სიახლეები
TDI
ნოე/1714

TDI-ის შეხვედრა რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებზე

13 ნოემბერს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელ პირებთან, მათ შორის სტუდენტებთან. შეხვედრაზე განხილული იყო რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა და მისი დაძლევის გზები.

ღონისძიება პროექტის „საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა” ფარგლებში შედგა, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მხარდაჭერით ხორციელდება და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

შეხვედრის მიზანი საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის TDI-ის საქმიანობის და მიმდინარე პროექტის გაცნობა, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამომავლო თანამშრომლობის  სტრატეგიის შემუშავება იყო.

პროექტის ფარგლებში, TDI ბენეფიციარებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს, რაც იურიდიულ კონსულტაციებს, დოკუმენტაციის მომზადებას და სასამართლო წარმომადგენლობას გულისხმობს. ამასთან ერთად,  პროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზს და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, დისკრიმინაციის დაძლევას.

შეხვედრაზე TDI-ის იურისტებმა ისაუბრეს რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საქმეებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში.

შეხვედრაზე განხილული იყო ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები, ადმინისტრაციულ ორგანოთა დისკრიმინაციული მიდგომა, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას შექმნილი ენობრივი ბარიერის პრობლემა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ სიძნელები და სხვა აქტუალური საკითხები.

TDI, 2016 წლიდან, აქტიურად მუშაობს რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე. დღეისათვის, ორგანიზაციას სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ მიმართულებით 8 მიმდინარე საქმე აქვს.