ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI-ს განცხადება ვიტალი საფაროვის მკვლელობის გამოძიების შესახებ

30 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიადაგზე,  მოკლეს საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ვიტალი საფაროვი.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრი, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩადენილია ნეონაცისტური ჯგუფის წევრების მიერ.

ვიტალი საფაროვის საქმე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ იგი შესაძლოა იყოს ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი პირველი მკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა სავარაუდოდ ჩადენილია ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით, მიგვაჩნია, რომ საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს 109-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, საქმეს დაუყოვნებლივ მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია, საქმის  მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებას წარუდგინოს გამოძიების დეტალები, დანაშაულის მოტივი და დადასტურების შემთხვევაში, გამოკვეთოს დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის რასობრივი, რელიგიური, ეროვნული და/ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი.

***

ბოლო წლების განმავლობაში, ნეოფაშისტური და ულტრანაციონალისტური ჯგუფები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან კონკრეტული წარმოშობის, ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს. TDI-მ უკანასკნელად, ე.წ. “საქართველოს დარაჯების” საქმეზე, შსს-ს 1 თვის წინ, 14 სექტემბერს მიმართა საჯაროდ და მოუწოდა მყისიერი რეაგირება მოეხდინა სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებზე. - “ყოველგვარი უმოქმედობა წაახალისებს ექსტრემისტულ ჯგუფებს რელიგიური/ეთნიკური/რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულისკენ.”- აღნიშნულია TDI-ს განცხადებაში.

ვიტალი საფაროვი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობდა ჩართულობისა და განვითარების ცენტრში. მნიშვნელოვანია, რომ მისი ორგანიზაციაც მკვლელობას ქსენოფობიურ საფუძვლებს უკავშირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და შემდეგ დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვიტალი საფაროვი ადგილზე გარდაიცვალა. მას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული ცივი იარაღით. 

თავისუფლების მოედანთან მდებარე ბარებში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ნეონაცისტური ახალგაზრდული დაჯგუფებები განსაკუთრებით აქტიურობდნენ. ბარებში მომუშავე პერსონალი ადასტურებს, რომ მათი აგრესიული და ძალადობრივი ქცევის გამო ხშირად საპატრულო პოლიციაც გამოძახებულა. პოლიცია ხშირ შემთხვევაში, ამ ფაქტებზე არასაკმარის რეაგირებას ახდენდა.

“ყველა უცხოელის მიმართ აგრესია ჰქონდათ, კასტეტებით, დანებით, რკინის ჯაჭვებით დადიოდნენ და ხალხს აშინებდნენ, ბოთლებს ესროდნენ მანქანებს, ბარმენებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, ჩხუბებს ტეხავდნენ, სიამაყით ყვებოდნენ როგორ სასტიკად სცემდნენ უსახლკარო ადამიანებს ქუჩაში[...] პოლიციას თვალიც არ დაუხამხამებია, არც მაშინ ჰქონდათ რეაქცია ჩემს ყოფილ უფროსს გადამტვრეული ბოთლი რომ დაადო სახეზე და დასახიჩრებით ემუქრებოდა, უბრალოდ სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევდნენ და მშვიდად მიდიოდნენ.” - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

როგორც ირკვევა, ვიტალი საფაროვის მკვლელი სავარუდოდ ერთ-ერთი მათგანი იყო. - “შარშან ზუსტად ამ პერიოდში ამ ბიჭის მკვლელები, პატარა ნაცისტები დადიოდნენ ბარში და რამდენიმე თვის განმავლობაში ლამის ყოველდღე პატრული ან კრიმინალური მოდიოდა”. სოციალურ ქსელში სავარაუდო მკვლელის სურათებიც ფიქსირდება, რომელიც დატვირთულია ნაცისტურ-სოციალისტური პარტიის და “შუცშტაფელის(SS)” სიმბოლიკით.

დანაშაულის ადგილის ირგვლივ მომუშავე ადამიანები მიუთითებენ, რომ კონფლიქტი უკავშირდებოდა ენობრივ და ნაციონალურ საკითხებს. ასევე ყვებიან, რომ გარშემო მყოფი პირები, კონფლიქტამდე, ნეონაცისტურ ჯგუფს გაერიდნენ მათი გამორჩეული აგრესიის გამო.

 

ოქტ/1812