საკონკურსო ნამუშევარი: ტოლერანტობა - მითი თუ სინამდვილე?
ანდრო პირველი თბილისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. მისმა ნამუშევარმა "ტოლერანტობა - მითი თუ სინამდვილე?" TDI-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა.
ტოლერანტობა - მითი თუ სინამდვილე?
საქართველოში იმიგრანტთა რიცხვი 2015 წელს 92,557 ადამიანს შეადგენდა, მათ შორის ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეა (55%), ხოლო 2016 წლის მონაცემებით მათი რიცხვი შედარებით ნაკლებს 90,228 ადამიანს არ აღემატებოდა, საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი კი 51%-ს გააჩნდა. ემიგრანტების სახით ძირითადად საქართველოს მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები გვევლინებიან, (რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა) თუმცა ქვეყანაში სხვა სახელმწიფოებიდან ჩამოსულ ემიგრანტებსაც ვხვდებით, რომლებიც განსხვავებული რელიგიის მიმდევრები არიან. სახელმწიფო პოლიტიკისა და ზოგჯერ ქსენოფობიური განწყობის გამო მათ პრობლემები ექმნებათ. საზოგადოება ცუდადაა განწყობილი ადამიანთა მიმართ, რომლებიც უმრავლესობის მიერ დაწესებულ გარკვეულ „ჩარჩოებში“ არ ექცევიან. სოციუმის წევრნი მსგავს ხალხს მორალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზიანს აყენებენ და ჩაგრავენ. ეს პრობლემა მსოფლიოს მაშტაბით ყველგან გვხვდება, მაგრამ განვითარებულ სახლემწიფოებში მსგავსი შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია.
მიგრანტებს შორის შედარებით ახალ და მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენენ განათლების მიღების მიზნით ჩამოსული უცხოელები. 2016 წლის მონაცემებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში ჯამში 13,527 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა. მათ შორის კი 2006-2016 წლებში ყველაზე მეტნი აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, ნიგერიიდან, რუსეთიდან და ერაყიდან იყვნენ. ქვეყანაში არსებული სტერეოტიპების გამო ხალხი ემიგრანტებს ვერ ეგუება და წარმოიქმნება კონფლიქტი, რაც სახელმწიფოსთვის მხოლოდ ზიანის მომტანია. უცხოელი სტუდენტების მოზიდვაში მნიშვნელოვან როლს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღქმა განაპირობებდა, მაგრამ თუ გაგრძელდება მათი შეზღუდვა და მათზე ძალადობა, მაშინ ეს ცუდ გავლენას იქონიებს ქვეყანაზე და სახელმწიფოს რეპუტაცია მსოფლიოს მაშტაბით მნიშვნელოვნად შეილახება. იმიგრანტთა შემცირება კი უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკასა და ტურიზმზე, ასევე იგი ხელს შეუშლის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც რამდენიმე წელიწადია ქვეყნის მიზანია.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ ხშირად ხვდებიან რასისტ სტუდენტებსა და ლექტორებს. განსხვავებული რელიგიის, კანის ფერისა და შეხედულებების გამო მათ სწავლისას ექმნება გარკვეული პრობლემები. ისინი სახალხოდ ითმენენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მოქმედებს. ნიგერიის მოქალაქე სტუდენტი გოგოს თქმით, ქუჩაში მას და მის მეგობრებს ისე უყურებენ როგორც სექს-თოჯინებს. ბევრი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი უცხოელი უჩივის მსგავს პრობლემებს. ისინი ამბობენ რომ საზოგადოების ნაწილს მათ მიმართ აგრესიული და უარყოფითი დამოიკდებულება აქვს. რა თქმა უნდა ყველა არ იგულისხმება, რადგან ზოგიერთი ადამიანისგან ისინი ძალიან დიდ სითბოს, სტუმართმოყვარეობას და სიყვარულს გრძნობენ.
