ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ტოლერანტობის ოთხი მოდელი

ავტორი: ბექა მინდიაშვილი

 

კლასიკური ტრადიციით, ტოლერანტობა გულისხმობს, იყო შემწყნარებელი იმის მიმართ, ვისაც ან რასაც შეწყნარების ღირსად არ მიიჩნევ, მაგრამ თანამედროვე კონცეფციები შემწყნარებლობაში მოიაზრებს არა მარტო ცივ ატანასა და სტოიკურ აღიარებას, რომ სხვებსაც შეიძლება ჰქონდეთ თანასწორი უფლებები, არამედ გულისხმობს განსხვავებულთან დიალოგში შესვლას, ინტერესს, პატივისცემასა და მრავალფეროვნების, როგორც სამყაროს ხატისა და საზრისის აღიარებას (მ. უოლცერი, ტოლერანტობის შესახებ. 1997).

ამ თვალსაზრისით, როგორც წესი, გამოყოფენ ტოლერანტობის ოთხ ძირითად მოდელს, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და  დღეს ამა თუ იმ საზოგადოებაში მშვიდობიანი განვითარების საფუძვლად იყოს გამოყენებული.

 

პრობლემის გადაჭრის მოდელი

ამ ტრადიციული კონცეფციის თანახმად, შემწყნარებლობა ვლინდება იმ შემთხვევისას, როცა ძალაუფლება ან უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია, ჩაერიოს უმცირესობის ცხოვრებასა და პრაქტიკაში, მხოლოდ და მხოლოდ „იტანს”  განსხვავებულს, ხოლო უმცირესობა იღებს და ეგუება თავის ასეთ „ასატან“ მდგომარეობას.

„ტოლერანტობის პირობები“ ამ მოდელში იერარქიულია. ერთი მხარე უფლებას აძლევს მეორეს, ჰქონდეს განსხვავებული ცხოვრების წესი, შეხედულებები, აღმსარებლობა და ა.შ, ოღონდ, ეს ყველაფერი დაშვებულია პირველი მხარის მიერ განსაზღვრული პირობების ფარგლებში და მისი ინტერესის შესაბამისად.

ამ ტიპის ტოლერანტობა უმრავლესობის მიერ გაიგება, როგორც ერთგვარი negative permission of evil - ხელის არშეშლა იმისთვის, რაც არასწორად მიიჩნევა, მაგრამ ამავდროულად არ არის აუტანლად ვერაგი და ბოროტი.

სწორედ ამ კონცეფციას აკრიტიკებდა იოჰან ვოლფგანგ გოეთე, როცა  ამბობდა, რომ ტოლერანტობა მხოლოდ დროებითი პოზიცია შეიძლება იყოს: მან სხვის აღიარებამდე უნდა მიგვიყვანოს, რადგან იტანდე ვინმეს, ნიშნავს შეურაცხყოფდე მას.

 

თანაარსებობის კონცეფცია

„თანაარსებობის“ მოდელი „გადაჭრის“ მოდელს წააგავს იმით, რომ კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, მის შესაკავებლად ანდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, ისიც ტოლერანტობის მექანიზმს მიმართავს. მაგრამ აქ, ამ შემთხვევისას, ტოლერანტობის სუბიექტსა და ობიექტს შორის დამოკიდებულება პირველი მოდელისგან განსხვავებულია.

ტოლერანტობის კონტექსტი დაკავშირებულია არა ძალაუფლებასთან ან უმრავლესობა-უმცირესობის დიქოტომიასთან, არამედ ჯგუფებთან, რომლებიც მეტნაკლებად თანაბარძალიანნი არიან, ჰორიზონტალურად არიან ერთმანეთისადმი განლაგებული და ხედავენ, რომ სოციალური მშვიდობისა და საკუთარი მიზნების მიღწევისათვის შემწყნარებლობა ყველა სხვა შესაძლობლობიდან  საუკეთესო გზაა.

ამ კუთხით, აუგსბურგის რელიგიური ზავი (1555) და ნანტის ედიქტი (1598), რომელიც ბართლომეს ღამის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დაიდო, თანაარსებობის მოდელის ისტორიული მაგალითებია. კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა რელიგიურ-პოლიტიკურ კონფლიქტს მშვიდობიანი თანაარსებობა ამჯობინეს და ურთიერთკომპრომისის პირობებზე შეთანხმდნენ.

ტოლერანტული ურთიერთობები ამ მოდელში აღარაა ვერტიკალური, არამედ, როგორც ითქვა, ჰორიზონტალურია: ტოლერანტობის სუბიექტები იმავდროულად ობიექტებიც არიან. ასეთი ტიპის ტოლერანტობას შეუძლია, სტაბილურ სოციალურ მდგომარეობამდე მიიყვანოს საზოგადოება, სადაც, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი გახდება ჩამოყალიბდეს და განვითარდეს ნდობის კულტურა.

 

პატივისცემის კონცეფცია 

ტოლერანტობის მესამე კონცეფციას „პატივისცემის მოდელს“ უწოდებენ. ამ მოდელში მხარეები პატივისცემით არიან გამსჭვალული ერთმანეთისადმი. იმის მიუხედავად, რომ ჭეშმარიტების, ეთიკისა და ცხოვრებისადმი განსხვავებული მიმართება შეიძლება ჰქონდეთ, განსხვავდებოდნენ კულტურული ტრადიციისა და იდენტობის მიხედვით, მოქალაქეეები აღიარებენ ერთმანეთს, როგორც მორალური, სოციალურ-პოლიტიკური, ორიენტაციული თვალსაზრისით თანასწორებს.

ასეთი შემთხვევისას, სოციალურ ცხოვრებას აუცილებლად საერთო, ყველასთვის მისაღები და აღიარებული ნორმები და ჩარჩოები განსაზღვრავს. ამ მოდელში ყველას უნდა შეეძლოს შეთანხმებული ნორმების თანაბრად მიღება და სათავისოდ გამოყენება.

კანონები არ უნდა ამოდიოდეს ერთი კონკრეტული ეთნიკური, რელიგიური და კულტურული თემის ინტრესიდან, არამედ მათ სარგებელი უნდა მოჰქონდეს ყველასთვის.

ასეთია, მაგალითად, ადამიანის საყოველთაო უფლებები და თავისუფლებები და ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციური წესრიგი.

პატივისცემის მოდელში, თავის მხრივ, შეიძლება ფორმალური და ხარისხობრივი თანასწორობის მიდგომები გამოიყოს:

 

ა. ფორმალური მიდგომა

 

ამ მიდგომის რეალიზაციის შემთხვევაში, მკაცრი ზღვარი ივლება საჯარო და კერძო სფეროებს შორის, - აქ სამართლებრივი სახელმწიფოს მოქალაქის კულტურული და რელიგიური განსხვავებები კერძო სივრცითაა შემოფარგლული, რამდენადაც განსხვავების საჯაროობამ არ უნდა მიგვიყვანოს კონფლიქტებამდე.

ტოლერანტობის ეს ვერსია საფრანგეთის საერო, „ლაიცისტურ“ რესპუბლიკანიზმშია გამოკვეთილი, სადაც მიიჩნევა, რომ, მაგალითად, რელიგიური თავსაბურავებისა და სხვა სიმბოლოების ადგილი საჯარო ანდა სასკოლო სივრცეში არ არის, ვინაიდან ბავშვები განათლებას იღებენ როგორც დამოუკიდებელი, ავტონომიური მოქალაქეები.

 

ბ. ხარისხობრივი მიდგომა

 

  • ხარისხობრივი თანასწორობის მოდელში  ეთიკურ - კულტურული იდენტობები, რელიგიური თუ ეთნიკური ტრადიციები საჯარო სივრცისა და ურთიერთპატივისცემის კულტურის ნაწილია, რადგან:

  • განსაკუთრებით ფასეული და მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის

  • მათ შეუძლიათ არსებულ სოციალურ და სამართლებრივ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები უზრუნველყონ.

ამგვარად,  ერთი მხრივ, სოციალურ-კულტურული, პოლიტიკური თანასწორობა და, მეორე მხრივ, მრავალფეროვნება „ხილული მოვლენაა“ და  ერწმყმის სამოქალაქო ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მუდმივ პროცესს.

 

აღიარების მოდელი

ტოლერანტობის შესახებ დისკუსიებში, ზემოთ ნახსენებ კონცეფციებთან ერთად, გამოყოფენ მეოთხე - აღიარების მოდელსაც. იგი გულისხმობს პატივისცემისა და უერთიერთაღიარების კიდევ უფრო ფართო და მომთხოვნ გაგებას.

ამ ტიპის ტოლერანტობა ნიშნავს არა მარტო თანასწორობისა და მრავალფეროვნების უბრალოდ პატივისცემას, არამედ, ასევე, ეთიკურ აღიარებასა და მიღებას „განსხვავებულის“ შინაარსის, როგორც ეთიკურად ფასეული ფენომენისა.

ერთი სიტყვით, აღიარება ხდება იმისა, რომ„სხვა“, „განსხვავებული“ ეთიკურად და შინაარსობრივად ფასეული და მიმზიდველი შეიძლება იყოს. თუმცა ამ მიდგომის დამახასიათებელი თავისებურება ისაა, რომ „სხვის“ პოზიტიურ მიღებასთან ერთად მკაფიო საზღვრებიცაა მონიშნული იმასთან, რასაც ტოლერანტობის სუბიექტი აღიარებს, სწამს და ჭეშმარიტად მიიჩნევს. 

ამ თვალსაზრისით, აღიარების მოდელის არსი სწორედ ტოლერანტობაა და იგი მულტიკულტურალიზმში არ გაიაზრდება.