ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/2216

ანტისემიტიზმის ახალი საგანგაშო შემთხვევები საქართველოში

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საგანგაშო ხასიათი მიიღო პრორუსული, ძალადობრივი, ექსტრემისტული ჯგუფების გააქტიურებამ საქართველოში. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა ანტისემიტიზმის რამდენიმე უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტის შესახებ. ამას ემატება ცალკეული მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ გაკეთებული სიძულვილისა და ანტისემიტური, რუსეთის საპატრიარქოსთან თანმხვედრი განცხადებები. 

 

ანტისემიტიზმის ახალი ტალღა მოკლული ვიტალის საფაროვის  წინააღმდეგ

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობმა ფაშისტურმა ჯგუფებმა, წამოიწყეს საგანგაშო ანტისემიტური კამპანია 2018 წელს მოკლული ახალგაზრდა უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. 4 მარტს უცნობმა პირებმა ვიტალი საფაროვის დედას ანტისემიტური შინაარსის და სიძულვილის ენის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნეს სოციალურ ქსელში. ეთნიკურ და ანტისემიტიზმის ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის დედამ ტელეფონზე მოულოდნელად ფაშისტური და ქსენოფობიური შინაარსის რამდენიმე შეტყობინება მიიღო. პარალელურად გამოჩნდა რამდენიმე ანტისემიტური ფეისბუქ პროფილი და გვერდი, რომლებიც გარდაცვლილი საფაროვის ფოტოებს იყენებენ და ფაშისტურ, ანტისემიტურ გზავნილებს, მათ შორის, ებრაელების განადგურების მოწოდებებს ავრცელებენ. ოჯახმა დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას და საქმის გამოძიება მოითხოვა. ამ ეტაპზე უცნობია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. 

25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წელს თბილისის ცენტრში სიძულვილის მოტივით მოკლეს. საქმის მასალებისა და მოწმეების ჩვენებით იკვეთება, რომ საფაროვის მკვლელობის მოტივი სწორედ ეთნიკური შეუწყნარებლობა და მისი ებრაული კუთვნილება იყო, მაგრამ სასამართლომ არ გამოკვეთა საქმეში სიძულვილის მოტივი და განსასჯელები დამნაშავედ მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო. სააპელაციო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. 

 

                

                ფოტოები სოციალური ქსელიდან,  რადიო თავისუფლება

 

ნაცისტური სიმბოლიკა ებრაული სასაფლაოს კედელზე 

არასამთავრობო ორგანიზაცია ისრაელის სახლის ინფორმაციით, ა. წ. 28 თებერვალს ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, სამგორის რაიონში არსებულ ებრაული სასაფლაოს კედელზე დაუდგენელმა პირებმა დახატეს ნაცისტური სვასტიკა (უცნობია ვანდალიზმის ჩადენის ზუსტი დრო). „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლები დაუყოვნებლივ მივიდნენ ადგილზე, გამოიძახეს პოლიცია და შემთხვევის შესახებ იმავე დღეს ოფიციალურად განაცხადეს ისან-სამგორის პოლიციის მთავარ სამმართველოში. გამოძიების შესახებ ინფორმაცია უცნობია. პოლიციის ადგილზე გამოძახებისა და ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ებრაული თემის წარმომადგენლებმა სასაფლაოს კედელი შეღებეს და ნაცისტური სიმბოლიკა წაშალეს. 

 

                 

                 ებრაული სასაფლაოს კედელი. ფოტო: “ისრაელის სახლი”

 

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ანტისემიტური გზავნილები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირების ანტისემიტურმა განცხადებებმა საგანგაშო ხასიათი 2020 წლიდან შეიძინა. იხილეთ სასულიერო პირების განცხადებების ქრონოლოგია. არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას გახშირებული ანტისემიტური განცხადებები არ შეუფასებიათ და დაუგმიათ. 

უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით კრემლის, რუსეთის საპატრიარქოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირების პროპაგანდისტული გზავნილები ხშირ თანხვედრაშია, ხდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ებრაულ წარმოშობაზე ხაზგასმა დამაკნინებელ კონტექსტში, იგი წარმოჩენილია “გეი აქტივისტად”, ხოლო რუსეთის ომი - უკრაინაში დასავლეთსა და რუსულ “მართლმადიდებლურ ღირებულებებს შორის ბრძოლად”. მართლმადიდებელი სასულიერო პირები აქტიურად ავრცელებენ და აზიარებენ როგორც საბჭოთა პროპაგანდას, ასევე ამჟამად პუტინის მთავარ გზავნილებს, მათ შორის შეხედულებებს რუსეთის უძლეველობის, რუსეთ-უკრაინის ერთიანობისა და ნატოსა და დასავლეთის მტრული გეგმების შესახებ. ამ კონტექსტში, რუსეთი “ზრუნავს” მეზობელ სახელმწიფოზე და ხალხზე, რაც ეხმიანება კრემლის მთავარ გზავნილს “უკრაინის დენაციფიკაციასა” და “დემილიტარიზაციაზე”.

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა ხარება ჩიქოვანმა 6 მარტს სოციალურ ქსელ Facebook-ში გააზიარა პოსტი, რომლის ავტორი უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში წერს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არის ებრაელი და ის შეთქმულების თეორიის ფარგლებში, მიზანმიმართულად ხოცავს უკრაინელებს: ''ალბათ ბევრ თქვენგანს ექნება ნანახი უკრაინელი ებრაელის, მულტიმილიონერი პოლიტიკოსის Игорь беркут-ის 2017 წლის ინტერვიუ. სადაც ის საუბრობს პროექტზე "ახალი ისრაელი". პროექტის თანახმად აუცილებელია უკრაინელი მოსახლეობის 5 მილიონამდე შემცირება. იუთუბი სავსეა ამ თეორიის განხილვით. (ძველი ვიდეოებია). რა დამთხვევაა, ზელენსკიც ხომ ებრაელია, რომელსაც აქტიური კავშირი აქვს მასონებთან.'' 

27 თებერვალს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმა გიორგი სამსონიძემ ანტისემიტური შინაარსის პოსტი გააზიარა თავის პირად ფეისბუქ გვერდზე, სადაც პოსტის ავტორი რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ ანტისემიტურ, დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში “კიკინებიან” ებრაელებს აბრალებს და იზიარებს შეთქმულების თეორიას ებრაელების მსოფლიო ბატონობის შესახებ. 

 

                 

                ფოტო: 1. მღვდელ ხარება ჩიქოვანის Facebook პოსტი; 2. მღვდელ გიორგი სამსონიძის Facebook პოსტი 

 

უკრაინის მიმართ შემაშფოთებელი სამხედრო აგრესიის პარალელურად, კრემლი საკუთარი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად აქტიურად იყენებს რბილ ძალას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მედიასა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფს. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოში კიდევ უფრო გააქტიურდნენ ღიად ძალადობრივი, კრემლისტური, ქსენოფობიური ჯგუფები, რომლებიც ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მიუხედავად, მუდმივად დაუსჯელი რჩებიან და უკიდურეს საფრთხეს უქმნიან სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.