ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებისადმი

2014 წლის 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დაგეგმილ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საფრანგეთის წარმომადგენლის - რუდი სალის მიერ წარდგენილი მოხსენებაა (#1344)[1], რომელიც შეეხება არასრულწლოვანთა დაცვას „სექტებისგან“.

მოხსენებას თან ერთვის ბატონი სალის მიერ მომზადებული რეზოლუციისა და რეკომენდაციის პროექტები, რაც მიმართულია სექტების „ზღვარგადასული ქცევის“ აღკვეთისკენ. აღნიშნულ ქცევაში გულისხმობენ „ქმედებებს, რომელთა მიზანი ან შედეგი იწვევს ინდივიდის ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ დამორჩილებას, ამ მდგომარეობის  შენარჩუნებას ან ექსპლუატაციას, რაც აზიანებს თავად ამ ინდივიდს ან საზოგადოებას.“ მსგავსი ქცევის აღკვეთისკენ მიმართულ ერთ–ერთ ღონისძიებად რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს იმგვარი საკანონმდებლო ზომების მიღებას, რაც დასჯადად გამოაცხადებს „ფსიქოლოგიური და/ან ფიზიკური სისუსტის მდგომარეობით სარგებლობას.“ (რეზოლუციის პროექტი, პარ. 6.7.)

 ამასთან ერთად, ინიციატივის შეფასებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიდევ ორი გარემოება. განმარტებით მემორანდუმში, მომხსენებელი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია „სექტის“ დეფინიციაზე შეთანხმება, მაგრამ ის სხვა მოხსენებაზე დაყრდნობით გვათავაზობს შემდეგ განსხვავებას „რელიგიასა“ და „სექტას“ შორის: „რელიგია გულისხმობს იმ პირთა თავისუფალ და ინფორმირებულ თანხმობას, რომლებიც მას უერთდებიან, მაშინ როცა პირები, რომლებიც შედიან ზოგიერთ სექტაში შეიძლება თავისუფალნი არიან მასში გაწევრიანების მომენტში, მაგრამ არ არიან ინფორმირებულნი და როდესაც ინფორმირებულები ხდებიან, აღარ არიან თავისუფალნი.“ (მოხსენება, პარ. 15)

ყველა აქამდე დასახელებული განმარტების ბუნდოვანებას ემატება რეზოლუციის პროექტში ისევე, როგორც მთელ მოხსენებაში არაერთხელ გამეორებული ფაქტი, რომ პრობლემა არ არის სათანადოდ გამოკვლეული ევროპის საბჭოს ქვეყნებში და ამ საკითხზე კვალიფიციური მონაცემები არ მოიპოვება. ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას:

1) წარმოუდგენელია, პრობლემასთან დაკავშირებით რაიმე საერთაშორისო ღონისძიების გატარება, როდესაც ამ პრობლემის კრიტიკული ელემენტის - „სექტის“ განმარტება და მასზე შეთანხმება არის შეუძლებლად აღიარებული. თავად მომხსენებელი სამუშაო ვერსიის შემოთავაზებასაც კი ვერ ახერხებს.

2) „სექტა“ შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული კონოტაციის შემცველი ტერმინია, რომელსაც დომინანტური რელიგიები იყენებენ შედარებით ახალი და მცირერიცხოვანი რელიგიური გაერთიანებების წინააღმდეგ.

3) კიდევ უფრო პრობლემატურია ის გარემოება, რომ რელიგიური გაერთიანებების ამ ნიშნით რეგულირება სახელმწიფოსგან მოითხოვს ნაციონალურ დონეზე არსებული კონფესიების მსოფლმხედველობის შესწავლასა და მათი ლეგიტიმურობის შეფასებას, რაც ერთმნიშნველოვნად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპს. აღსანიშნავია ასევე, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლობითმა ორგანომ არ უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც წინააღდეგობაში მოვა ევროპის საბჭოს მეორე ინსტიტუტის – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

4) გარდა იმისა, რომ ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად შეუთავსებელია რელიგიის თავისუფლებასთან, ის აგრეთვე გულისხმობს ადამიანის უფლებათა კონვენციით დაცულ მთელ რიგ უფლებებში ჩარევას, როგორიცაა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11), მშობლის უფლება საკუთარი შვილების განათლებასთან დაკავშირებით (კონვენციის დამატებითი ოქმის მე–2 მუხლი) და განსაკუთრებით, დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14).

5) რეზულიციისა და რეკომენდაციის წარმოდგენილი პროექტების დისკრიმინაციული ხასიათი აშკარაა იმის გათვალისწინებით, რომ ის ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს  ე.წ. ტრადიციული და დომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის უპირატესობის მინიჭებას.

6) ამასთანავე, ინიცირებული პროექტები არ ეფუძნებიან რაიმე ემპირიულ კვლევას, რაც აჩვენებდა, რომ პრობლემა რეალურია. განსახილველი რეზოლუციისა და რეკომენდაციის პროექტები მეტისმეტად  ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი და  მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებებისთვის საფრთხის შემცველია. ეჭვგარეშეა, რომ მოცემული კანონპროექტის მიღება დამატებით ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის მთელ რიგ რელიგიურ გაერთიანებებს რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებით სარგებლობაში. შესაბამისად, არ არსებობს მისი გაზიარებისა და მხარდაჭერის არანაირი მიზეზი.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მივმართავთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ რეზოლუციას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
იდენტობა
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
კავშირი  საფარი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ფონდი ALPE
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
თავისუფლების ინსტიტუტი


[1] http://assembly.coe.int/ASP/XRef/X2H-DW-XSL.asp?fileid=20544&lang=en

აპრ/1405