სიახლეები
TDI
მარ/1601

რელიგიური შეუწყნარებლობის საკითხი ECRI-ს ანგარიშში

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდა, 2012 წლიდან 2015 წლის 17 ივნისის ჩათვლით არსებულ ვითარებას ასახავს.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტებს, კომისია საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.

რელიგიური სიძულვილით/შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები

ანგარიშის მიხედვით, 2012 წლიდან გაიზარდა რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმის შემთხვევები და მათ წინააღმდეგ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა, განსაკუთრებით, მუსლიმებისა  და იეჰოვას მოწმეების მიმართ (2013 წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობის 53 ფაქტი გამოვლინდა, 2014 წლის ექვსი თვის განმავლობაში კი - 25 შემთხვევა). 

ანგარიშში ასევე მოხვდა 2014 წელს,  სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი  ეკლესიის მღვდელზე ჯგუფური თავდასხმისა და 2013 წელს, მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მათი მრევლის მიერ ხანუქას დღესასწაულის ძალადობრივი ჩაშლის ფაქტები.

მუსლიმებზე თავდასხმები

ანგარიშში ასახულია ნიგვზიანში, წინწყაროში (2012), სამთაწყაროში, ჭელაში (2013), მოხესა და ქობულეთში (2014) მუსლიმთა უფლებების მასშტაბური დარღვევის ფაქტები. ანგარიშის მიხედვით, მუსლიმი თემის წევრების დევნის, რელიგიური რიტუალების ჩატარებისთვის ხელის შეშლისა თუ თანასწორუფლებიანობის დარღვევის დროს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტებზე არაადეკვატურად რეაგირებდა და უარს ამბობდა მუსლიმი თემის უფლებების დაცვაზე,  ზოგჯერ კი, თვითონაც ლახავდა მათ უფლებებს. 

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ანგარიშებზე დაყრდნობით, ECRI აღნიშნავს, რომ მოხეში საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ ძალადობრივად დაშალა და, დაპატიმრებებისას ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდა მათ. 

ხელისუფლების რეაგირება 

ECRI აღნიშნავს, რომ ხელისუფლების რეაგირება რელიგიური სიძულვილით/შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე, უმეტეს შემთხვევაში, არ არის ადეკვატური. ასეთი დანაშაულების დროული, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მხარს უჭერს „მედიაციის პროცედურებს, რომლებიც, თავის მხრივ, არასაკმარისია რელიგიურ თავისუფლების უზრუნველყოფისა და ძალადობის პრევენციისთვის.“  

რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის არაეფექტურ პოლიტიკაზე მეტყველებს სტატისტიკა: ბევრ საქმეში პოლიციამ და პროკურატურამ სრულად არ გამოიძიეს საქმეები, ან არ დაიწყეს სამართლებრივი დევნა დამნაშავეთა მიმართ. ხელისუფლებას არ გამოუძიებია სოფელ ჭელაში პოლიციის მხრიდან ადგილობრივი მუსლიმების მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტების, ასევე  წინწყაროსა და ნიგვზიანში მუსლიმთა უფლებების დარღვევის შემთხვევები.

ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავები ხშირად არ ითვალისწინებენ საქმეში აშკარად გამოკვეთილ სიძულვილის მოტივს და გამოძიებას არ წარმართავენ იმ მუხლებით, რომლებიც რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ასევე, იშვიათად გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე1 მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ.
ქობულეთში მედრესეზე ღორის თავის მიჭედებისა და შემდგომში მუსლიმთა სავარუდო დევნის შემთხვევებთან დაკავშირებით, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მხოლოდ მუქარის შემცველ ქმედებებზე და არ გაითვალისწინა რელიგიური სიძულვილის მოტივი.

იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევების ანალიზისას, ECRI ეყრდნობა TDI-ის კვლევას,  რომელშიც საუბარია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებით, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებაზე - 2013 წელს, „საქმეების გამოძიებისას, დამნაშავეებს ხშირად უბრალოდ ხელწერილს ადებინებდნენ, რომ მსგავს დანაშაულს აღარ ჩაიდენდნენ, ან მცირე ჯარიმას ახდევინებდნენ.“

საბოლოოდ, ECRI აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ.”

 

სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა

ECRI კრიტიკულ შეფასებებს გამოთქვამს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებისა და მისი საქმიანობის შესახებ. 

ანგარიშის თანახმად, 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე ახალი სახელმწიფო სტრუქტურა, თუმცა, ამ პროცესში კონსულტაცია არ გაუვლიათ რელიგიურ უმცირესობებსა და სახალხო დამცველთან. ასევე, ბუნდოვანია სააგენტოს მანდატი და რეკომენდაციათა შემუშავების პროცედურა. 

