ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
სექ/1506

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ MDF-ის, GDI-სა და TDI-ის საჩივარი დააკმაყოფილა

მედიის განვითარების ფონდის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადების განხილვის შედეგად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 8 აგვისტოს gurianews.com - ზე, გიორგი გაჩეჩილაძის სახელით გამოქვეყნებულ სტატიაში: „თურქული კულტურის ექსპანსია გრძელდება“, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.

აღნიშნული მუხლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

განმცხადებელთა აზრით,  გურია news-ის ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული სტატია თურქოფობიული ხასიათისაა და შეუწყნარებლობას აღვივებს. ავტორი არა სერიალის მხატვრულ ღირებულებას მიმოიხილავს, არამედ ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს ისტორიული ფაქტების თანამედროვე ვითარებაში კონტექსტუალიზაცია.

ამონარიდი სტატიიდან:  

„ჩემი პირადი აზრი გახლავთ: რაც საუკუნეების განმავლობაში ოსმალებმა ცეცხლითა და მახვილით ვერ მოახერხეს, "უწყინარი" თურქული სერიალები მოკლე დროში შეძლებენ და უკვე შეძლეს - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თურქული კულტურული ტყვეობის მსხვერპლი გახდა და ეს ტენდენცია უფრო და უფრო საშიშ სახეს ღებულობს“. „ჩემი პირადი აზრია, რომ თურქული სერიალები ჩვენი მოსახლეობის სულიერ დეგრადაციას და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის ტრადიციების დამკვიდრებას ემსახურება... ოსმალოთა კულტურული ემანსიპასია მოქმედებას განაგრძობს და ქართველთა უსისხლო და უმტკივნეულო "გათურქებაში" დიდი წვლილი შეაქვს.“