ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/1611

აშშ-ის რელიგიიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ

10 აგვისტოს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ.

ანგარიშში საუბარია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებულ პრივილეგიებზე, მთავრობის მიერ შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუმჭვირვალე და არაეფექტურ საქმიანობაზე, რელიგიური მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევების მაღალ მაჩვენებელზე, სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკაზე, რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საჯარო სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობისა და სეკულარობის პრინციპების დარღვევებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის არაერთხელაა ნახსენები ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის პოზიცია რელიგიის თავისუფლების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.


სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

ანგარიშის თანახმად, რელიგიური გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას რელიგიის სფეროში და ასრულებს მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციას რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ნახსენებია კვლევითი ორგანიზაციის - ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ცენტრის (NCHR) მოსაზრება, რომლის თანახმად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საკუთარ უმთავრეს მისიად მიიჩნევს არა ყველა მოქალაქის რელიგიის თავისუფლების დაცვას, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ფინანსურ და მატერიალურ უზრუნველყოფას. ორგანიზაცია ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რელიგიის საკითხთა  სახელმწიფო სააგენტო უთანასწოროდ ეპყრობა რელიგიურ გაერთიანებებს და ზოგ მათგანს მიიჩნევს “არატრადიციულად”.    

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და რელიგიური გაერთიანებები აკრიტიკებენ სახელმწიფო სააგენტოს მისი გაუმჭვირვალე საქმიანობის გამო და აღნიშნავენ, რომ ეს უწყება შეიქმნა რელიგიურ გაერთიანებებზე უსაფრთხოების მიზნით გავლენისა და კონტროლის დაწესებისთვის. ტოლერანტობის ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო სააგენტოში არ არის დასაქმებული არცერთი ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი და სახელმწიფომ სააგენტო შექმნა რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, სახალხო დამცველი ოფისთან, რელიგიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გარეშე.

ანგარიში მიმოიხილავს რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკას. 2014 წლის მთავრობის დადგენილების თანახმად, ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, თანხას გამოყოფს დამატებით ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის. აღნიშნულია, რომ TDI და EMC აკტრიტიკებენ სააგენტოს მიერ ბუნდოვანი და სამართლებრივად დაუსაბუთებელი კრიტერიკუმების საფუძველზე, მხოლოდ ოთხი რელიგიური დენომინაციის შერჩევასა და დაფინანსების დისკრიმინაციულ წესს. აღნიშნულ საკითხზე სახარების რწმენის ეკლესიამ, რომლის ინტერესებსაც EMC წარმოადგენს, სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოყვანილია სააგენტოს პოზიციაც, რომლის თანახმად ფულადი კომპენსაცია არის “ნაწილობრივი და სიმბოლური” და რელიგიურ ორგანიზაციათა შერჩევისას მთავრობამ გაითვალისწინა “რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი” და “ამჟამინდელი ნეგატიური გარემოებები”.

ხაზგასმულია, რომ დაფინანსების არსებული პოლიტიკა მოქმედებს რელიგიური გაერთიანებების ავტონომიურობაზე. TDI-ის, EMC-ისა და მუსლიმი თემის ზოგიერთი დამოუკიდებელი ლიდერის თქმით, ამგვარი პრაქტიკით სახელმწიფო პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე.

რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სახელწმიფოს რეაგირება

ანაგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს რეაგირება რელიგიური შუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სამართალდარღვევებზე  არის არაადეკვატური. TDI-ის, EMC-ისა და სახალხო დამცველის ანგარიშებზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიება.

იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს მათ მიმართ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის 51 შემთხვევას, რომლებიც მოიცავდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას, ქონების, მათ შორის სტენდების დაზიანებასა და ვანდალიზმს, სამეფო დარბაზების ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვასა და რელიგიური ლიტერატურის გავრცელებაში ხელის შეშლას.

