სიახლეები
TDI
მაისი/1702

ომბუდსმენმა მუსლიმებისადმი დისკრიმინაცია დაადგინა

2017 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ”შემოსავლების სამსახურის”  მხრიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ საზღვრის კვეთის პროცესში დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურს, რათა უზრუნველყონ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალურობის დაცვა და იმ თანამშრომლების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სავიზო-საპასპორტო კონტროლს და თანმდევ საბაჟო პროცედურებს.

TDI, 2016 წლის თებერვლიდან, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე (სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე), აკვირდება და სწავლობს მუსლიმი მოქალაქეების გადაადგილების საკითხს. მონიტორინგის ფარგლებში საზღვარზე რამდენიმე სახის დარღვევა გამოავლინდა, რომელთა თაობაზეც 2016 წლის 17 ოქტომბერს TDI-იმ სახალხო დამცველს განცხადებით  მიმართა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საზუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუსლიმი მგზავრების მიმართ არსებული არაგონივრული, დიფერენცირებული მოპყრობის პრაქტკის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. განცხადებას მუსლიმი მოქალაქის ნ.დ.-ს ახსნა-განმარტება, ასევე TDI-ის მიერ გამოკითხული 20-მდე პირისგან მიღებული ინფორმაცია და უშუალოდ საზღვარზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები დაედო საფუძვლად.

TDI-ის მიერ გამოკითხული მუსლიმები უთითებენ, რომ საქართველოდან თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლამდე, სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებისას, მათ სახელმწიფო საზღვარზე დაუსაბუთებლად და არაგონივრული ვადით, ნახევარი საათიდან ხუთ საათამდე აყოვნებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, მებაჟე ოფიცრები მიზეზად მგზავრის დოკუმენტაციის „თბილისში გაგზავნას“ და შესაბამისი პასუხის მიღების აუცილებლობას ასახელებენ. მეორე პრობლემა, რომელსაც მუსლიმები აწყდებიან, ბარგის დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე დათვალიერება და რელიგიური ლიტერატურის ჩამორთევაა.

აღმსარებლობით მუსლიმი ნ.დ. არაგონივრული ვადით დაყოვნებისა და დაუსაბუთებელი დათვალიერების გარდა, არაფორმალური გასაუბრების შემთხვევაზეც საუბრობს. 2016 წლის თებერვალში სარფის საბაჟოზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა იგი  ცალკე ოთახში გაიყვანა და მის რელიგიურ კუთვნილებასა და პირად ცხოვრებაზე კითხვები დაუსვა. პირის გამოკითხვა (ინტერვიუირება) საბაჟო კონტროლის ერთ-ერთ პროცედურაა. როგორც წესი, ფიზიკური პირის გამოკითხვა საჭიროა პირის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად. ნ. დ.-ს შემთხვევაში კი საჯარო მოხელემ კითხვების შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები ასევე საუბრობენ საზღვრის გადაკვეთის დროს ქალების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის პრაქტიკაზეც.  კერძოდ, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ზედაპირულ დათვალიერებას, სპეციალურ შემოწმებასა და ჩხრეკას, როგორც მუსლიმი თემის წევრები უთითებენ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ატარებენ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და „პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებს.

არანაკლებ პრობლემურია რელიგიური ლიტერატურის განბაჟების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს განსაკუთრებულ რეგულაციებს სხვა ქვეყნიდან საქართველოში რელიგიური ლიტერატურის შემოტანისთვის, პრაქტიკაში მუსლიმებს ამ მიმართულებით არაერთი დაბრკოლება ხვდებათ.

TDI-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში მუსლიმები მიუთითებენ, რომ თურქულ ან არაბულ ენაზე დაწერილი წიგნები საბაჟო-გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებული საფრთხის შემცველად აღიქმება. ასეთი წიგნების ქონის შემთხვევაში, საბაჟოს თანამშრომელები, როგორც წესი, ითხოვენ ბარგის შემოწმებას და წიგნებს ფოტოს უღებენ.  სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების თქმით, ფოტოები უნდა გაიგზავნოს „შესაბამის უწყებაში“, რომლის სახელსაც არ აკონკრეტებენ.

სახალხო დამცველმა საზღვარზე სახელმწიფოსთვის ნებაყოფლობით გადაცემული ნივთების  ნუსხა გამოითხოვა. ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ წიგნების გადაცემის სულ 7 ფაქტი დაფიქსირდა. შვიდივე შემთხვევაში  გადაცემული ლიტერატურა არის ისლამის შესახებ, მათ შორის ყურანი.  სახალხო დამცველის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ვიდეო მასალით დადასტურდა ასევე მუსლიმი თემის წარმომადგენლის საზღვარზე შეყოვნების ფაქტი, მაშინ როცა სხვა მგზავრები შეფერხების გარეშე გადიოდნენ საპასპორტო კონტროლს.

როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციაშია აღნიშნული, რელიგიური ლიტერატურისა და ატრიბუტიკის შემოტანის შეზღუდვის მიზნით, ყველა გამოკითხული მულისმის მიმართ იქნა გამოყენებული სხვადასხვა დამაბრკოლებელი ღონისძიება. „ამასთან, სხვა პირებთან შედარებით, ყველა მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა შემოწმების ხანგრძლივი პერიოდი, რა დროსაც მათ უსვამდნენ პირადი ხასიათის კითხვებს გარეგნობის, წარსულისა და თურქეთში კავშირების შესახებ.“

სახალხო დამცველმა მუსლიმების მიმართ საზღვრის კვეთისას წარმოშობილი ხელოვნური დაბრკოლებები რელიგიის, მიმოსვლის და საკუთრების უფლებაში ჩარევად დააკვალიფიცირა.

„სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლებისა და სხვა გამოკითხული პირების საზღვრის კვეთისას დაყოვნება, რელიგიური ატრიბუტიკისა თუ ნივთების შემოტანაზე შექმნილი დაბრკოლებები, ემსახურება მათში რელიგიური აქტივობის დათრგუნვას, რასაც მომავალში შესაძლოა გამყინავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის უფლებების გაუმჯობესებისკენ სწრაფვაზე. ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ადვილად შესაძლებელია უმეტესი ლიტერატურის, მათ შორის, რელიგიური შინაარსის მქონე ტექსტების ელექტრონული ვერსიის მოძიება და გავრცელება. ამ ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ლიტერატურის შემოტანის აკრძალვა სცილდება ლეგიტიმურობის საფარველიდან და იძენს ბუნდოვან, დისკრიმინაციული პრაქტიკის წამახალისებელ სახეს“.

TDI პოზიტიურად აფასებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას და განაგრძობს დისკრიმინაციის მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას.