
ავტორი: მარიამ სამუშია
მამისთვალოვი-კრიხელების ოჯახში ვინც კი წინაპარი ახსოვთ, მათ შორის ყველა ებრაელია. თბილისელ ებრაელთა ამ სახლში დღევანდელ საღამოს შვიდი ფერადი სანთელი ანთია.
ძალიან ლამაზი რიტუალია, ხო? - მეკითხება მზია.
სასანთლე “ხანუქიაზე” განსაკუთრებული, ქაშერი ცხიმით დამზადებული სანთლები სათითაოდ თავსდება. არსებობს წესი, რომ სანთლები ბნელ ოთახში არ უნდა აინთოს, რახან ასეთ შემთხვევაში რელიგიურ სიმბოლოს, ხანუქიას, ოთახის განათების უბრალო ფუნქცია მიენიჭება, ეს კი რიტუალს საკრალურობას წაართმევს.
დღეს ამ ებრაული ზეიმის მეშვიდე დღეა.
მზია ამბობს, რომ მისმა სამეზობლომ ყოველ წელს იცის ამ არაჩვეულებრივი დღეების შესახებ და ხშირადაც სტუმრობენ - ტრადიციის მიხედვით, სტუმრის სანთლის ასანთებად მოპატიჟება პატივისცემის ნიშანია, ამიტომ დიასახლისი მზია სიხარულით იწვევს მეზობლებს რიტუალში მონაწილეობის მისაღებად.
პროფესიით ფიზიკოსი მზია დღეს მასწავლებელია - ქართველებსა და ებრაელებს ივრითს ასწავლის. იხსენებს, რომ ადრე მამამისი ოცნებობდა ეს ენა ესწავლა, თუმცა რახან საბჭოთა პერიოდში შესაბამისი ლიტერატურა ძნელად იძებნებოდა, ივრითის სწავლა მამამ ვერ შეძლო. მისი გარდაცვალების შემდეგ, როცა ივრითის სწავლა მეტად გაიოლდა და თბილისშიც, 90-იან წლებში ივრითის პირველი კლასი შეიქმნა, მზიამ ენის სწავლა დაიწყო.
“იცით, მამის ოცნება რომ შემეძლო მე ამეხდინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია იყო ჩემთვის. სხვათა შორის, მათემატიკური გონება მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის ვიყავი, მარტივად შევძელი ივრითი მესწავლა. მგონია იმიტომ, რომ სულ მათემატიკური ლოგიკითაა აწყობილი ეს ენა. გრამატიკული სტრუქტურები, ფაქტობრივად, ფორმულებადაა მოცემული. თუმცა ამას ჩემს მოსწავლეებს მაინცდამაინც არ ვეუბნები, მათემატიკა და ფორმულები რომ ვახსენო, იქნებ, შეშინდნენ” - იღიმის მზია
*** წელს ხანუქა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება. ამ დღეებში ებრაელი ხალხი დამპყრობლისგან ტაძრის დაბრუნებას და განახლების დღესასწაულს ზეიმობს. ასევე იმ სასწაულს აღნიშნავს, როდესაც სოლომონის ტაძარში, მენორაში (შვიდსანთლიანი შანდალი) 1 დღის სამყოფი ზეთი სასწაულებრივად რვა დღის მანძილზე ანათებდა. ამ სასწაულის აღსანიშნად, ხანუქას დღეებში, 8 დღის განმავლობაში ყოველდღე თითო სანთელი ინთება.
მასალა მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)-ის "მრავალფეროვნების სახეების" პროექტის ფარგლებში, ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის (EED) მხარდაჭერით.