ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. გაერომ ეს თარიღი აღიარა ხსოვნის დღედ, რადგან სწორედ 1945 წლის 27 იანვარს  გათავისუფლდნენ ტყვეები აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ამ უმძიმესი ისტორიული მოვლენის გახსენება მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად და კიდევ ერთხელ ერთმანეთისთვის შესახსენებლად, რომ ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია, მათ მიმართ უნდობლობის, სიძულვილისა და ზიზღის გამოხატვა შესაძლოა უმძიმესი შედეგებით დასრულდეს.

ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად იქცა. 1933-45 წლებში ევროპის ტერიტორიაზე გერმანიის ნაცისტურმა ხელისუფლებამ მის მოკავშირეებთან ერთად მილიონობით ებრაელი, ბოშები, შავკანიანები, იეჰოვას მოწმეები, სლავები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები გაანადგურა. 

სხვა გენოციდებისგან განსხვავებით, ჰოლოკოსტს ჰქონდა აბსოლუტურად ტოტალიტარული ხასიათი: მისი მიზანი იყო ყველა ებრაელის განადგურება განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. გარდა ამისა, ჰოლოკოსტი თითქმის მთლიანად რასობრივი სიძულვილით იყო განპირობებული. ჰოლოკოსტი შემთხვევითი და უეცარი მოვლენა არ ყოფილა. მას წინ უძღოდა იმდროინდელ გერმანულ საზოგადოებაში მკაფიოდ გამოხატული ანტისემიტური განწყობების გაღვივება და ებრაელებისგან მტრის ხატის შექმნა. ნაცისტებმა მოახერხეს, მასები დაერწმუნებინათ, რომ  გერმანელები ღვთისგან რჩეული, უპირატესი რასა იყო, ხოლო ებრაელები მათ გადაშენების საფრთხეს უქმნიდნენ. ირაციონალურ სიძულვილს, რასიზმს, რელიგიურ-ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნასა და დისკრიმინაციას მოჰყვა უდიდესი მასშტაბის კატასტროფა. 

სწორედ სტერეოტიპების საფუძველზე დაშენდა ინსტიტუციონალიზებული ანტისემიტიზმი, რომელიც თანამედროვე კონტექსტშიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსის (IHRA) განმარტებით, ანტისემიტიზმი არის ებრაელთა იმგვარი აღქმა, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ სიძულვილში გამოიხატოს. ანტისემიტიზმის ვერბალური და ფიზიკური გამოვლინებები მიემართება ებრაელებს, მათ ქონებას, ებრაულ ორგანიზაციებსა და რელიგიურ დაწესებულებებს. ანტისემიტიზმი მოიცავს შეთქმულების თეორიებს ებრაელების შესახებ და ადანაშაულებს ებრაელებს, როდესაც მსოფლიოში რაიმე უარყოფითი მოვლენა ხდება. 

ანტისემიტური განწყობები, სამწუხაროდ, დღესაც ხშირად გვხვდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. იმისთვის, რომ ჰოლოკოსტის მსგავსი მოვლენა აღარ განმეორდეს, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეების მუდმივი გააზრება და პრევენცია. 

 

იან/2227