სიახლეები
TDI
ნოე/1724

თანასწორობის საკითხი ასოცირების ახალ დღის წესრიგში

ევროკავშირმა და საქართველომ 2017–2020 წლების განახლებული ასოცირების დღის წესრიგი დაამტკიცეს. საქართველოს მიერ მისი შესრულება ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დღის წესრიგს საფუძვლად უდევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ხელი 2014 წელს მოეწერა და ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს.  

დღის წესრიგში განხილულია საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, დემოკრატიული ინტიტუტების განმტკიცება, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებულობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ასევე, საგარეო და  უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.

2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი იყოფა მოკლევადიან და საშუალოვადიან პრიორიტეტებად. მოკლევადიანი გულისხმობს, რომ მოცემული საკითხები საქართველოს მიერ უნდა შესრულდეს ან მიღწეული იყოს მნიშვნელოვანი პროგრესი 2018 წლის ბოლომდე, ხოლო საშუალოვადიანის შემთხვევაში - 2020 წლის ბოლომდე. 

დოკუმნეტში, თანასწორი მოპყრობის ქვეთავში, სწორედ მოკლევადიან პრიორიტეტად არის წარმოდგენლი ქალის და კაცის თანასწორობისა და უმცირესობების უფლებების დაცვა: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანასწორი მოპყრობა უმცირესობების მიმართ, განურჩევლად რელიგიის ან რწმენის, ეთნიკური ან ეროვნული კუთვნილების, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა.

ახალი დოკუმენტი  2014–2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით შემუშავდა და მასში მოცემულია მხარეებს შორის შეთანხმებული ის პრიორიტეტები,  რომლებიც  ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შემდგომი განხორციელების პროცესში უნდა შესრულდეს.