ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/1719

შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხზე TDI-ის სამართლებრივი შეფასება

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ბათუმში, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმების ფაქტის შესწავლას განაგრძობს  და სკოლის სასარგებლოდ სამართალწარმოებაში ჩართვას გეგმავს. TDI სკოლის დირექტორის და იურისტის ახსნა-განმარტებების, ასევე საქმეში არსებული დოკუმენტების ანალიზისა და განათლების ექსპერტებთან გასაუბრებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის  (შემდგომში ცენტრი) გადაწყვეტილება,  სავარაუდოდ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, „ზოგადი განათლების შესახებ კანონთან“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონთან და სხვა შესაბამის ნორმატიულ აქტებთან.    

ფაქტობრივი გარემოებები

ბათუმში რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი  გაიხსნა 1994 წელს. საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების დემირელის სახელობის კოლეჯის“ დირექტორის განცხადების საფუძველზე  გასცა ლიცენზია #01-17-07/175 ქ. თბილისის თურქი ეროვნების ბავშვებისათვის დაწყებითი სკოლის, როგორც არასახელმწიფო საერო სასწავლებლის გახსნის თაობაზე, ამ პერიოდისთვის შაჰინის სკოლა დემირელის სახელობის სკოლის ფილიალს წარმოადგენდა.

2010 წლის 7 ივნისს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზიების შესახებ“ საქართველოს კანონების და იმ პერიოდისთვის მოქმედი სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის სახელზე გაიცა  ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია.

2015 წლის 4 სექტემბერს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ  (შემდგომში საბჭო) მიიღო  გადაწყვეტილება N38  შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შესახებ“, თუმცა სკოლას იმავე აქტით მოეთხოვა არსებული თურქული სექტორის გაუქმება. აღსანიშნავია, რომ სკოლას ჰქონდა როგორც ქართულენოვანი სექტორი, ასევე თურქულენოვანი სექტორი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, სადაც სწავლების ენა ძირითადად თურქული და ინგლისური იყო, თუმცა ისწავლებოდა ასევე ქართული ენაც.  მოთხოვნის საფუძვლად ცენტრი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილს უთითებს, რომლის მიხედვით, სკოლაში უცხო ენაზე სწავლება შეიძლება მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე. 2017 წლის 3 თებერვლის საბჭოს სხდომის ოქმში (#1) აღნიშნულია, რომ სკოლაში განათლების სამინისტროს თანხმობის გარეშე  თურქული სექტორი ფუნქციონირებდა.

საბჭოს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნასთან სკოლის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, „თურქულენოვანი სექტორის გაუქმების შესახებ“ სკოლა-ლიცეუმის დირექტორის 2015 წლის 05 ოქტომბრის  (#01-03/64გ)  ბრძანების შესაბამისად, სექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად უნდა შესრულებულიყო შემდეგი პროცედურები: 2015 წლის ოქტომბერს მოსწავლეთა მართვის საინფორამაციო სისტემაში ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო თურქულ სექტორზე რეგისტრირებული მოსწავლეების გადაყვანა ქართულ სექტორზე შექმნილ პარალელურ კლასებში და ყოფილი თურქულ სექტორის მოსწავლეებისათვის  უნდა გაძლიერებულიყო ქართული ენის სწავლება, რათა მათ არ გასჭირვებოდათ ქართულენოვან სექტორში სწავლა.

2016 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გეგმიური მონიტორინგი, რომელმაც შეისწავლა სკოლის შესაბამისობა კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან (საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური და მატერიალური რესურსები).

