ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/1716

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ

 

15 აგვისტოს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ.

ანგარიშში საუბარია, სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკაზე, რელიგიური მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებსა და არაეფექტურ გამოძიებაზე, დისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებულ პრივილეგიებზე, უმცირესობათა საკულტო ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საჯარო სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობისა და სეკულარობის პრინციპების დარღვევებზე, სუძულვილის ენის პრობლემაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის არაერთხელაა ნახსენები ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის პოზიცია რელიგიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  

ანგარიშის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური გაერთიანებები აკრიტიკებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის კომპენსაციის გადანაწილების პრაქტიკას.  მთავრობის 2014 წლის დადგენილებით, სახელმწიფო, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის თანხას ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის გამოყოფს. ანგარიშის თანახმად, არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს სააგენტოს მიერ ბუნდოვანი და სამართლებრივად დაუსაბუთებელი კრიტერიკუმების საფუძველზე მხოლოდ ოთხი რელიგიური დენომინაციის შერჩევასა და დაფინანსების დისკრიმინაციულ წესს.

რელიგიის საკითხთა სახელწმიფო სააგენტოს მიერ შექმნილმა კომისიამ ვერ უზრუნველყო სამცხე-ჯავახეთში, სოფელ მოხეში მდებარე სადაო ნაგებობის საკითხის მოგვარება. მუსლიმების თქმით, ნაგებობა მეოცე საუკუნის მეჩეთია, თუმცა ამავე შენობაზე პრეტენზიას აცხადებს მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომლის თანახმადაც, ამ ადგილას ეკლესია მდებარეობდა. რელიგიის საკითხთა სახელმიწფო სააგენტომ, 2016 წლის დეკემბერში, მუსლიმ თემს სხვა მეჩეთის ასაშენებლად რამდენიმე ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, ხოლო მოხეს სადაო ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ოფისი აკრიტიკებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომლის მიერ შექმნილმა კომისიამ ვერ შეასრულა ვალდებულება, დაედგინა სადაო ნაგებობის წარმომავლობა და შესაბამისად ვერ გადაჭრა ორ წლიანია დავა.

რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სახელწმიფოს არაეფექტური რეაგირება

მიუხედავად მთავარი პროკურატურის განცხადებისა, რომ უწყებამ სავარაუდო რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული 19  საქმე გამოიძია,  ანგარიშში მოყვანილია სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, რომელთა მიხედვითაც  სახელმწიფო უწყებებების რეაგიერბა რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე კვლავინდებურად არაეფექტური იყო.

საანგარიშო პერიოდში კვლავ ადგილი ჰქონდა იეჰოვას მოწმეთა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას, ქონების, მათ შორის სტენდების დაზიანებასა და ვანდალიზმს, სამეფო დარბაზების ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვასა და ფიზიკური ძალადობის 11 შემთხვევას.  

პროკურატურის მიერ  ერთი წლის განმავლობაში გამოძიებული 19 შემთხვევიდან, 1 ფიზიკური ძლადობის, 5 რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელისშეშლის, 12 დევნის, 1 კი ქონების დაზიანების მუხლით იყო დაწყებული. პროკურატურის თანახმად, მან 12 ადამიანის მიმართ აწარმოა გამოძიება რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისათვის, ამათგან 10 დევნის მუხლით, 2 კი რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლისათვის. 4 საქმის გამოძიება კი შეწყდა.

ანგარიშში მითითებულია, რომ TDI, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ხაზს უსვამენ სახელმწიფოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტური გამოძიების ტენდენციას. აღნიშნული საკითხი, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმადაც, ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება.

რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებისთვის ქონების დაბრუნებისა და საკულტო ნაგებობების მშენებლობის დროს შექმნილი ბარიერები

ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური გაერთიანებები ყურადღებას ამახვილებენ სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების საკულტო ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კათოლიკე ეკლესიის სარჩელი, რომლის თანახმად რუსთავის მუნიციპალიტეტმა კათოლიკე ეკლესიას უნდა მისცეს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვა. ეკლესიის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.

საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუცია. ანგარიშში მოყვანილია TDI-ის შეფასება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის შესახებ. კერძოდ, კომისია განიხილავს რელიგიური ორგანიზაციებისთვის მხოლოდ იმ საკულტო ნაგებობების გადაცემის საკითხს, რომლებიც არ არის სადავო ორ ან მეტ გაერთიანებას შორის და არ უკავშირდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნებას.

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილ კომისიას უნდა დაედგინა შენობის წარმომავლობა და გამოევლინა მისი მესაკუთრე. თუმცა, კომისიამ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება.

