სიახლეები
TDI
ოქტ/1515

სახ. დეპ: კანონები და პოლიტიკა უპირატესობას მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს

ტაბულა

სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ 2014 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც დოკუმენტში წერია, ქვეყნის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას და სახელმწიფოსა და ეკლესიას მიჯნავს. თუმცა, კანონები და ზოგადად, პოლიტიკა უპირატესობას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს და აძლევს ისეთ პრივილეგიებს, როგორიც არცერთ სხვა რელიგიურ ჯგუფს არ აქვს.

როგორც დოკუმენტში წერია, "2014 წლის განმავლობაში იყო ცნობები ძალდატანებით რელიგიის შეცვლის შესახებ და მინიმუმ ერთი ძალადობრივი ინციდენტი პოლიციასა და რელიგიური ხასიათის აქციის მონაწილეთა შორის. მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან შეთანხმებით, დადო პირობა, რომ უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერლთათვის. მთავრობამ შექმნა ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების დასაცავად. მან ასევე შეადგინა შესაბამისი სამოქმედო გეგმა რელიგიური ტოლერანტობის მიღწევისა და რელიგიურ მოტივებზე დისკრიმინაციის შესაწყვეტად. მთავრობამ შექმნა რელიგიურ საქმეთა განმხილველი სახელმწიფო სააგენტო და დააფინანსა, რათა ამ სააგენტოს გადაეხადა კომპენსაცია 4 რელიგიური ჯგუფისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში დაზარალდნენ. რელიგიურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ეს ორგანიზაცია, რადგან, მათი მოსაზრებით, რელიგიური ჯგუფების შერჩევის პროცესს გამჭვირვალობა აკლდა და სხვა ჯგუფები დარჩნენ კომპენსაციის გარეშე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე ვერ მოახერხა საზოგადოების შეჩერება, რომელიც ცდილობდა რელიგიური უმცირესობების უფლებების შეზღუდვას. ხელისუფლებამ ვერ შეძლო პირობის შესრულება რელიგიური უმცირესობებისთვის ქონების დაბრუნების ან შენარჩუნების შესახებ. რელიგიური უმცირესობები იტყობინებიან საგანმანათლებლო ინტიტუტების მხრიდან რელიგიურ საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ".

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოს სკოლებში ინდოქტრინაციისა და სხვა რელიგიის მქონე ბავშვებზე ძალდატანების შემთხვევებზე - ძირითადად მუსლიმებზე აჭარაში, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები გამხდარიყვნენ. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი ფიზიკურ და სიტყვიერად შეურაცხყოფას აყენებდა არამართლმადიდებელ სტუდენტს. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, იყო ჩივილები, რომ ხელისუფლება რელიგიური შეუწყნარებლობის მიმართ შეუსაბამოდ იქცევა და მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ სკოლებში რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა.

დოკუმენტში საუბარია იეჰოვას მოწმეების შესახებაც. "იეჰოვას მოწმეები იტყობინებიან, რომ მათზე გაზრდილია ფიზიკური თავდასხმები და ძალადობა. სახალხო დამცველის ოფისი საუბრობდა, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ შევიდა 65 საჩივარი ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შესახებ. საუბარი იყო სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფაზე, რელიგიურ მსახურებაში ხელშეშლაზე, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საკუთრებების დაზიანებასა და ვანდალიზმზე. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, 2014 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული შეურაცხმყოფელი შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაუტოლდა სრული 2013 წლის შემთხვევებს.

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებობს ფართოდგავრცელებული აზრი, რომ არამართმადიდებლური რელიგიური ჯგუფები ზიანს აყენებენ ქვეყნის კულტურულ ფასეულობებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ დაპირისპირებებისა. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებამ წვლილი შეიტანა საზოგადოებაში რელიგიური უმცირესობების მიმართ მტრული დამოკიდებულების გაჩენაში", - ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია ქობულეთში ახლადგახსნილ მედრესეს კარზე ღორის თავის ჩამოკიდების ფაქტი და წერია, რომ არასამთავრობოები აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებებში მარცხის გამო. დოკუმენტში ასევე საუბარია სოფელ მოხეში პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და, ზოგადად, რელიგიური დანიშნულების შენობებზე საკუთრების უფლებების მიმართ სახელმწიფოს ნაკლებ დაინტერესებაზე. "მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრმა დაგმო მოხეში მომხდარი ინცინდენტი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაავალა შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა, სარეკომენდაციოდ შექმნილ სპეციალურ კომისიას, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, ჯერ კიდევ არ აქვს გაცემული შესაბამისი რეკომენდაცია", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ რელიგიურ ჯგუფებს შეზღუდვები აქვთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომლებიც ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა არიან დარჩენილი.

"ამერიკის ელჩი და საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლები ცდილობენ, ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და რელიგიურ უმცირესობებს შორის. მათ ასევე მოაწყვეს შეხვედრები სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან და მთავრობასთან და ცდილობენ ერთად იბრძოლონ მათი რელიგიური თავისუფლების დარღვევების წინააღმდეგ", - წერია ანგარიშში.