ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ტოლერანტობა - ღირებულება, რომელიც უნდა დასაბუთდეს

ავტორი: ბექა მინდიაშვილი

 

თუ თანამედროვე მსოფლიოს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ დღეს წამყვანი ლიბერალური დემოკრატიების პოლიტიკური ლიდერები უფრო და უფრო ხშირად ამბობენ, რომ პლურალისტური საზოგადება, მულიტიკულტურალიზმი, განსხვავებული იდენტობის მატარებელი ჯგუფები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. უდანაშაულო ადამიანები სულ უფრო მეტად ხდებიან ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მსხვერპლი. საფრთხის წინაშე დგას გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპების სრულფასოვანი დაცვა. უფრო და უფრო ხილული ხდება ქსენოფობიისა და რასიზმის გამოვლინებები, ძლიერდება ნეოფაშისტური მოძრაობები. ჩნდება ახალი და ახალი კონფლიქტები. გაჩაღებულია ომი. ამ ფონზე ტოლერანტობა, შესაძლოა, კვლავაც ამუშავდეს როგორც მშვიდობისა და თანაარსებობის უზრუნველყოფის მექანიზმი. 

ტოლერანტობას, როგორც დაზავებისა და მშვიდობის საფუძველს, განსაზღვრავს და ასეთად წარმოაჩენს კლასიკური ლიბერალური ტრადიცია, ანუ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადამიანი არის ავტონომიური ინდივიდი, თავისუფალი საიმისოდ, რომ აირჩიოს და გამოხატოს ესა თუ ის პოზიცია, ჰქონდეს ესა თუ ის რწმენა ან იდეოლოგია, დაიცვას ესა თუ ის იდენტობა. ლიბერალური ტრადიციის მკვლევარი, პიტერ ნიკოლსონი, სტატიაში „ტოლერანტობა, როგორც მორალური იდეალი“ ტოლერანტობას განსაზღვრავს, როგორც დამოკიდებულებას, რომლის საფუძველში შემდეგი ელემენტებია წარმოდგენლი: 

  • გარკვეული განსხვავების არსებობა; 

  • ტოლერანტობის სუბიექტისთვის ამ განსხვავების მორალური მნიშვნელობა, მისი არატრივიალურობა; 

  • ტოლერანტობის სუბიექტის შესაძლებლობა, რომ ზეგავლენა იქონიოს განსხვავებულზე, ტოლერანტობის ობიექტზე;  

  • ძალის გამოყენებისგან თავშეკავება; 

  • ტოლერანტობის, როგორც მორალური იდეალის, სიკეთის გაგება. 

როგორც წესი, ტოლერანტობას ახასიათებენ პარადოქსულ ღირებულებად. ცნება „პარადოქსი“  მოიცავს ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების ერთ ველში თანაარსებობას. ტოლერანტობა პარადოქსულია, რამდენადაც, კლასიკური ტრადიციით, გულისხმობს შემწყნარებლურ დამოკიდებულებას იმისადმი, რის მიმართაც შეუწყნარებელი ხარ. ამიტომ ტოლერანტობის არჩევანი ყოველთვის მოითხოვს არგუმენტაციას: რის საფუძველზე შეიძლება შეიწყნარო შეუწყნარებელი? ამ ტიპის მსჯელობათა ერთობლიობას მკვლევარები „მსჯელობათა ბალანსს“ უწოდებენ და გამოარჩევენ რამდენიმე არგუმენტს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია დასაბუთდეს ტოლერანტობის აუცილებლობა.

 

სკეპტიკური არგუმენტი

ტოლერანტობის სასარგებლოდ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არგუმენტი  სკეპტიციზმთანაა დაკავშირებული, რაც გულისხმობს, რომ გონება მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, ესა თუ ის შეხედულება თუ რწმენა საბოლოო და ობიექტური ჭეშმარიტებაა თუ არა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტოლერანტულად ვეკიდებით მოსაზრებებს, რომლებსაც არ ვეთანხმებით, თუკი ვუშვებთ, რომ  მიუხედავად ამ უთანხმოებისა, ვერ ვადგენთ მათი მცდარობის ხარისხს. 

ისტორიამ ამ ტიპის არგუმენტაციის ბევრი მაგალითი შემოგვინახა. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იოანე სოლსბერიელი ამტკიცებდა, რომ არაერთი რელიგიურ ჭეშმარიტება შესაძლებლისა და სათუოობის სფეროს წარმოადგენს. ამიტომ ნებისმიერ ჭეშმარიტებაში შეუძლებელია, სრულად იყო დარწმუნებული. სწორედ ამ ტიპის მსჯელობით ტოლერანტობის იდეა მჭიდროდაა გადაჯაჭვული სკეპტიციზმის იდეასთან.

