ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI ქესალოში ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან დაპირისპირების შესახებ

21 იანვარს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში ეთნიკურად აზერბაიჯანელ ადგილობრივ მოსახლეობას მართლმადიდებელი სასულიერო პირები სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისა და მათი დამუშავების უფლებას არ აძლევენ. 

ქესალოელებს ჯერ ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები, შემდეგ კი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯანმდელიანი დაუპირისპირდნენ. ეპარქიის პოზიციით, სწორედ მათ აქვთ მიწების განკარგვის უფლება. 

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეურნეობა და სოფლის მიმდებარედ არსებული მიწების დამუშავება მთავარი საარსებო წყაროა. 

ეთნიკური აზერბაიჯანელების თქმით, ხელისუფლების მხრიდან ისინი ამჩნევენ არათანაბარი მოპყრობისა და მართლმადიდებელი სასულიერო პირებისადმი მიკერძოების ნიშნებს. ადგილობრივი თვითმმართველობა საკითხის გარკვევისა და დავის გადაწყვეტისთვის ერთკვირიან ვადას ასახელებს.  

წინა გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც დავით გარეჯისა და ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე მსჯელობისას ეპარქია რეგიონში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შუღლს აღვივებდა, შესაძლოა ახლაც, სოფელ მეორე ქესალოში მოსახლეობასთან დაპირისპირებას ეთნიკური და რელიგიური მოტივი ჰქონდეს. 

შოვინიზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა, მით უფრო დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, აღვივებს შუღლს, იწვევს თანამოქალაქეებს შორის გაუცხოებას და ახალისებს ძალადობას.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ინციდენტზე ხელისუფლების მხრიდან პასიური რეაგირება ან მიკერძოებული, დისკრიმინაცული დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამწვავებს დაპირისპირებას და რელიგიურ-ეთნიკურ ნიადაგზე უფრო მასშტაბური კონფლიქტის საფრთხეს შექმნის. 

პარალელურად, 27 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩუსთან, გაგის ციხეზე მართლმადიდებლებმა ეპისკოპოს ჯანმდელიანის ხელმძღვანელობითა და ქსენოფობიური პოლიტიკური ჯგუფის ,,ქართული მარშის” მონაწილეობით, ჯვარი აღმართეს.  ჯანმდელიანის თქმით, სოფელ კუშჩუსთან ჯვარი და საქართველოს სახელმწიფო დროშა გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ და სასულიერო პირებმა დაგმეს ჯვრის მოხსნის ფაქტი, და აღნიშნეს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები პატივს სცემენ რელიგიურ და ნაციონალურ სიმბოლიკას და სავარაუდოდ, ადგილი აქვს პროვოკაციას

TDI მოუწოდებს ხელისუფლებას, გაატაროს თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული სამართლიანი, სეკულარული პოლიტიკა და თავიდან აირიდოს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის ახალი კერების გაჩენა.

 

TDI სწავლობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში მიწებთან დაკავშირებულ პრობლემას და დეტალურ სამართლებრივ ანალიზს საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შემდგომ გავავრცელებთ. 

 

 

იან/2128