ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
სექ/1614

რელიგიური გაერთიანებების შეხვედრა “თავისუფალ დემოკრატებთან”

14 სექტემბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, გაიმართა რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა პოლიტიკურ პარტია “ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატებთან”.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, პარტიის წევრები, მიხეილ ავაქიანი და ბენიამინ კასიმოვი.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” რელიგიურ გაერთიანებებს გააცნეს პარტიის ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი პრობლემები: რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირების, მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის, საკანონმდებლო და პრაქტიკის კუთხით არსებული უთანასწორობის, საკულტო ნაგებობების, მათ შორის, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ბარიერების, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, რელიგიის საკითხთა სახელმწოფო სააგენტოს მუშაობისა და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევის საკითხები.

TDI აგრძელებს შეხვედრათა ციკლს და ამავე ფორმატში, რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებები მომდევნო კვირის განმავლობაში შეხვდებიან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ძირითად პოლიტიკურ პარტიებს.

ღონისძიება მხარდაჭერილია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) მიერ.