სიახლეები
TDI
დეკ/1721

ეგვიპტის მოქალაქისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარი სასამართლომ ბათილად ცნო

2017 წლის 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის, ვ. ე.-ს  სარჩელი. საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თანასწორობის მოძრაობა წარმოადგენდნენ.

მოსარჩელე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც წარმოშობის ქვეყანაში მისი რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნება და საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანრმთელობას.

2017 წლის 9 იანვარს ვ.ე.-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა და თავშესაფარი მოითხოვა. 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და საფუძვლად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია დაასახელა, რომლის თანახმად, მოსარჩელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.

მნიშვნელოვანია, რომ სადავო გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნდა ვ.ე.-თვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული რეკომენდაცია მაინც გახდა განმცხადებლისთვის როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია იყო უსაფუძვლო, ხოლო სამინისტროს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად არ გამოიყენა მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც უსაფუძვლოდ შეუზღუდა განმცხადებელს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებული ძირითადი უფლებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, ბინადრობის ნებართვის გაცემისა და თავშესაფრის მინიჭების პროცესში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მოტივით, უარყოფითი რეკომენდაციების გაცემას სისტემური ხასიათი მიეცა. TDI-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სახელმწიფო შერჩევით და დისკრიმინაციულ პოლიტიკას აწარმოებს კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ.


TDI ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.