![](https://tdi.ge/sites/default/files/styles/inner_slider/public/1_3_0.jpg?itok=z-Wkg6VM)
ავტორი: მარიამ სამუშია
24 თებერვალს ელენა აფეთქების ხმამ გამოაღვიძა. ქმარს და შვილებს ისევ ეძინათ, როცა შეშინებული, ჩუმად ამოწმებდა ინტერნეტს.
"- ალბათ, ეს უკრაინაში ერთ-ერთი პირველი აფეთქება იყო, რახან იმ წამს, როცა ინფორმაციის ძებნა დავიწყე, არაფერი შემხვედრია. მოგვიანებით გავიგე, რომ მაშინ, გამთენიისას, ომი დაიწყო.''
ელენა ომის ამბავს ამ ქრონოლოგიით ყვება:
''24-ში ომი დაიწყო.
5 მარტს ჩემი შვილი, ევა, რვა წლის გახდა. სამზარეულოში შემონახული ინგრედიენტებით ვაფლის ტორტი გამოვუცხვეთ, დაბადების დღის სანთლები კი ჩემით გავაკეთე, ფიჭისგან.
8 მარტს დავტოვეთ დნეპროპეტროვსკი. ქმარმა დაგვაძალა, მე ქვეყნიდან წამოსვლა არ მინდოდა. არავის არ გვინდოდა წამოსვლა. მეუღლე დარჩა იქ. ჩემი 13 წლის შვილი კი, ნიკიტა, 36-საათიანი, ურთულესი მგზავრობის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ უკრაინაში თავადაც საბრძოლველად უნდა დარჩენილიყო."
პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, 13 მარტს, შიპეტების ოჯახი თბილისში ჩამოვიდა. აქ ნათესავები ეგულებოდათ. აეროპორტთან ქართველი ახლობლები დახვდნენ და ლაგოდეხის რაიონში, სოფელ მშვიდობიანში, თავიანთ სახლში მიიყვანეს. მალევე, სხვადასხვა ქალაქიდან ელენას დებიც ჩამოვიდნენ შვილებთან ერთად. დღეს მშვიდობიანის ერთ სახლში უკრაინიდან წამოსული რვასულიანი ოჯახი ცხოვრობს.
ქალაქი დნეპროპეტროვსკი ხარკოვსა და ზაპოროჟიას შორისაა მოქცეული. ამ დრომდე კონკრეტულად ეს სივრცე არ დაბომბილა, თუმცა გარშემო ქალაქებში სროლა არ წყდება.
“მალევე გახდა ცხადი, რომ რუსეთის იერიში სცდებოდა “სადავო” ტერიტორიებს, და რომ სამხედროები სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ყველა მიმართულებით ესროდნენ. ქალაქში დარჩენა აღარ იყო უსაფრთხო. წამოსვლამდეც, ჩვენს სახლში ყოველდღიურად ისმოდა გვერდითა ქალაქებიდან მომავალი აფეთქებების გაბმული ხმა. როცა სირენები ირთვებოდა, გვეშინოდა სარდაფში ჩასვლის, რადგან არაერთი ისტორია გვსმენოდა ოჯახებზე, რომლებმაც დაბომბვის შემდეგ ჩარაზული სარდაფებიდან ამოსვლა ვერ შეძლეს. ამიტომ ჩვენ საყრდენი კედლით დაცვის მეთოდს ვიყენებდით. ვიჯექით ორ კედელს შორის და ველოდებოდით განგაშის შეწყვეტას. თანაც, ბავშვებს ვუფრთხილდებოდი. სარდაფში ჯდომა მეტად დამზაფვრელი გამოცდილება იყო. “ზუმით” გაკვეთილების მსვლელობისას ევას ხშირად ესმოდა კლასელების მშობელთა კივილი - “ჩქარა, სარდაფში!”. მე ვცდილობდი, შვილებისთვის მაინც შემექმნა სიმშვიდის შთაბეჭდილება. ახლაც, როცა მათ ბრაზს ვგრძნობ, როცა ჩემი ბიჭი, მაგალითად, პუტინის მიმართ გამოხატავს ზიზღს, ვცდილობ ვესაუბრო იმაზე, რომ ბრაზს ყოველთვის სჯობს, ადამიანებს გონების და სულის სიჯანსაღე ვუსურვოთ. მეც, როგორღაც გამომდის, ვგრძნობდე ხოლმე სიმშვიდეს. რახან ვიცი, რომ სიკეთე ბოროტებას მუდამ ამარცხებს. სიმართლე ყოველთვის ჯობნის სიცრუეს. ვარ აქ, ამ ულამაზეს სოფელში, თუმცა ვიცი, რომ ეს დროებითია. მალე დავბრუნდებით მშვიდ სამშობლოში.”
მასალა მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)-ის "მრავალფეროვნების სახეების" პროექტის ფარგლებში, ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის (EED) მხარდაჭერით.