სახელმწიფოს არ გამოუძიებია 2014 წლის სექტემბერში ქობულეთში ადგილობრივი მუსლიმების რელიგიური ნიშნით სავარაუდო დევნის, მედრესეზე ღორის თავის მიჭედებისა და სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთში მუსლიმების დაშინებასა და დევნას ადგილობრივი მართლმადიდებლების მხრიდან ჰქონდა განგრძობითი ხასიათი, სამართალდამცავები მედიასთან საუბარში აცხადებდნენ, რომ მუსლიმებს შეფერხების გარეშე შეეძლოთ შენობით სარგებლობა. ანგარიშში ნახსენებია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოზიციაც აღნიშნულ საკითხზე - სააგენტოს განცხადებით, ქობულეთში უკვე არსებობს სასწავლებელი მუსლიმებისთვის, და ის ადგილი, სადაც მედრესეს უნდა ეფუნქციონირა, მჭიდროდ არის დასახლებული მართლმადიდებელი ქრისტიანებით.

ანგარიშში მითითებულია, რომ არასამთავრობო და რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფოში არ არსებობს რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ეფექტური მექანიზმი.

რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის ქონების გადაცემისა და საკულტო ნაგებობების მშენებლობის დროს შექმნილი ბარიერები

ანგარიშში ყურადღება ეთმობა რელიგიური გაერთიანებების საკუთრების პრობლემატიკას.

აღნიშნულია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში შეიქმნა რელიგიური გაერთიანებების საკუთრებისა და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისია. ანგარიშში ნათქვამია, რომ TDI-ის თანახმად, კომისია რეკომენდაციას გასცემს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მხოლოდ იმ საკულტო ნაგებობების რელიგიური გაერთიანებებისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, რომლებიც არ არის სადაო ორ ან რამდენიმე რელიგიურ გაერთიანებას შორის.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიური გაერთიანებები საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან წინააღმდეგობებს აწყდებიან. TDI-ის ინფორმაციით, მსგავს შემთხვევებში, მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის პროტესტი. მაგალითად, თერჯოლაში, იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ ორგანიზაციას ადგილობრივი მართლმადიდებლების წინააღმდეგობის შემდეგ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მუნიციპალიტეტმა შეუჩერა მშენებლობის ნებართვა. ამის შემდეგ, იეჰოვას მოწმეებმა მიმართეს სასამართლოს, რომელმაც დაავალდებულა მუნიციპალიტეტი გაეცა მშენებლობის ნებართვა. საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტმა დააყოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და წლის ბოლომდე იეჰოვას მოწმეებმა ვერ შეძლეს მშენებლობის განახლება.

ანგარიშში ასევეა ხაზგასმულია კათოლიკე ეკლესიის საკითხი, რომელსაც რუსთავის მუნიციპალიტეტმა არ მისცა ეკლესიის მშენებლობის ნებართვა.

წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს არ გადაუდგმას ნაბიჯები საბჭოთა პერიოდში სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებისთვის ჩამორთმეული ქონების  რესტიტუციის პრობლემის გადასაჭრელად. აღნიშნული გაერთიანებების გარდა, მუსლიმი თემიც ითხოვს ქვემო ქართლში, ადიგენსა და აჭარაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მეჩეთების გადაცემას. ანგარიშის თანახმად, არ გადაჭრილა ბათუმის ერთადერთი მეჩეთის საკითხი, რომელიც გადატვირთულია და მლოცველებს ვერ იტევს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შეისყიდა შენობა, რომელშიც განთავსდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამუფთო რეზიდენცია და იგეგმება მედრესეს გახსნა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუსლიმი ლიდერების განცხადებით, ამ ნაბიჯით არ იყო გათვალისწინებული თემის დიდი ხნის მოთხოვნა და საჭიროება -  ახალი მეჩეთის მშენებლობა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2014 წელს შექმნილმა კომისიამ ვერ უზრუნველყო სამცხე-ჯავახეთში, სოფელ მოხეში მდებარე სადაო ნაგებობის საკითხის მოგვარება. მუსლიმი თემის განცხადებით, ნაგებობა მე-20 საუკუნეში აშენებული მეჩეთია. მართლმადიდებელი ეკლესიის მტკიცებით კი, ამ ადგილას ეკლესია იყო. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, TDI და EMC აკრიტიკებენ აღნიშნულ კომისიას დახურული პროცედურებით მუშაობის გამო. ტოლერანტობის ცენტრის თქმით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არ გაითვალისწინა მუსლიმი თემის მოთხოვნა, კომისიის საქმიანობაში დამკვირვებლების, მათ შორის ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლის ჩართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არც სახალხო დამცველს მიეცა მონაწილეობის შესაძლებლობა. TDI-ის განცხადებით, მუსლიმი თემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კომისია შექმნილია პროცესის გაჭიანურების მიზნით და თვლიან, რომ მათი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აღნიშნავს, რომ სადაო ნაგებობას აქვს მეჩეთის ფორმა, თუმცა ამტკიცებს, რომ “არასდროს ფუნქციონირებდა როგორც მუსლიმთა სამლოცველო სახლი”.