სააგენტო არ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან, ისეთ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა, რელიგიური გაერთიანებებისთვის დაფინანსების განაწილება; ისლამოფობიური თავდასხმების შემდეგ, ადგილობრივი შემრიგებლური მექანიზმების შექმნა; და სახელმწიფო პოლიტიკის ახალი სტრატეგიის შემუშავება რელიგიასთან მიმართებით.

ECRI იზიარებს რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, TDI-ის შენიშვნებს სააგენტოს მიერ შემუშავებულ რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ დოკუმენტი უმცირესობათა მარგინალიზაციისა და რელიგიური გაერთიანებების იერარქიზაციის რისკებს შეიცავს.  

ECRI-ს თანახმად, “რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების სახელმწიფო უშიშროების პერსპექტივაში განხილვა საზიანოა უფლებათა დაცვის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის პრევენციის თვალსაზრისით“.

ECRI აკრიტიკებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ისლამოფობიის ფაქტების შემდეგ, რელიგიური დავების გადაწყვეტის მიზნით შექმნილი კომისიების დაკომპლექტებისა და მუშაობის საკითხებთან დაკავშირებითაც. ანგარიშის თანახმად, ამ პროცესში ჩართული არ იყვნენ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტები. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტოს მიერ ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციის კრიტერიუმები არ არის ცხადი და გამჭვირვალე. 


საკულტო ნაგებობის დაბრუნებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და კათოლიკე ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხზე.  ამ ქონების ნაწილს საკუთრების უფლებით ფლობს მართლმადიდებელი ეკლესია, ან მათზე პრეტენზიას აცხადებს, რის გამოც ქონება ისტორიულ მესაკუთრეებს ვერ უბრუნდება. 

რელიგიური უმცირესობები ასევე ბარიერებს აწყდებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობისას.მაგალითად, კათოლიკე ეკლესია უკვე ორი წელია ვერ აშენებს სალოცავს ქალაქ რუსთავში. იეჰოვას მოწმეებს მართლმადიდებელი მრევლის პროტესტის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეუწყვიტა მშენებლობის ნებართვა, მოგვიანებით კი, პროტესტი იეჰოვას მოწმეების დევნასა და თავდასხმებში გადაიზარდა. ბათუმში მუსლიმს თემს არ ეძლევა საშუალება ააშენოს მეორე მეჩეთი, მიუხედავად იმისა, რომ არსებული მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და მათ ზოგჯერ, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ უწევთ ლოცვა. 


ECRI-ის რეკომენდაციები:

•    სამართალდამცავებმა სრულად და დამოუკიდებლად გამოიძიონ ისლამოფობიის შემთხვევები, განსაკუთრებით კი ჭელას, ქობულეთისა და მოხეს ინციდენტები, სიძულვილით ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, და სამართალდამრღვევთა მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. სამომავლოდ, ხელისუფლებამ დაიცვას რელიგიურ და სხვა უმცირესობათა უფლებები ძალადობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან. 
•    მოხდეს საზოგადოების ინფორმირება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებზე, რომლებიც რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ქმედებათა დასჯის საშუალებას იძლევა; 
•    სასამართლო და სამართალდამცველ ორგანოთა მოხელეთათვის გაიზარდოს სატრენინგო აქტივობები სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებაზე. 
•    დარჩენილი დავები რელიგიური საკუთრების შესახებ სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გზით მოგვარდეს; ასევე, სალოცავ დაწესებულებათა მშენებლობაზე უარი არ გაიცეს აკვიატებული რელიგიური აზრების ან ადგილობრივი პროტესტის გამო;  განცხადებები განიხილებოდეს სათანადო კანონმდებლობის დაცვის შესაბამისად.
•    რელიგიის საკითხა სახელმწიფო სააგენტომ  შეცვალოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია ისე, რომ იგი ფოკუსირდეს რელიგიურ უმცირესობათა უფლებებზე, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებსა და რელიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობაზე ინტეგრაციის პერსპექტივიდან.

პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომლითაც ECRI შუალედურ შემოწმებას ჩაატარებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ორი წლის შემდეგ:

•    საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას საგანგებო დანაყოფი პოლიციაში, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე. ამ დანაყოფის შექმნისას ხელისუფლებამ კომპეტენტური საექსპერტო რჩევისათვის უნდა მიმართოს სახალხო დამცველს, ასევე, შესაბამის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 
•    საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს თავისი მხარდაჭერა რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით საქმიანობს. კერძოდ, დაავალოს ახალშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომ ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გამოიყენოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის მოსაგვარებლად.