 

რაციონალური რედუქციონისტული არგუმენტი  

მეორე  არგუმენტი, რომელიც უფრო მეტად რეფორმაციის პერიოდში იყო პოპულარული, დაკავშირებულია ე.წ. რაციონალურ რედუქციონიზმთან, რაც გულისხმობს ძალისხმევას, რომ რელიგიური, ეთნიკური, კულტურული, პოლიტიკური განსხვავებები, რამდენადაც ეს შესაძლებლია, გაფერმკრთალდეს, ხოლო „ტოლერაციის პროცესი“ საკუთარი შეხედულებების გადაფასებასა და, მეორე მხრივ, საერთო ნიადაგის ძიებას მოიცავდეს. 

როგორც წესი, დღეს, ტოლერანტობის კონტექსტში, ამ არგუმენტაციას მიმართავენ ნაციონალიზმის მნიშვნელობის გააზრებისას, ეთნიკური და კულტურული ხასიათის დაპირისპირებების  დროს, იმ გაგებით, რომ მრავალგვარ ნაციონალურ იდეას თუ კულუტურულ ტრადიციასა და გამოხატვის სხვადასხვა ფორმას შორის შესაძლებელი გახდეს საერთო ნიადაგის გამონახვა.

 

პრაგმატული არგუმენტი 

არგუმენტაციის მესამე ნაკადი პრაგმატიზმთანაა დაკავშირებული. ტოლერანტობის ერთ-ერთი მახასიათებელი, ცხადია,  პრაგმატული ინტერესით მოქმედებაა. ეს არგუმენტაცია არ განიხილავს ტოლერანტობას, როგორც რაიმე სასურველ და იდეალურ პრაქტიკას. შემწყნარებლობა გარემო პირობებით ნაკარნახევი აუცილებლობა და, მეორე მხრივ, დევნის, აკრძალვის, შეზღუდვის არაეფექტიანობის აღიარებაა. 

პრაგმატული ტოლერანტობა თავის მხრივ, ორი არგუმენტით საბუთდება. პირველ შემთხვევაში, განსხვავების, განსხვავებული ჯგუფის თუ კონკრეტული ადამიანის შეზღუდვა, ან, პირდაპირ, - განადგურება, უმრავლესობის თუ ძლიერის მხრიდან მოითხოვს მეტისმეტად დიდ მატერიალურ, პოლიტიკურ და მორალურ რესურსებს და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. 

მეორე შემთხვევაში, მიზნისკენ გზაზე ძალადობრივი მეთოდები პრინციპულად გამოუსადეგარ და აბსურდულ მეთოდად მიიჩნევა. ასე მაგალითად, მე-16 საუკუნის კათოლიკე მღვდელი ლას კასასი წერდა, რომ სისულელეა, წარმართი ინდიელების  განადგურება, იმ მიზნით, რომ ისინი მოვაქციოთ. 

პრაგმატული ტოლერანტობის კონტექსტში შემწყნარებლობის არგუმენტირებისთვის მცირე და დიდი ბოროტების თეორიებიც გამოიყენება. ყველა ეს „პრაგმატული“ არგუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი დღეს შესაძლოა ამორალურადაც იყოს გაგებული, თავის დროზე ერთობ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა შემწყნარებლობის რეალიზაციის საქმეში. სწორედ პრაგმატული დასაბუთების შედეგად დასრულდა რეფორმაციის დროინდელი რელიგიური ომები. 

 

ფუნქციონალური არგუმენტაცია

პიროვნების პატივისცემის იდეა ევროპაში გვიან შუა საუკუნეებში ვითარდება და კომერციული ურიერთობების მნიშვნელობის გაცნობიერებასთანაა დაკავშირებული. შრომის, როგორც ღირებულების, კომერციული საქმიანობის პრინციპების, საქმიანი მორალის იდეები ხელს უწყობდა საზოგადოების ჰოლისტურ, მთლიან აღქმას, რომელშიც ყველა მისი წევრი უნიკალურ როლს ასრულებს. ასეთი ფუნქციონალიზმი ხდება საფუძველი დისიდენტების, კერძოდ კი ერეტიკოსებისა და ებრაელების მიმართ ტოლერანტობის მნიშვნელობის დასაბუთებისაც. 

