ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI სოფელ მოხეში მუსლიმთა უფლებების შეზღუდვის მორიგი ფაქტის შესახებ

მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ყოფილი სამლოცველოს შესასვლელი დალუქეს. შენობა დღემდე რჩება “სადავო ქონებად” სახელმწიფოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მუსლიმ თემს შორის.

სახელმწიფომ მუსლიმ თემს შენობის ტერიტორიაზე ლოცვის საშუალება შეუზღუდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მუსლიმებმა რამდენიმე დღის წინ, სრულიად მშვიდობიანი ფორმით, ამ ადგილას საკუთარი რელიგიური რიტუალის შესრულება დაიწყეს. მუსლიმების ლოცვას მართლმადიდებელი სასულიერო პირების პროტესტი მოჰყვა. 14 ოქტომბერს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებების დაცვა მოითხოვა. პრესკონფერენციის პარალელურად კი, პოლიციამ მუსლიმებს ე.წ. სადავო ნაგებობის შესასვლელი აუჭედა.

მეჩეთი, რომელიც დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი, მეოცე საუკუნის ოციან წლებში, მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. საბჭოთა ხელისუფლების მიერ მათ გადასახლებამდე, იგი ფუნქციონირებდა როგორც საკულტო ნაგებობა. საბჭოთა კავშირის დროს შენობას რამდენჯერმე შეეცვალა დანიშნულება და მას იყენებდნენ, როგორც საწყობს, ბიბლიოთეკასა და სოფლის კლუბს. 2007 წლიდან შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა.

სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმები წლების განმავლობაში მუდმივად ითხოვდნენ სახელმწიფოსგან ნაგებობის თემისთვის დაბრუნებას. ამ მიზნით, მათ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობას, თუმცა მუსლიმების მოთხოვნას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

აღსანიშნავია, რომ 2014  წელს, სწორედ მაშინ, როდესაც მუსლიმ თემს მოხეში ხელისუფლება, ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლი და სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ, ნაგებობაზე პრეტენზია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც განაცხადა. მათი თქმით, XVI საუკუნეში ამ ადგილას ქრისტიანული ტაძარი ფუნქციონირებდა. თუმცა, მართლმადიდებელი თემისგან განსხვავებით, მუსლიმები საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად, შენობის არქიტექტურულ მახასიათებლებსა და ისტორიულ წყაროებს ეყრდნობიან.

2014 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუსლიმთა მრავალწლიანი მოთხოვნის ფონზე, შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ადგილობრივი მუსლიმი თემის პროტესტი მოყვა. შენობასთან შეკრებილი მუსლიმი მოსახლეობა პოლიციამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაარბია და ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც 14 მუსლიმი პირის დაკავება მოჰყვა (2014 წელს მოხეში განვითარებული მოვლენების დეტალური აღწერა იხილეთ TDI-ის განცხადებაში.)

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერში, სადავო შენობის წარმომავლობის დადგენის საბაბით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია“ (შემდგომში “კომისია”), რომელიც დაკომპლექტდა ქრისტიანი და მუსლიმი თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებით. კომისიას სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში მუსლიმი მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, ვერ მოხვდნენ თემის ნდობით აღჭურვილი მუსლიმი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც კი, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობაზე უარი განუცხადა.

აღნიშნული კომისია სრულიად არაეფექტური ორგანოა, რომელსაც შექმნის დღიდან, დასახული არც ერთი მიზნისთვის არ მიუღწევია და შენობის ისტორიული კუთვნილების დადგენისა და პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამასთანავე, კომისიის საქმიანობა გაუმჭვირვალეა და მისი მუშაობის შესახებ სააგენტო საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდის.

სააგენტოს 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისია საანგარიშო წელს სამჯერ შეიკრიბა. მათი განცხადებით, კომისიის მუშაობის მთავარ მიღწევას  ადგილობრივ მოსახლეობაში “პროცესის დერადიკალიზაცია” წარმოადგენს.

კომისიის შექმნის დღიდანვე ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოს მიერ საკითხის პოლიტიკურ განზომილებაში გადატანა, მის გაჭიანურებასა და მიჩქმალვას ემსახურებოდა, რათა, ერთი მხრივ, ხელისუფლებას თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა არსებულ პრობლემაზე, ხოლო მეორე მხრივ,  მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის საკუთარი ლოიალობა დაემტკიცებინა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან ხელისუფლების მიერ მუსლიმთა უფლებების შელახვამ, დისკრიმინაციამ და დევნამ სისტემური ხასიათი მიიღო. სახელმწიფო, ერთი მხრივ, არ რეაგირებს მუსლიმთა მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევებზე, არ მოქმედებს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ აწარმოებს ობიექტურ გამოძიებას, რითაც თავს არიდებს საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულებას, ავლენს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მუსლიმი თემის მიმართ და ამგვარად, ხელს უწყობს ძალადობასა და შეუწყნარებლობას. მეორე მხრივ კი, სახელმწიფო, არაერთ შემთხვევაში (ჭელა, მოხე, ადიგენი), უშუალოდ ჩაერთო მუსლიმთა დევნაში. გარდა ამისა, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები  ხშირად გამოხატავენ ისლამოფობიურ დამოკიდებულებას და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ იჩენენ მიკერძოებას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება აწინაურებდა იმ პირებს, რომლებიც მუსლიმთა დევნაში მონაწილეობდნენ. მაგალითად, სახელისუფლებო პარტია ქართულმა ოცნებამ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა გიორგი კოპაძე, რომელიც 2013 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მუსლიმების წინააღმდეგ გამართულ აქციას ხელმძღვანელობდა და სახელმწიფოს მიერ მოხსნილი მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც, არსებული შედეგებით, სახელისუფლებო პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, ხელისუფლებამ კვლავ მოახდინა მუსლიმთა წინააღმდეგ საკუთარი ძალის დემონსტრირება და დისკრიმინაციული პოლიტიკა განაგრძო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ

საქართველოს მთავრობას:

  • ადეკვატურად და სამართლიანად შეაფასოს მუსლიმთა რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევები და დაიცვას რელიგიური ნეიტრალიტეტი;

  • დროულად, ეფექტურად და სამართლიანად უზრუნველყოს რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • იმოქმედოს კანონის ფარგლებში, დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე; ასევე, შემდგომი სამართალდარღვევების აღკვეთის მიზნით, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები და დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები,

საქართველოს მთავარ პროკურატურას:

  • გამოიძიოს ბოლო წლებში სამთაწყაროში, ჭელასა და  მოხეში შსს-ის წარმომადგენლების მიერ მუსლიმებზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტები

ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას:

  • დაიცვას რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი და უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობა

 

ოქტ/1615