ეს პრობლემები გვხვდება მსოფლიოს მასშტაბითაც. საბედნიეროდ არსებობს ამ სირთულეების გადალახვის გზებიც. ჩვენ უნდა მივბაძოთ სხვადასხვა სახელმწიფოების მაგალითებს და გავეცნოთ ამ პრობლემების მოგვარების ხერხებს. დავაკვირდეთ შედეგებს და ამით მივაღწიოთ წარმატებას. ხალხმა უნდა ისწავლოს სიყვარული და არ უნდა შეიძულოს განსხვავებული წარმომავლობის ადამიანი. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთთან თანაცხოვრება და მშვიდობის დამყარება. პატივი უნდა ვცეთ თითოეული ადამიანის აზრს და გადაწყვეტილებას. აუცილებელია სკოლებში მოზარდებისთვის ადამიანთა თანაცხოვრების შესახებ განათლების მიღება. გარდა ამისა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოში არსებული სტერეოტიპები, აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანთა ის ნაწილი რომლებიც სამშობლოს გარდა, სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში ნამყოფნი არიან, მსოფლმხედველობით განსხვავდებიან იმათგან, ვინც სამშობლოს საზღვრებს არასდროს არ გასცდენილან. ეს კი იმაზე მიანიშნებს რომ ხალხი სტერეოტიპებისგან უნდა განთავისუფლდეს და ცხოვრებას სხვანაირად შეხედონ.
უცილებლად ცალკე გამოსაყოფია ადამიანთა დევნა მათი სარწმუნოების გამო. რამდენად ვართ ქართული საზოგადოება ტოლერანტული სხვა კულტურებისა და რელიგიებისადმი?... რელიგიური ტოლერანტობა აუცილებელია, რადგანაც ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. საქართველოში ბევრი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენელი ცხოვრობს: მართლმადიდებლები, კათოლიკეები, მუსლიმები, პროტესტანტები, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, იეჰოვას მოწმეები, კრიშნას მიმდევრები და აშ. ,,ქართველმა, თავისი სარწმუნოებისთვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც“ - წერდა ილია ჭავჭავაძე, მაგრამ არის კი ეს სიმართლე და მართლა ასახავს თუ არა რეალობას? ამის დასადგენად - არსებობს თუ არა რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში - ჩატარდა კვლევები, რამაც უარყოფითი შედეგები აჩვენა. საქართველო კულტურული, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანი ქვეყანაა, რის გამოც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გატარდეს გარკვეული რეფორმები უმცირესობებთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას. საქართველოს უზენაესი კანონით მიუღებელია ამ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. მაგრამ რეალობა მკვეთრად განსხვავებულია. კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი აღმსარებლობის ქადაგებაში ჩარევას და პიროვნებათა დევნას მათი რელიგიური ნიშნის, ან აღმსარებლობის გამო...თუმცა, კანონები ხშირად ყოველდღიურობაში არ სრულდება. სამწუხაროდ ყველაზე მეტად ქართველ ქრისტიანებს მუსლიმებთან ექმნებათ პრობლემები. საქართველოში ყოველი მეათე მუსლიმია, ანუ 10% მოსახლეობისა. რაში მდგომარეობს მუსლიმთა პრობლემები? მაგალითად სამსახურის უფროსები ხშირად საკუთარი მუსლიმი ხელქვეითების გაქრისტიანების სურვილს ავლენენ (ზოგჯერ საკმაოდ აგრესიული ფორმითაც), ასევე სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლები ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ, თავს ახვევენ თავიან რელიგიას და ცდილობენ მოსწავლეთა რწმენის შელახვას, სახელმწიფო კი მსგავს საკითხებზე ჯეროვნად არ რეაგირებს. ამას არ ემხრობოდნენ ძველი ქართველი საზოგადო მოღვაწენი, მათ შორის არც ილია ჭავჭავაძე. მისი თქმით, არავინ ეცდებოდა მაჰმადიანი მოძმეების გაქრისტიანებას საქართველოში: ,,შეიძლება ჩვენ მართლმადიდებლები დავრჩეთ, ისინი მაჰმადიანები, მაგრამ მაინც ერთმანეთის ძმები ვიყვნეთ, ამიტომ ნურავის ექნება იმისი შიში, რომ ვინმე ეცდება მაჰმადიანი მოსწავლეების გაქრისტიანებას.“ ზემოხსენებული მოვლენების შესახებ ფაქტებით დამოწმება რთულია, რადგანაც ვინც მსგავს პრობლემას აწყდება ღიად საუბარი უჭირს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ ეშინიათ ისიც არ დაკარგონ რაც გააჩნიათ.
საქართველოში თავს იჩენს ისლამოფობიის ტენდენცია, რაც გარკვეულწილად ამ ბოლო დროს ტერორისტული აქტების მომატების ბრალიცაა, თუმცა ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ტერორიზმს რელიგია არ გააჩნია. ამის კარგი მაგალითი ქართველი პატრიოტი და მაღალი სამოქალაქო კულტურისა და თვითშეგნების მქონე მუსლიმები არიან.