიურ წრეებთან, თანასწორად ეპყრობოდეს მათ, არა ერთმანეთის საქმეებში ჩარევის გზით, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ქვეყნის მაცხოვრებელთა ყოფის გასაუმჯობესებლად,“ - ეპისკოპოსი მარკუს შოხი.
ეპისკოპოსი მარკუს შოხი
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წევრი