2016 წლის 21 ნოემბრის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ მოსწავლეთა ელექტრონულ ბაზაში წარმოდგენილია ქართული და თურქული სექტორი. 2017 წლის 16 თებერვალს, TDI-სთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში სკოლის ინფომენეჯერი განმარტავს, რომ იგი პირადად რამდენჯერმე დაუკავშირდა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა სკოლის ბაზიდან ამოეღოთ თურქული სექტორის აღმნიშვნელი გრაფა, ვინაიდან ამ პერიოდისათვის თურქული სექტორი უკვე არ არსებობდა და მოსწავლეები ქართულ სექტორში ირიცხებოდნენ.  მიუხედავად ამისა, ეს ხარვეზი არსებითი ხასიათის არ იყო, რადგან მონიტორინგის დასკვნაში, რომელიც ყოვლისმომცველი და მასშტაბური იყო, ვკითხულობთ, რომ სკოლა აკმაყოფილებს „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 01 ოქტომბრის #99/ნ ბრძანებას“. სკოლას აღნიშნული შემოწმების შედეგად არ მისცემია რაიმე სახის მითითება, მით უმეტეს, არ დამდგარა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხი.

2017 წლის 18 იანვრის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბრძანებით (#35) მონიტორინგის ჯგუფის წევრებს სკოლაში თავიდან დაევალათ  მონიტორინგის განხორციელება. როგორც 2017 წლის 24 იანვრის დასკვნიდან ირკვევა, მონიტორინგი მიზნად ისახავდა თურქული სექტორიდან ქართულენოვან კლასებში გადაყვანილ პირთა ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.

აღნიშნული დასკვნის მიხედვით,  2016-2017 სასწავლო წელს ჩარიცხული 5 მოსწავლის განათლების აღიარება არ მომხდარა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურებით.  კერძოდ,  ცენტრის მიერ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, როგორც მონიტორინგის ჯგუფის დასკვნიდან ირკვევა, მოსწავლეების მშობლებს ინდივიდუალურად უნდა მიემართათ   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ.

დასკვნაში დარღვევად არის ასევე მიჩნეული, რომ 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, სკოლაში ირიცხებოდა სხვა 5 მოსწავლე, რომლებიც სკოლაში არ დადიოდნენ, თუმცა მათი მოსწავლის სტატუსი სკოლის მიერ შეჩერებული არ იყო.

სამართლებრივი შეფასება

1.   „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის“ 2015 წლის 4 სექტემბრის მოთხოვნის კანონიერება თურქული სექტორის გაუქმებასთან მიმართებით

განათლების მიღება შესაძლებელია  ფორმალური ან არაფორმალური გზით. არაფორმალური განათლების მიღების საშუალებებს, ფარგლებსა და ეტაპებს კანონი არ არეგუგლირებს. იგი გულისხმობს სოციალური განათლების ნებისმიერ დაგეგმილ პროგრამას, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, ასევე ისეთ განათლებას, რომელიც მიღებულია არააკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად.

ფორმალურ განათლებას  კი  წარმოადგენს სტრუქტურულ-საგანმანათლებლო სისტემა დაწყებითი სკოლიდან უნივერსიტეტამდე და საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში ექცევა.

ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შაჰინის სკოლის თურქულ სექტორში, 2015 წლის 5 ოქტომბრამდე,  სულ 82 მოსწავლე სწავლობდა.  ისინი არ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის პროგრამას,  სწავლების ენაც თურქული და ინგლისური იყო.  სკოლა ასევე  არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თურქულ სექტორზე მოსწავლეები ნებაყოფლობით არაფორმალურ განათლებას იღებდნენ.

„ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მე-2 მუხლის მიხედვით ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ვინაიდან სკოლის მიერ  თურქული სექტორის ფარგლებში სწავლება წარმოადგენდა არაფორმალურ განათლებას, არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სექტორი არ საჭიროებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან თანხვედრას, მითუმეტეს არც ავტორიზაციას.  „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ავტორიზაციას არ ექვემდებარება ისეთი საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (№ 89/ნ) ბრძანების მე-3 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ცენტრის უფლებამოსილება ამოიწურება ფორმალურ განათლებასთან მიმართებით და მას არ აქვს უფლება ჩაერიოს არაფორმალური განათლების მიწოდება/მიღების პროცესში.

