სიახლეები
TDI
დეკ/1609

TDI-ის სამუშაო შეხვედრა რესტიტუციის საკითხებზე

TDI აგრძელებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების დაბრუნების საკითხზე მუშაობას და ამ პრობლემატიკაზე რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციებს.

9 დეკემბერს კლუბ “ფრონტლაინ საქართველო”-ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა რელიგიურ გაერთიანებებთან.  TDI-მ რელიგიურ ორგანიზაციებს გააცნო რესტიტუციის საკითხთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილება და წარმოადგინა  პრობლემის კომპლექსური მოგვარების სამომავლო გეგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევანგელურ-ლუთერული, კათოლიკე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიების,  ეზიდური და მუსლიმი თემის წარმომადგენლები. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ჩამორთმეული რელიგიური ქონების საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს და სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზაობა გამოხატეს.

საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება რელიგიური გაერთიანებებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და პრიორიტეტული საკითხია. 2002 წელს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული“, საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა. თუმცა,  ანალოგიური ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს არც ერთ სხვა რელიგიურ გაერთიანებასთან მიმართებით არ გადაუდგამს.

საკულტო ნაგებობების წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დადგენის მიზნით, ფორმალურად, სამთავრობო ან ინტერრელიგიური კომისიები რამდენჯერმე შეიქმნა, მაგრამ მათ რეალურად არასდროს უმუშავია. რელიგიური უმცირესობების ისტორიული მემკვიდრეობის დაბრუნება დღემდე ვერ მოხერხდა. სახელმწიფოს არ მიუღია კანონი რესტიტუციის შესახებ; უმცირესობათა რელიგიურ გაერთიანებებს არ დაუბრუნდა არა მარტო ის ნაგებობები, რომლებზეც საპატრიარქოს პრეტენზია ჰქონდა გაცხადებული, არამედ ისინიც, რომლებიც საპატრიარქოს ინტერესთა სფეროში არ შედიოდა და დღეს სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.

რელიგიური გაერთიანებებისთვის ისტორიული ქონების დაბრუნების პრობლემა  სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური  ნიშნით სისტემური დისკრიმინაციის აშკარა მაგალითია.