ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
სექ/1726

TDI-ის ვიზიტი აჭარაში: შეხვედრები ადგილობრივ რელიგიურ ჯგუფებთან და ხელისუფლებასთან

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები 19-22 სექტემბერს აჭარაში ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებებისა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტი პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში შედგა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

შეხვედრების მიზანია ადგილობრივი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის აღნიშნული პროექტის გაცნობა, იურიდიული დახმარების პროგრამის შეთავაზება, აჭარაში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი კუთხით საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი.

ამ მიზნით, TDI-ის წარმომადგენლებმა მარიამ ღავთაძემ, გვანცა ლომაიამ, შოთა თუთბერიძემ და ნინო თეთრაულმა შეხვედრები გამართეს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ბათუმში, კერძოდ: ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორთან, ვარლამ რამიშვილთან, აჭარის მუსლიმი თემის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამუფთო სამმართველოსთან და ქართველ მუსლიმთა კავშირთან. შეხვედრები გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მუფტთან და მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან, ასევე ქართველ მუსლიმან ქალთა კავშირის წევრებთან. შეხვედრის მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს  ქალების ადრეულ ქორწინების, მუსლიმური ატრიბუტიკის ტარების პრობლემაზე, საზღვრის კვეთის პროცესში დისკრიმინაციული მოპყრობის, ასევე საკულტო ნაგებობის მშენებლობის პროცესში შექმნილ წინააღმდეგობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ახალგაზრდა მუსლიმებმა, რომელთა შორის ძირითადად ქალები იყვნენ, გამოხატეს  TDI-სთან თანამშრომლობის და ერთობლივი აქტივობების განხორციელების სურვილი, რომლებიც ხელს შეუწყობს თემში ადამიანის უფლბების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ახალგაზრდების სრულფასოვან ინტეგრაციას.

22 სექტემბერს, TDI ის წარმომადგენლები ბათუმის ახალ მეჩეთში პარასკევის ლოცვას დაესწრნენ და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის წევრებსა და მლოცველებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი იყო. აღსანიშნავია რომ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიის უარი ფონდმა, TDI-ის სამართლებრივი დახმარებით, 11 ივნისს გაასაჩივრა.

TDI-ის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველს რელიგიურ საკითხებში ბატონ ჯემალ პაქსაძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარის მოადგილეს ბატონ მერაბ კარანაძეს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პრობლემას, რეგიონში რელიგიური ჯგუფებისთვის  საჯარო სივრცის ხელმისაწვდომობის, მულტიკულტურული გარემოს უზრუნველყოფისა და ტოლერანტობის  საკითხებს.