მე-14 საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, მარსელიუს პადუელი, თავის ნაშრომში, „მშვიდობის დამცველი“, ამტკიცებს, რაკიღა ნებისმიერი საზოგადოების მიზანი მოქალქეების კეთილდღეობაა, არც ერთი ადამიანი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს კეთილდღეობაში, არ შეიძლება იყოს გარიყული და განდევნილი რელიგიური შეხედულებების გამო. სწორედ ამ ფუნქციონალურ მიდგომის გამოძახილი გვხვდება ილია ჭავჭავაძის სტატიაში „მაჰმადიანთ გაქრისტიანება“ (1880). ილიას თანახმად:

  • სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა. რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისათვისაც სასარგებლო.

ამგვარი მსჯელობა, რასაკვირველია, შეიცავს პრაგმატიზმის ელემენტს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას მივყავართ შეუწყნარებლობის მორალურ მიუღებლობამდე და სამოქალაქო საზოგადოების გაგებამდე, სადაც ნებისმიერს ერთი და იგივე, თანასწორი უფლებები აქვს.

 

ინდივიდუალისტური არგუმენტაცია

ტოლერანტობის თეორიაში ნამდვილი გადატრიალება მას შემდეგ ხდება, რაც გამოდის ბრიტანელი ფილოსოფოსის, ჯონ სტიუარტ მილის ესე „თავისუფლების შესახებ“. მილი, აკრიტიკებს რა უმრავლესობის ტირანიას, რომელიც, მისი აზრით, ინგლისის ვიქტორიანულ საზოგადოებაში იყო გაბტონებული, ამტკიცებს ინდივიდუალური თავისუფლების უპირატესობას სახელმწიფოზე, რელიგიაზე, ეროვნულობაზე, მორალზე, სარგებელსა და საზოგადოებაზე, - ზოგადად, ნებისმიერი სახის კოლექტივიზმზე. მის თეორიაში ინდივიდი საკუთარი თავის აბსოლუტური განმკარგავია. მის ნაცვლად არავის ძალუძს, გადაწყვიტოს, როგორი ცხოვრების სტილი და შეხედულებები უნდა აირჩიოს, რომელია მისთვის ქცევისა და გამოხატვის საუკეთესო ფორმა. თავისუფლება, სახელმწიფოს მიერ და  კანონის საფუძველზე, მხოლოდ და მხოლოდ სხვისი ფიზიკური არდაზიანების პრინციპით შეიძლება იყოს შეზღუდული. 

ამ მიდგომას ტოლერანტობის ინდივიდუალისტურ არგუმენტაციას უწოდებენ. ადამიანის უფლებების კონცეფცია იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს მსოფლიოშია აღიარებული, როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი, ტოლერანტობის სწორედ ინდივიდუალისტურ გაგებას ეფუძნება. ამ კონცეფციის მიხედვით, ყოველ ადამიანს, განურჩევლად აღმსარებლობისა, ეთნოსისა, ეროვნებისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა, სქესისა, სოციალური ჯგუფისა  და ა.შ აქვს წარუვალი ღირსება - მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც სჩადიან დანაშაულს და იხდიან შესაბამის სასჯელს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948) თანახმად:

  • ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით. (1 მუხლი)

  • ამ დეკლარაცით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა. (2 მუხლი)

როგორც მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ინგლისში, ასევე ახლაც, მილის ინდივიდუალისტურ ტოლერანტობას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ მორალური, ფსიქოლოგიური ზიანიც ასევე სერიოზულ ტკივილს აყენებს ადამიანს და ლახავს მის უფლებებს. 

ამ პოზიციის საფუძველზე, შეგვიძლია, ლიბერალურ დემოკრატიებში გამოხატვის თავისუფლებისადმი მიდგომის ორი მოდელი გამოვყოთ: პირველი, ე.წ ამერიკული მოდელის მიხედვით, ფიზიკური ზიანის გამო ადამიანი, რასაკვირველია, უნდა მიეცეს პასუხისგებაში, მაგრამ იმავეს გაკეთება დაუშვებელია ე.წ. ფსიქოლოგიური და მორალური ზიანის შემთხვევისას. რამდენადაც ამ ტიპის ზიანის დადგენის ობიექტური კრიტერიუმები არ გაგვაჩნია. მეორე,  ე.წ. კონტინენტური, ევროპული გაგების თანახმად, გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული შეურაცხმყოფელი, რასისტული, ფაშისტური, ექსტრემისტული, უხამსი გამოხატვა, სიძულვლის ენა და ზოგიერთ შემთხვევაში, რელიგიური გრძნობების შელახვაც.