ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1408

TDI-ისა და EMC-ის ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა“

8 ოქტომბერს, „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა“ გამართეს.
კვლევაში შესწავლილია 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში (იანვარი-აპრილი) სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, გადაცემული ფინანსური რესურსების, უძრავი და მოძრავი ქონების მასშტაბი და მიზნობრიობა. ასევე ის ცვლილება, რაც დაფინანსების პოლიტიკამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განიცადა.
კვლევის ძირითადი ნაწილი ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის აპარატის, საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტის, 5 თვითმმართველი ქალაქის მერიებისა და თბილისის 10 რაიონული გამგეობისგან, საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილ დოკუმენტებს. 
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პოლიტიკა მართლმადიდებელ ეკლესიას აბსოლუტურ უპირატესობას ანიჭებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის მატერიალური მხარდაჭერა დიდ მასშტაბს აღწევს, მისი საჭიროება ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული საჯარო ინტერესით, ოდენობა კი არ ეფუძნება გონივრულ, გაზომვად და ობიექტურ კრიტერიუმებს. 
სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი მატერიალური სიკეთის ძირითადი ნაწილი რელიგიური მიზნების განხორციელებას ხმარდება და წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს პრინციპთან. 
მოქმედი პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო, როგორც წესი, არ ამოწმებს გადასაცემი მატერილური სიკეთის მიზნობრიობის დასაბუთებას, ბევრ შემთხვევაში კი, გადაცემის ფინანსურ დოკუმენტებში საერთოდ არ ჩანს თანხის/ქონების გადაცემის მიზანი.