აქედან გამომდინარე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2015 წლის მითითება/გადაწყვეტილება  თურქული სექტორის გაუქმების თაობაზე მოკლებულია ლეგიტიმურ საფუძველს და წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას, მოსწავლეების განათლების, პიროვნული განვითარებისა და შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლის მსგავსად, საქართველოში ფუნქციონირებს გერმანულენოვანი და რამდენიმე ინგლისურენოვანი სკოლა, რომლებსაც პრობლემა არ შექმნიათ ქართული სექტორის პარალელურად, ესწავლებინათ გერმანულ და ინგლისურ სექტორზე, ეროვნული სასწავლო გეგმის გარეშე.

 

2. რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება და პროპორციულობა

სკოლის ადმინისტრაციამ TDI-ს განუმარტა, რომ “სკოლა ემორჩილებოდა საბჭოს გადაწყვეტილებებს  და ახორციელებდა იმ მოქმედებებს, რომელზე მითითებაც ხდებოდა საბჭოს სხდომებზე”. ამიტომ, მათ სადავოდ არ გაუხდიათ თურქული სექტორის გაუქმების შესახებ ცენტრის გადაწყვეტილება.

სკოლის დირექტორი და იურისტი, TDI-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, უთითებენ, რომ სექტორის გაუქმებისა და მოსწავლეების ქართულენოვან სექტორში გადაყვანის პროცედურა შეთანხმებული იყო ცენტრთან და ხელმძღვანელობდნენ მათი მითითებებით.

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში ყოფილი თურქული სექტორის მოსწავლეების დაახლოებით    90%-მა სკოლა დატოვა და 2016 წლის სექტემბერში თურქეთის საკონსულოს მიერ გახსნილ „ბათუმის თურქულ სკოლაში“ დაიწყო სწავლა. აღნიშნულ სკოლას არ აქვს მიღებული ავტორიზაცია და შესაბამისად, არ გასცემს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ მოსწავლეების და მათი მშობლების ინტერესში ფორმალური განათლების მიღება არ შედიოდა.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა სკოლას დაუდგინა ორი ძირითადი დარღვევა:  1. თურქული სექტორიდან ქართულ სექტორში 5 მოსწავლის ჩარიცხვის პროცედურაში არსებობდა ხარვეზები; 2. სკოლამ მოსწავლის სტატუსი არ შეუწყვიტა დამატებით, სხვა 5 მოსწავლეს, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წელს არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების  მე-4 მუხლის 1 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად: „სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხევევაში თუ: მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ  იღებს შეფასებას“. სკოლას არ ჰქონდა შეჩერებული მოსწავლეებისათვის სტატუსი, ვინდაიდან 90 დღიანი ვადა   იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს. როგორც სკოლის იურისტი თავის ახსნა-განმარტებაში უთითებს, ეს საკითხი საბჭოს 2017 წლის 3 თებერვლის  სხდომაზეც წამოიჭრა, მაგრამ  საბჭოს წევრების მხრიდან ამ არგუმენტს არ მოყოლია სათანადო რეაგირება და ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ იმ 5 მოსწავლესთან დაკავშირებით, რომელთა  ქართულ სექტორში გადაყვანასაც  ცენტრი დარღვეულად მიიჩნევს, სკოლა TDI-სთან ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ამ მოსწავლეების მიმართ უკვე გამოცემული იყო განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება.

თუმცა, განათლების ხარისხის ცენტრი 2017 წლის მონიტორინგის დასკვნაში აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სკოლას უნდა ეხელმძღვანელა  “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის  შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  2012 წლის 06 იანვრის #05/ნ ბრძანებით და მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიემართა საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ.  

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მხრიდან მოსწავლეების ჩარიცხვის პროცედურების დარღვევა საეჭვოა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა სასამართლოს მიერ  პროცედურის დარღვევით მოსწავლის გადაყვანა თურქულიდან ქართულ სექტორში, დარღვევა არ  არის  არსებითი ხასიათის და მოსწავლეებსა და სკოლას  არ აყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

მიუხედავად იმისა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონის“ მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმებას, მაშინ, როცა საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს მოსწავლის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონმდებლობას, დეტალურად არ არის გაწერილი დარღვევის რა სიმძიმის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს სკოლამ ეს უფლებამოსილება; კანონის ეს ზოგადი ჩანაწერი საბჭოს აძლევს დისკრეციულ უფლებამოსილებას დარღვევის პროპორციულობის, სიმძიმის, საჯარო და კერძო (მოსწავლე/მასწავლებელთა) ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს მიზანშეწონილი გადაწყვეტილება.