ანგარიშში საუბარია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზეც. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მლოცველებისთვის სათანადო სივრცის არსებობა და მეჩეთში გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრა.

დისკრიმინაცია საჯარო სკოლებში

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საჯარო სკოლებში დისკრიმინაციული მოპყრობის პრაქტიკაზე, მათ შორის სახელმწიფოს მიერ  სკოლაში მართლმადიდებლური თეოლოგიის სწავლების ხელშეწყობისა და სასკოლო გარემოში ლოცვის ფაქტებზე.  მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია სკოლაში პროზელიტიზმი, პრობლემად რჩება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება. სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ რელიგიურ იდენტობას და იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ მართლმადიდებლურ რიტუალებში.

განათლების სამინისტროში არსებული შიდა აუდიტის დეპაარტამენტი პასუხისმგებელია შესაბამისი რეაგირება მოახდინოს  სკოლაში მასწავლებელთა მიერ  არასათანადო, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებზე, თუმცა, TDI-ის შეფასებით, აღნიშნული ორგანო არაეფექტურია და ვერ ან არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მისი მართლმადიდებელი ეკლესიისადმი პრეფერენციული მიდგომების გამო.

დისკრიმინაციული კანონმდებლობა

ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება სახელმწიფოსა და მართმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაზე და ამ შენახმებით ეკლესიისთვის მინიჭებულ რივილეგიებზე, როგორიცაა პატრიარქის ხელშეუვალობა, მართლმადიდებელი სასულიერო პირების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება და ასევე, საპატრიარქოს სათათბირო უფლებამოსილებები მთავრობასთან, განსაკუთრებით, განათლების სფეროში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სხვა რელიგიურ ორგანიზაციები ვერ სარგებლობენ მსგავსი შეღავათებით და პრივილეგიებით.

ასევე, ანგარიშში საუბარია მთავრობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაზე.  გეგმით გათვალისწინებულია რელიგიასთან დაკავშირებული საკაონმდებლო ჩარჩოს ცვლილება. TDI მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციული პრაქტიკა გამოწვეულია არა სამართლებრივი რეგულაციების არარსებობით ან ნაკლებობით, არამედ სახელმწიფოს მხრიდან კანონის იმპლემენტაციის პრობლემით.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია კანონმდებლობაში არსებულ იმ დისკრიმინაციულ ნორმებზე, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. 

დისკრიმინაციული კანონმდებლობის ერთ-ერთი მაგალითია უთანასწორო საგადასახადო რეჟიმი. რელიგიური გაერთიანებები, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, გარკვეულ შემთხვევებში ვალდებულნი არიან გადაიხადონ დამატებული ღირებულების, მოგების და მიწის გადასახადი.  ანგარიშში საუბარია 2015 წელს 8 რელიგიური გაერთიანების მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენენ TDI და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა. კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია თანაბარი საგადასახადო შეღავათი ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის.

“სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის თანახმად, არც ერთ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, არ აქვს უფლება შეიძინოს ქონება სახელმწიფოსგან. აღნიშნული კანონი უფლებას ანიჭებს მართლმადიდებელ ეკლესიას, შეიძინოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განსხვავებული, პრივილეგირებული წესით, რიგ შემთხვევებში - უფასოდ, როცა სხვა რელიგიური გაერთიანებები სახელმწიფოსგან ქონების შეძენის შესაძლებლობას, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ მოკლებულნი არიან.

ანგარიშში საუბარია ხუთი რელიგიური გაერთიანების საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც მოსარჩელეები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ ხსენებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოთხოვენ. მოსარჩელეების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში TDI და თავისუფალი უნივერსიტეტი წარმოადგენენ.

სიძულვილის ენა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვით 2016 წლის ოქტომბრიდან იანვრამდე, საჯაროდ, რელიგიური დისკრიმინაციით მოტივირებული სულ მცირე 69 განცხადება გაკეთდა. მსგავსი განცხადებები გაჟღერდა ტელევიზიაში, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში. გარდა ამისა, დისკრიმინაციული რიტორიკა შეინიშნება პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების განცხადებებშიც. მათ შორის, 31 განცხადება მიმართული იყო მუსლიმების წინააღდეგ ან შეიცავდა თურქოფობიულ რიტორიკას და ეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას. 18 განცხადება მიმართული იყო კათოლიკეების წინააღმდეგ და უკავშრდებოდა რომის პაპის ვიზიტს საქართელოში. 6 განცხადება მიმართული იყო იეჰოვას მოწმეების წინააღდეგ, 4 - ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის წინააღმდეგ და დანარჩენი 11 სხვა რელიგიური გაერთიანებების წინააღმდეგ.