19 ივნისს, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, კომისიის დოკუმენტი, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დებულებებსაც ეხება და ცვლილების ნაწილს კრიტიკულად აფასებს. პროექტის თანახმად, შეიცვალა კონსტიტუციური ნორმა, რომელიც სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას განსაზღვრავს.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი კვლავ დეკლარირებულია, თუმცა, მოქმედი დებულებისგან განსხვავებით, ის რწმენისა და თავისუფლებასთან ერთად, ერთ კონტექსტშია განხილული და თანაზომად სიკეთედ არის წარმოდგენილი.[1]
ამასთან, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლიდან (ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლი) ამოღებულია სიტყვა “აღმსარებლობა”. ახალი დებულება აღიარებს მხოლოდ რწმენისა და სინდისის თავისუფლებას.[2]
აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციის მსგავსად, ცვლილებების პროექტით რწმენისა და სინდისის თავისუფლებები შესაძლებელია შეიზღუდოს, თუ მათი გამოვლინებები ლახავს სხვათა უფლებებს.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, აღმსარებლობის (რელიგიის) თავისუფლება - ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა აქტებითა და ევროპული ქვეყნების კონსტიტუციების უმრაველობით. კომისიას მიაჩნია, რომ რწმენის თავისუფლება ზოგადი უფლებაა, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს. შესაბამისად, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლში კონკრეტულად აღმსარებლობის (რელიგიის) თავისუფლების ჩანაწერი, უფრო ცხადად წარმოაჩენდა მოცემული უფლების გარანტიებს. ვენეციის კომისია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს პროექტის იმ ნორმაზე, რომელიც შესაძლებელს ხდის რწმენისა და სინდისის გამოხატვის შეზღუდვას, თუ ამგვარი გამოხატვა არღვევს სხვათა უფლებებს. კომისიის აზრით, წარმოდგენილი შეზღუდვის ფარგლები წარმოშობს რისკს, რომ რწმენისა და სინდისის თავისუფლება განიმარტოს ზედმეტად ვიწროდ, ხოლო “სხვათა უფლებების” დარღვევა საპირისპიროდ - ზედმეტად ფართოდ. ყოველივე აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ამ ორ ინტერესს შორის ადეკვატური ბალანსი არ იყოს დაცული.
TDI მიიჩნევს, რომ:
- კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ;
- გაძლიერდა დომინანტი რელიგიური ჯგუფის პრივილეგირებული პოზიცია;
- გაჩნდა რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის დაცვის სტანდარტების გაუარესების რისკები.
აღსანიშნავია, რომ TDI-მ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისიას მიმართა, სადაც მას კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ვენეციის კომისიას მიმართა სახალხო დამცველმაც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სეკულარობის პრინციპისა და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესუსტებაზე.
TDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით და არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარტის გაუარესება და სეკულარობის პრინციპის დარღვევა.
[1] [მოქმედი: საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. (მ.9. პ. 2)
წარმოდგენილი ცვლილება: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. (მ.8.)]
[2] [მოქმედი: ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის , აზრის , სინდისის , აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება (მ.19. პ.1).
წარმოდგენილი ცვლილება: ყოველ ადამიანს აქვს რწმენისა და სინდისის თავისუფლება. (მ.16. პ.1)