ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/2405

ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში

4 ივლისს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულმა მკვლევრებმა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგნენ მკვლევრები: ქეთევან ბახტაძე, ზურაბ მურვანიძე, ნინო ყარალაშვილი და ნინო კალატოზიშვილი.

ქეთევან ბახტაძე სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში “ქართული ისლამური საკულტო ნაგებობების სამართლებრივ დაცვას” იკვლევს. ხელმძღვანელი: დიმიტრი გეგენავა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ვიცე რექტორი.

წაიკითხეთ ამონარიდი ქეთევან ბახტაძის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებებიდან:

"ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არა მხოლოდ აჭარის მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობის, არამედ მთლიანად ქართული კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. აჭარის ხის მეჩეთების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსთვის რელიგიური უმცირესობის – აჭარის მუსლიმი თემის – დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარეობს. საჯარო ხელისუფლება ვალდებულია ხელი შეუწყოს უმცირესობების რელიგიის თავისუფლებით შეუფერხებელ სარგებლობას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კანონმდებლობა ფაქტობრივად უგულებელყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურულ ავტონომიას და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურას იმგვარად არეგულირებს, რომ გადაწყვეტილებას არა ავტონომიური რესპუბლიკა, არამედ ცენტრალური ხელისუფლება იღებს. იმავდროულად, არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც საბჭომ უნდა იმსჯელოს ძეგლისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს მინისტრს. შესაბამისად, საბჭოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკულტო ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დამოკიდებულია საბჭოს იმჟამინდელი წევრების კვალიფიკაციასა და მინისტრის ნებაზე”.

კიდევ ერთი გამარჯვებული მკვლევარი, ზურაბ მურვანიძე, იკვლევს საქართველოში ძველმოწესე მართლმადიდებელთა ეკლესიას. ხელმძღვანელი: ბექა მინდიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

იხილეთ ამონარიდი ზურაბ მურვანიძის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებებიდან:

“საქართველოს XX-XXI საუკუნეთა ისტორიაში ძველმოწესე მართლმადიდებელთა ეკლესიის, როგორც რელიგიური კულტურის ერთ-ერთი ინდივიდის ისტორიული და ანთროპოლოგიური გზა, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამოქალაქო ცხოვრების განვითარებასთან. ყურადღებას იპყრობს მისი წვლილი და რელიგიური თავისებურებანი ინკულტურაციისა და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბების პროცესში”.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ნინო კალატოზიშვილის და ნინო ყარალაშვილის საკვლევი თემაა “რელიგიური უმცირესობები, რწმენის თავისუფლება და სამართალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გავლენა საქართველოზე.“ მათი ხელმძღვანელი: არჩილ მეტრეველი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

ამონარიდი პრეზენტაციაზე მათ მიერ წარდგენილი მიგნებებიდან:

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზეგავლენის მასშტაბების შესწავლისას თითქმის ყველა მიმართულებით თავს იჩენს გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციის მხოლოდ ფორმალური მცდელობა, რაც მსჯელობების დაქსაქსულად, კონტექსტს მოწყვეტილად გამოყენებას ან დაცული სფეროს მხოლოდ ერთი ასპექტის იდენტიფიცირებაში გამოიხატება. აღნიშნული განსაკუთრებით დასანანია იმის გათვალისწინებით, რომ პრეცედენტულ გადაწყვეტილებათა უმრავლესობა, რომელთაც სასამართლო სხვა სახელმწიფოთა საქმეების განხილვისასაც იყენებს, სწორედ საქართველოს მიმართაა მიღებული.”

TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია. პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.