ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

განცხადება პრემიერ-მინისტრის მიერ ლევან ბობოხიძის შეწყალების თაობაზე გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით

 

 

 

2015 წლის 23 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლევან ბობოხიძის შეწყალების შესახებ, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხონის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ლევან ბობოხიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმაა. გავრცელებული ინფორმაციით ლევან ბობოხიძეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქონდა მისჯილი, ხოლო მოხდილი ჰქონდა მხოლოდ მისი ნაწილი - 8 თვე.

აღნიშნული შეწყალების აქტს მყისიერად მოყვა მწვავე კრიტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. კრიტიკის ძირითად საგანს წარმოადგენდა შეწყალების მიზანშეწონილობა შეწყალებული პირის პოლიტიკური კუთვნილების გათვალისწინებით.

ცალსახაა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით აქვს აბსოლუტური უფლებამოსილება, შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული პირი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ შეწყალების აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს და პრეზიდენტი შეწყალების დროს თავად წყვეტს, თუ რა გარემოებების გამო თვლის პირის შეწყალებას მიზანშეწონილად. ამავდროულად მას არ აკისრია ვალდებულება დაასაბუთოს შეწყალების აქტი.

ზოგადად შემაშფოთებელია აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება შეწყალების კონსტიტუციური ინსტიტუტისადმი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა სწორედ მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების გამოყენების გამო.

ლევან ბობოხიძის მიმართ გამოყენებულ შეწყალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება შესაძლოა გაგებულ იქნეს ღია მოწოდებად პრეზიდენტისადმი, რომ მსჯავრდებულები, წარსული პოლიტიკური საქმიანობისა და კუთვნილების გამო განსხვავებულ რეჟიმში მოაქციოს და მათთან მიმართებით შეწყალების გამოყენებისას განსხვავებული მიდგომებით იხელმძღვანელოს.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმული კრიტიკა სხვა არაფერია თუ არა მოწოდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მართლმსაჯულების შერჩევითად და შესაბამისად მკაცრად გამოყენების შესახებ, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლებისთვისაც შესაძლოა იქცეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის გზავნილად. მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის განცხადებები უარყოფითად აისახება სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მისამართით მნიშვნელოვანი კრიტიკა ისმის როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივებით განხორციელებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI

მედიის განვითარების ფონდი MDF

საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

იდენტობა

ივლ/1529