იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა,[1] რომელიც ინდოეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ პირებს და ინდოელ სტუდენტებს განსხვავებულ პირობებს უწესებს. კერძოდ:
ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, საქართველოში ვიზიტამდე დაექვემდებარება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე, ხოლო შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს, საკუთარი ხარჯით.
უშუალოდ სტუდენტებთან მიმართებაში, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, საქართველოში ვიზიტამდე წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ასევე დაექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.
ამასთან, ცვლილებით განისაზღვრა, რომ ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდეს მხოლოდ ჩარტერული რეისებით.
საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ 13 აპრილს, N322 დადგენილებაში ასევე იყო შესული ცვლილებები ინდოეთიდან მომავალ პირებსა და სტუდენტებზე,[2] თუმცა ანალოგიურ შემთხვევებზე რეგულაციები უკავშირდებოდა მხოლოდ 3-დღიან თვითიზოლაციას. ერთი დღის განმავლობაში კი შეზღუდვები უკიდურესად გამკაცრდა.
ასეთი რეალობის წინაშე საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტები უკვე აღმოჩნდნენ. ახალი რეგულაციების შესახებ 14 აპრილს, გამომგზავრებამდე, მათ არაფერი იცოდნენ. თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ინდოეთიდან ჩამოსული 180 სტუდენტი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარა. ევრონიუსის ცნობით, მათგან 150 სტუდენტს “ასტრაზენეკას” ვაქცინის ორი დოზა უკვე გაკეთებული აქვთ. დამატებითი ხარჯის სახით თითოეულ დღეზე მათ 150 ლარის დაფარვა უწევთ საშუალოდ, რისი მატერიალური შესაძლებობაც მათ ოჯახებს არ გააჩნიათ.[3]
ინდოეთიდან მომავალი პირების, მათ შორის, სტუდენტების 14-დღიან კარანტინში მოთავსება და მხოლოდ ჩარტერული რეისით შემოსვლის უფლება შესაძლოა განხილული იყოს დისკრიმინაციად ეროვნების, მოქალაქეობისა და წარმოშობის ნიშნით.
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად,[4] არაპირდაპირი ანუ ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ზღუდავს პირის უფლებას, რომელიმე ნიშნის გამო, როდესაც ასეთ შეზღუდვას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ან უფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული საშუალება არ არის თანაზომიერი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
შესაბამისად, მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ არის ზედმეტად მკაცრი, არაგონივრული, არაპროპორციული და დისკრიმინაციული.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კოვიდ პანდემიის პირობებში, უცხოელი სტუდენტები, განსაკუთრებით კი ინდოეთის მოქალაქეები, წააწყდნენ რიგ პრობლემებს სწავლის პროცესთან დაკავშირებით. სტუდენტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების გამო და მათ ვეღარ შეძლეს უკან დაბრუნება. გარკვეულ ეტაპზე სწავლება უნივერსიტეტებმა დისტანციურ რეჟიმში გადაიტანეს. თუმცა, შემდგომში, კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისიწნებით. მაგრამ სტუდენტების დიდ ნაწილს, საკუთარ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების, ფინანსური პრობლემების და საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არსებული არაერთი გაურკვევლობის გამო, არ შეეძლოთ საქართველოში დაბრუნება. შედეგად, ისინი სასწავლო პროცესსაც ჩამორჩნენ. იმ პირობებში, როდესაც ინდოეთის მოქალაქეები უამრავ დაბრკოლებას ისედაც აწყდებინ როგორც საქართველოში შემოსვლის მხრივ, ისე საქართველოში სხვადასხვა სერვისებით სარგებლობისას, აღნიშნული დამატებითი არაპროპორციული შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ დადგენილ რეგულაციებს და შეცვალოს ისინი პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით.
[1] საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 აპრილის N 170 დადგენილება
[2] საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აპრილის N 169 დადგენილება
[4] კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.