დისკრიმინაცია საჯარო სკოლებში

ანგარიშის თანახმად, EMC და TDI აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს რეაგირება და დამოკიდებულება სკოლებში არსებულ რელიგიურ შეუწყნარებლობასა და სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნასთან დაკავშირებით არის არაადეკვატური.  

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტოლერანტობის ცენტრი, TDI, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსგან დამოუკიდებელი მუსლიმი თემის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის ოფისი საუბრობენ სკოლებში არსებულ დისკრიმინაციაზე. მათი განცხადებით, მიუხედავად კანონის მიერ აკრძალვისა, სკოლებში ადგილი აქვს მართლმადიდებელი თეოლოგიის სწავლებას, საკლასო ოთახებში ლოცვას და ხატებისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების განთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ამგვარ შემთხვევებზე, ტოლერანტობის ცენტრის ინფორმაციით, უმცირესობას მიკუთვნებული მოსწავლეების მშობლები თავს იკავებენ საჩივრების წარდგენისგან აღნიშნული ინსპექციის მიმართ უნდობლობის და მათი შვილების უფრო მეტად შევიწროვების შიშით. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ განცხადება არ ყოფილა.

დისკრიმინაციული კანონმდებლობა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის სრულ თავისუფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოუკიდებლობას ერთმანეთისგან და ადამიანთა თანასწორობას მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა, თუმცა, ეროვნული კანონმდებლობა და პოლიტიკა გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უთანასწორო საგადასახადო რეჟიმსა და მის აღმოსაფხვრელად გადადგმულ ნაბიჯებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსი რელიგიურ საქმიანობას არ განიხილავს ეკონომიკურ საქმიანობად და რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ ათავისუფლებს გადასახადებისგან შემოწირულობების მიღების დროს. რელიგიური გაერთიანებები (გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა) იხდიან მოგების გადასახადს რელიგიური დანიშნულების ნივთების რეალიზაციის შემთხვევაში, ასევე, ყველა ქმედების დროს, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, რეკონსტუქციასთან და რელიგიური ნაგებობის მოხატვასთან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს, 8 რელიგიურმა გაერთიანებამ, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა და TDI, კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვეს თანაბარი საგადასახადო შეღავათი ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის. აღნიშნულია, რომ 16 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ TDI-ის მიერ წარმოდგენილი რელიგიური ორგანიზაციების სარჩელი მიმართულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგადასახადო პრივილეგიების გაუქმებისკენ. TDI-მ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ სარჩელი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებული პრივილეგიების და კონსტიტუციური შეთანხმების შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხს. რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის (სსიპ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ფორმით. აღნიშნული ფორმით რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს, თითქმის ერთნაირი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის თანახმად, არც ერთ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, არ აქვს უფლება შეიძინოს გარკვეული სახის სახელმწიფო ქონება, პირდაპირი მიყიდვის გზით. აღნიშნული კანონი უფლებას ანიჭებს მართლმადიდებელ ეკლესიას, შეიძინოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განსხვავებული, პრივილეგირებული წესით, რიგ შემთხვევებში - უფასოდ, როცა სხვა რელიგიური გაერთიანებები სახელმწიფოსგან ქონების შეძენის შესაძლებლობას, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ მოკლებულნი არიან.

სიძულვილის ენა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რომლის თანახმად 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის თებერვლამდე საჯაროდ გაკეთდა რელიგიური დისკრიმინაციით მოტივირებული სულ მცირე 77 განცხადება. მათ შორის, 26 განცხადება მიმართული იყო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, 37 განცხადება ეხებოდა ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს და იყო “ისლამოფობიური” ან “თურქოფობიური”,  7 განცხადება გაკეთდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ და ეხებოდა ეკლესიების დაბრუნების საკითხს, 7 განცხადება კი მიმართული იყო საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინააღმდეგ. MDF-ის ანგარიში, ასევე ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ასეულ დისკრიმინაციულ განცხადებაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რელიგიური ნიშნით იყო მოტივირებული.