ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI კახა კალაძის ინიციატივასა და განცხადებებს ეხმაურება

8 აპრილს, თბილისში, უცხოელ სტუდენტებზე განხორციელდა ძალადობა, რომელიც, სავარაუდოდ, რასობრივი სიძულვილით იყო მოტივირებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. TDI უცხოელი სტუდენტების ნაწილს იურიდიულ დახმარებას უწევს და მათ ინტერესებს იცავს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში.

მომხდარ ფაქტს, 10 აპრილს, გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. იგი გამოვიდა ინიციატივით, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, სადაც სავარაუდო დანაშაულს ჰქონდა ადგილი, გაიმართოს ამხანაგური მატჩი ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის: რაც მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა და სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ. ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“.

TDI  მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები და ინიციატივები, ამ ეტაპზე საზიანოა გამოძიების ინტერესებისთვის. მასში ხაზგასმულია შესაძლო დანაშაულის დავიწყების მიზანი და არა ეფექტიანი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა.

თბილისის მერის ინციატივით, დღეს, 14 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე გაიმართა მატჩი, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიიღეს.

დღესვე, კახი კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელი სტუდენტების დაშანტაჟებაში დაადანაშაულა, რათა მათ არ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ თამაშში.

ამხანაგური საფეხბურთო მატჩის გამართვის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, მიგვაჩნია, რომ, უპირველეს ყოვლისა, მომხდარი ფაქტი ობიექტურად, დროულად უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაული და რასიზმი მკაფიოდ დაგმობილი.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივა მიმართული უნდა იყოს  სტუდენტებისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და საზოგადოებაში შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის წახალისებისაკენ.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები არ აღიქმებოდეს ორაზროვნად და ხელისუფლების პოზიცია, პირველ რიგში, ძალადობისა და დანაშაულის მკაფიო კრიტიკასა და ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვაზე იყოს აქცენტირებული.

სამწუხაროა, რომ თბილისის მერი კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს შანტაჟში, ხოლო ძალადობის ერთმნიშვნელოვან შეფასებასა და დაგმობას, თავს არიდებს.

ხელისუფლების მხრიდან შეუწყნარებლობით მოტივირებული უფლებადარღვევებისადმი შემგუებლური დამოკიდებულება ხელს უშლის მსგავსი დანაშაულების პრევენციას, ლეგიტიმურობას უკარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას და  ძალადობას ახალისებს.

აპრ/1814