2017 წლის 23 ივლისს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს სასტუმროს გახსნაზე, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა.
"ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში."
სეკულარობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფოსა და რელიგიის ინსტიტუციურ ურთიერთგამიჯვნასა და რელიგიური ჯგუფებისადმი სახელმწიფოს ნეიტრალურ დამოკიდებულებას.
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოში სეკულარობა რელიგიური ნეიტრალიტეტის, შემწყნარებლობის, მრავალკონფესიური საზოგადოების მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელი წინაპირობაა.
ამ სულისკვეთებას საქართველოს კონსტიტუციაც იზიარებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია ერთმანეთისგან. ეს პრინციპი საქართველოს კონსტიტუციის უმნიშვნელოვანეს, განუყოფელ, ტრადიციულ ნაწილს წარმოადგენს.
2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას. აღნიშნული დოკუმენტი არეგულირებს ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის, და ისევე როგორც სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ეკლესიის “ისტორიული როლი”, არ გამორიცხავს სეკულარობის პრინციპის დაცვას.
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებულების მოდელს ადგენდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია (1921წ.), რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და ეკლესია აბსოლუტურად განცალკევებულნი და დამოუკიდებულნი იყვნენ ერთმანეთისგან და არც ერთ სარწმუნოებას არ გააჩნდა რაიმე უპირატესობა.
ამავე კონსტიტუციის თანახმად, რაიმე სახის რესურსის გაღება სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმართველობათა ხაზინიდან, რელიგიური მიზნებისთვის, მკაცრად იყო აკრძალული.
ამ პრინციპის დამკვიდრებასა და დაცვას ცდილობდნენ სასულიერო მოღვაწეებიც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამბროსი ხელაია, თავის საბოლოო სიტყვაში (1924წ.), სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ამბობდა, რომ "რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა”.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მკაფიო არჩევანი, დემოკრატიული განვითარება და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება, შეუძლებელია სასულიერო და საერო ხელისუფლების ურთიერთგამიჯვნის პრინციპის დაცვის გარეშე.
სეკულარობის პრინციპი იცავს როგორც სახელმწიფოს სასულიერო პირთა ზემოქმედებისგან, ასევე, პირიქით - სასულიერო პირებს სახელმწიფოს მიერ შესაძლებელი გავლენის მცდელობებისგან. ამ პრინციპის დაცვა წარმოადგენს ერთადერთ სწორ გზას, უზრუნველყოფილი იყოს სასულიერო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ხელშეუვალობა, ხოლო, მეორე მხრივ - სახელმწიფოს მიეცეს ეფექტური, მიუკერძოებელი საქმიანობის შესაძლებლობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციურ სეკულარიზმს აქვს მხოლოდ ერთი გაგება და შინაარსი, რაც გულისხმობს სასულიერო და საერო ხელისუფლების გამიჯვნასა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას. ამასთან, სეკულარობის პრინციპი აუცილებელი პირობაა თანამედროვე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და სამართლებრივი წესრიგის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა, გაკეთებული განცხადებით, ეჭვქვეშ დააყენა როგორც საქართველოს სამართლებრივი წესრიგი, ასევე უმნიშვნელოვანესი ისტორიული და სამართლებრივი ღირებულებები.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის ძირეული პრინციპები და რელიგიური ნეიტრალიტეტი.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
იდენტობა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საფარი