სიახლეები
TDI
სექ/1602

“პალიტრა ნიუსის” წინააღმდეგ არასამთავრობოების საჩივარი დაკმაყოფილდა

 

ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის" თვითრეგულირების სააპელაციო კომისიამ მედიის განვითარების ფონდის (MDF), კავშირ "საფარის", „იდენტობის", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა" (GDI) და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. 

სააპელაციო კომისიამ მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში "ფალავანდიშვილთან - საგანი "მე და საზოგადოება” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33-ე მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „პალიტრა ნიუსის" სააპელაციო კომისიას დაახლოებით 4 თვის წინ, 2016 წლის 7 აპრილს მიმართეს. აღნიშნული საჩივარი ტელეკომპანიამ ვადებისა და პროცედურების დარღვევით განიხილა. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება კი, რომელიც დათარიღებული არ არის, აპელანტი ორგანიზაციებისთვის 1 სექტემბერს გახდა ცნობილი.

"პალიტრა ნიუსის” მიერ პროცედურების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ MDF-ის საჩივრის საფუძველზე 1 სექტემბერს იმსჯელა. საქმის განხილვა, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას შეეხება, 8 სექტემბერს განახლდება. კომისიამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა პირველმა ინსტანციამ „მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნა თვითრეგულირების ფორმატში საჩივრების გამჭვირვალედ და მხარეების მონაწილეობით განხილვის შესახებ, როცა გადაწყვეტილება მოდავე არასამთავრობო ორგანიზაციების პროცესში ჩართულობის გარეშე განიხილა, ასევე დაირღვა თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ვადები.