ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/1622

TDI-მ გენდერულ თანასწორობაზე ბათუმში ტრენინგი ჩაატარა

8-9 და 10-11 ივლისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), ქალაქ ბათუმში, პარტნიორი ორგანიზაციის "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ოფისში, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის ჩაატარა ორდღიანი ტრენინგები გენდერულ თანასწორობაზე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა:
►გენდერული თანასწორობის ცნებების/მიდგომების გაზიარებასა და გააზრებას;
► საზოგადოებრივ სივრცეში გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული უთანასწორობის, ძალადობის ამოცნობასა და კრიტიკულ ანალიზს; 
►ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის თემების განხილვას; 
►ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის მომიხილვას;
►სხვადასხვა რელიგიურ და კულტურულ ტრადიციაში გენდერული როლების არსებული მოდელების გაცნობასა და თანასწორობის ჭრილში განხილვას.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბათუმში და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებმა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელმა ქალებმა, მათ შორის სტუდენტებმა, მასწავლებლებმა და მუსლიმური თემის ქალმა ლიდერებმა.

მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში განხილულ საკითხებზე მიიღეს თეორიული ცოდნა და შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები.

ტრენინგს ატარებდნენ: პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ევანგელურ -ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე და მოწვეული ტრენერი ნანა ბერეკაშვილი.

პროექტი "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა", რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს, ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.