სიახლეები
TDI
დეკ/1512

კატო მიქელაძის სახელობის პრემია ლია უკლებას გადაეცა

2015 წლის 12 დეკემბერს, კატო მიქელაძის სახელობის პრემია გადაეცა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ წარდგენილ კანდიდატს, მხატვარ ლია უკლებას.

ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება, წლების განმავლობაში მეთოდურად მუშაობს ადამიანის უფლებებისა და, კონკრეტულად, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

სრულიად გამორჩეულია მისი წვლილი ხელოვნების მეშვეობით პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი ტაბუებისა და სტერეოტიპების ნგრევაში.

ლია უკლებას ნახატები და ინსტალაციები არის ღია პროტესტი ქალთა ჩაგვრისა და რელიგიის სახელით ძალადობის წინააღმდეგ.

მის ნამუშევარს, "ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" დიდი გამოხმაურება მოჰყვა მას შემდეგ, რაც ნახატი 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გამოიფინა.

"ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით" საპატრიარქოს მიერ აღქმული იქნა, როგორც უპრეცედენტო შეურაცხყოფა ქართველი ერისა და მართლმადიდებლობისა. დღემდე, ლია უკლებას წინააღმდეგ გაისმის მუქარები, მათ შორის უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ლია უკლებას თავისი შემოქმედებითი და სამოქალაქო გამბედაობით ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც ქალთა უფლებების დაცვასა და აქტუალიზაციაში, ასევე, იმ ძალადობაზე დაფუძნებული კულტურის რადიკალურ კრიტიკაში, რომელიც არამარტო ქალთა უფლებების, არამედ საქართველოში სამოქალაქო კულტურის, აქტივიზმის, პლურალიზმის წინააღმდეგაა მიმართული.