ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

განცხადება 5 ივლისის ძალადობრივ ექსტრემიზმზე

უკიდურესად საგანგაშოა 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ექსტრემისტული, ჰომოფობიური, პრორუსული სიძულვილის ჯგუფების  შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე და სახელმწიფოებრიობაზე, რაც მხარდაჭერილი და ხელშეწყობილი იყო საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ.

თბილისი პრაიდის ორგანიზებით გასამართი “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქცია, რეალურად მიმართული იყო არა მხოლოდ ლგბტ+ ადამიანების, არამედ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ღირსების მარში გაუქმდა, მოძალადე ჯგუფებმა ღმერთის სახელით დაარბიეს თბილისი პრაიდის ოფისი, პარლამენტის წინ განთავსებული საპროტესტო კარვები, სხვა კერძო და საჯარო სივრცეები, ცემეს და დაჭრეს გამვლელები, დასდევდნენ და უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, მიზანმიმართულად იძალადეს 50-მდე ჟურნალისტზე, დემონსტრაციულად ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

საქართველოს ხელისუფლება, უმაღლესი თანამდებობის პირები, რამდენიმე კვირის განმავლობაში აკეთებდნენ პრაიდის საწინააღმდეგო განცხადებებს, რამაც უფრო მეტად წააქეზა მოძალადე ჯგუფების მიერ დაგეგმილი შტურმი დემოკრატიაზე.

ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კერძო საკუთრება და გზა გაუხსნა ექსტრემისტ ჯგუფებს ძალადობისკენ. ქალაქში მოძალადეების მობილიზების დროს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადებით პირდაპირ წააქეზა მოძალადე ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ქმედებები.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და სასულიერო პირები ქადაგებებში, სატელევიზიო მიმართვებსა და განცხადებებში  ღიად მოუწოდებდნენ ადამიანებს შეკრებისა და ძალადობისკენ. 

ეკლესიასთან ერთად იდგნენ ღიად პრორუსული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური პოლიტიკური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსი, ლევან ვასაძის მოძრაობა, ქართული მარში, ქართული იდეა, რიონის ხეობის მცველები და სხვა. ეს იყო ხელისუფლების, საპატრიარქოს და ამ ძალების ერთობლივი ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური მოქმედება.   

ამ ფონზე ხაზგასასმელია სხვა რელიგიური ორგანიზაციების განცხადებებიც, რომლებიც, სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საპატრიარქოს მითითებით იქნა შემუშავებული. რამდენიმე არადომინანტურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ - სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ, თბილისის დიდმა სინაგოგამ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ და ეზიდთა სასულიერო საბჭომ მხარი დაუჭირა დაგეგმილ  კონტრაქციას, სადაც მოსალოდნელი იყო სამოქალაქო აქტივისტებსა და ღირსების მარშის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმა. მათ გაავრცელეს ჰომოფობიური განცხადებები, რითაც ხელი შეუწყვეს მოსალოდნელ ძალადობას. მისასალმებელია, რომ მოგვიანებით ეზიდთა სასულიერო საბჭომ მეორე განცხადება გაავრცელა და სინანული გამოთქვა პირველი განცხადების შინაარსის გამო. 

ყოველივე ამასთან ერთად, გვინდა განვაცხადოთ, რომ განსაკუთრებით დიდი ხიფათის შემცველია პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირის მიერ მასობრივი ძალადობის ფონზე გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად საქართველოში კანონით უნდა აიკრძალოს ე.წ. ,,რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა”.

საპატრიარქო უკვე წლებია ცდილობს “მკრეხელობის” დასჯის შესახებ კანონმდებლობის მიღებას. ბოლო წლებში არაერთი საკანონმდებლო ინციატივა შევიდა პარლამენტში, რომელთა ნაწილის ავტორი საქართველოს ხელისუფლება იყო. საპატრიარქოს მიზანია, დასაჯოს ადამიანები მისი კრიტიკისთვის.

მიგვაჩნია, რომ ხსენებული ინიციატივის მიზანი, საბოლოო ჯამში, განსხვავებული აზრის, რელიგიური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის სურვილია. ყოველივე ამასთან ერთად, მოცემულ ძალადობრივ კონტექსტში, საპატრიარქოს პოზიცია იკითხება როგორც საკანონმდებლო, რელიგიური, ეთნიკური და პოლიტიკური დომინაციის, როგორც უმრავლესობის მხრიდან ძალადობის უფლების დაკანონების გაცხადებული სურვილი.

დღეს, ჩვენი ამ განცხადებით ბუნებრივი იქნებოდა მიგვემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის და მოგვეთხოვა 5 ივლისის ძალადობის ფაქტების გამოძიება, პასუხისმგებელი პირების დასჯა და საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. მაგრამ, აუცილებლად მიგვაჩნია იმის დეკლარირება, რომ ხელისუფლების ქმედებები და განცხადებები თავადაა მასშტაბური ძალადობის, ანტიდასავლური გზავნილებისა და საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფის მოტივაციის შემქმნელი და ხელის შემწყობი. აუცილებლად მიგვაჩნია, ამ განცხადებით ხელისუფლებისადმი პროტესტის გამოთქმა და ძალადობის წახალისებაში მისი მხილება.

ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისი პრაიდის გუნდს და ლგბტ+ ადამიანებს. მათ უკვე მრავალი წელია, არ ეძლევათ კონსტიტუციით დაცული უფლებების რეალიზების საშუალება, განიცდიან დევნას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  

სოლიდარობას ვუცხადებთ ძალადობის მსხვერპლ ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ორგანიზებული ჯგუფების ძალადობის სამიზნე და მსხვერპლი გახდა.

საქართველოს მოსახლეობამ და საერთაშორისო საზოგადოებამ ხელისუფლებისგან მიიღო ღია გზავნილი, რომ საქართველოში ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დაცული.

ლიბერალური დემოკრატიის, ნებისმიერი თავისუფლებისმოყვარე ადამიანის უსაფრთხოება, ჩვენს ძალადობრივ გარემოში, უკიდურესად დიდი გამოწვევის წინაშეა!

ივლ/2106