საბჭოს სხვა გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც საჯაროა, ჩანს, რომ სკოლების მიერ კანონით გათვალისწინებული სტანდარტების თუნდაც უხეში დარღვევების შემთხევაში, ცენტრი პრიორიტეტულად ავტორიზაციის შენარჩუნებას მიიჩნევს და სკოლას შენიშვნებს და ამ შენიშვნებისთვის გამოსასწორებელ დროს აძლევს. თუმცა რ. შაჰინის სახელობის სკოლის შემთხვევაში, ეს პრაქტიკა უგულებელყვეს და ცენტრმა მიიღო ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება.

ამ შემთხვევაში, საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ  სავარაუდო დარღვევა შეეხებოდა მხოლოდ 5 მოსწავლეს, რომელთათვის განათლების აღიარება სკოლას მარტივად  შეეძლო „ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის (#207) ბრძანების საფუძველზე. ასეთ დროს, მოსწავლე სკოლაშივე გადის   შუალედურ და სახელმწიფო ატესტაციას, წარმატებით ჩაბარებისას, სახელმწიფო აღიარებს ამ მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო საფეხურის დაძლევის ფაქტს და  ექსტერნი, რომელმაც ჩააბარა გამოცდები,  გადადის მომდევნო კლასში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ სკოლაში 5 მოსწავლის გარდა, ასევე სწავლობდა 340 მოსწავლე, რომლებიც კანონის სრული დაცვით იყვნენ ჩარიცხულნი და იღებდნენ ხარისხიან განათლებას სკოლაში, რომელიც, როგორც 2016 წლის 21 ნოემბრის დასკვნაში წერია, აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს.  ასევე ის ფაქტი, რომ შუა სასწავლო წელს ავტორიზაციის გაუქმებით საფრთხე შეექმნა სასწავლო პროცესის უწყვეტობას, მოსწავლეების მხრიდან ეროვნული გეგმით გათვალისწინებული პროგრამის სრულად დაფარვას. აღსანიშნავია, რომ რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად არის მიჩნეული  ბათუმში, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ  მიუხედავად სოლიდური წლიური გადასახადისა, მოთხოვნა სკოლაზე მაღალია; სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები უარს აცხადებენ სხვა სკოლაში გადასვლაზე, განაგრძობენ პროტესტს და მოითხოვენ ავტორიზაციის აღდგენას.  

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დებულების ანალიზიდან ცხადია, რომ ცენტრი  განათლების ხარისხის ხელშეწყობისათვის შეიქმნა  და არა როგორც სადამსჯელო ორგანო, რომელიც არაპორორციულად და უკანონოდ იყენებს მინიჭებულ უფლებამოსილებას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც რ. შაჰინის სახელობის სკოლის მიერ არ იყო დარღვეული ზოგადსაგანმანთელბლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის სტანდარტები და  ავტორიზაციის გაუქმება არ ემსახურებოდა არც განათლების სისტემის, არც სკოლის და არც მოსწავლეების ინტერესს, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მხრიდან სახეზე გვაქვს დისკრიმინაციული მოპყრობა.

2017 წლის 13 თებერვალს, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს  თბილისის   საქალაქო სასამართლოში  გაასაჩივრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება (#04) შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ და სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვა ამავე აქტის შეჩერება, რათა მოსწავლეებმა  სკოლაში სწავლის გაგრძელება შეძლონ. გადაწყვეტილება აქტის შეჩერების თაობაზე, სავარაუდოდ, 20 თებერვალს გახდება ცნობილი.