პასტორი ფოლაბი სოლომონსი, პროტესტანტული ეკლესიის ხუცესი:
"დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია ნიგერიაში, ლაგოსში დაარსდა, თუმცა დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰყავს მიმდევარი. თბილისში ღვთისმსახურება დაახლოებით შვიდი წლის წინ დავიწყეთ.
ჩვენ გვწამს წმინდა სამების, მამის, ძისა და სულიწმინდის და ბიბლიის სწავლებას ვეყრდნობით.
ჩვენთან საკვირაო სკოლაც ფუნქციონირებს. ვკითხულობთ, განვიხილავთ და განვმარტავთ ბიბლიას. ბავშვებისთვისაც გვაქვს სივრცე, სადაც სწავლობენ და თამაშობენ. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, განურჩევლად მათი ეროვნებისა. ვალდებულები ვართ, ყველას გავუწიოთ დახმარება, რომ ღმერთთან მისაახლოებელი გზა იპოვოს.
როდესაც ახალ ქვეყანაში ჩამოდიხარ, ვალდებული ხარ ადგილობრივ ტრადიციებს პატივი სცე. შენიც უნდა შეინარჩუნო და თან საზოგადოებაში ინტეგრირება მოახერხო. ჩვენ ორმოცდაათიანელები ვართ და მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიას ბევრი რამ გვაერთიანებს, პირველ რიგში - იესო ქრისტე. თუმცა, შეიძლება განსხვავებულად ვადიდებდეთ მას. ქართულ მართლმადიდებლურ სალოცავებში ნამყოფი ვარ. იქ მშვიდი და მყუდრო გარემოა. მრევლი წყნარად შემოდის, მღვდლები მათთვის ლოცულობენ. მართლმადიდებლურ წირვაზე დასწრება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებაა, რაც აქ მქონია.
ჩვენი გადმოსახედიდან, როდესაც მრევლი ტაძარში მოდის, ის სიხარულსა და ბედნიერებას უნდა ავლენდეს. გვჯერა, რომ ესაა ჩვენი რწმენის, ღვთისადმი მადლიერების, სიყვარულისა და თავდადების ბუნებრივი გამოხატულება. ჩვენ ყველა ქრისტეს მიმდევრები ვართ. ერთსა და იმავე ბიბლიას ვეყრდნობით. მართლმადიდებელი ქრისტიანებიც სიყვარულს ადიდებენ, მოყვასის სიყვარულს ქადაგებენ და ჩვენც.
მომწონს საქართველო, მისი ძველი, უნიკალური, მრავალფეროვანი კულტურა და გახსნილობა. ჩვენი ეკლესიის კარიც ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს სიყვარული გამოხატოს ან უბრალოდ აინტერესებს ჩვენი გაცნობა. "