სიახლეები
TDI
დეკ/1722

ხელისუფლებამ თანდოიანცის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადასცა

2017 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ თბილისში, აღმაშენებლის გამზ. #38-ში მდებარე დაზიანებული ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა.

გადაცემამდე, სახელმწიფოს არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და  მისი კულტურული და კონფესიური მახასიათებლები. საპატრიარქო ეკლესიის ფუნდამენტზე უკვე სხვადასხვა სახის სამუშაოებს აწარმოებს. 

ისტორიული წყაროები ეკლესიის წარმომავლობის შესახებ

ეკლესიის სომხური წარმომავლობა და ის ფაქტი, რომ ტაძარი საბჭოთა ოკუპაციამდე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ეკუთვნოდა, არაერთი წყაროთი დასტურდება. აღმაშენებლის N38-ში შემორჩენილია სომხურენოვანი წარწერა შემდეგი შინაარსით:

“ეს სასწავლებელი აშენებულია პირადი სახსრებით, თბილისელი ქვრივის, კეკელ გრიგორიან-თანდოიანცის მიერ, წარმომავლობით ბაბასიანისა, მისი ძმის ალექსანდრე გრიგორიან-ბაბასიანის ხელშეწყობით   მათი  და  ამ ეკლესიის ამშენებლების სულების მოსახსენიებლად, რომლებიც დაკრძალულნი არიან ამ  ტაძარში -  სააკ თანდოიანცის ეკლესიაში ... 1883 წ.”

ამგვარად, ამ ვერსიით, საუბარია თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინის სომხურ ეკლესიაზე.

ეკლესიის სომხურ წარმოშობაზე ინფორმაცია გვხვდება სხვა წყაროებშიც. მაგალითად, თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცნობები ტაძრის შესახებ: “წმ. ღმრთისმშობლის ეკლესია სავარაუდოდ 1860 წელს ააგო საჰაკ თანდოიანცმა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე უკვე ნათლად ჩანს აქ არსებული ეკლესია. [...]ტერიტორიის მიმდებარედ დგას ყოფილი სასწავლებლის შენობა[...] შენობაზე დღემდე არის შემორჩენილი ფილა სომხურენოვანი წარწერით. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სასწავლებელი აშენებულა 1883 წელს თბილისელი ქვრივის კეკელა გრიგოლის ასულ თანდოიანცისა და მისი ძმის ალექსანდრე ბაბანასიანცის ღვაწლით”.

თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევარი სოფიო ჭანიშვილი უშვებს იმ ფაქტს, რომ სომხური ტაძარი შესაძლოა სოფელ კუკიის ეკლესიის ნაფუძარზე აგებულიყო. თუმცა, არ არის მოყვანილი ოფიციალური ცნობები აღმაშენებლის N38-ში მდებარე ეკლესიის მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ  წარმომავლობასთან დაკავშირებით.[1]

აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის  რუკებზეც (1913წ. და 1924წ.) აღნიშნული შენობა დატანილია როგორც სომხური ეკლესია. ასევე, TDI-იმ მოიძია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობები: 1874, 1875, 1884, 1907, 1921 წლების თანდოიანცის ეკლესიის საეკლესიო ჩანაწერები.

 

         

                                                

საბჭოთა ოკუპაციის დროს, სხვა საკულტო ნაგებობების მსგავსად, ეკლესია დაიხურა და ჩამოერთვა რელიგიურ თემს. ეკლესიის დახურვას ადასტურებს თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმის 1924 წლის განკარგულება[2].

1927 წლის 12 აგვისტოს ეკლესიის შენობა ჩაიბარა „ტფილისის აღმასკომის სამნეო ქ/განყოფილებამ”. ამის შემდეგ შენობა სხვადასხვა ფუნქციით გამოიყენებოდა. მათ შორის, როგორც კინო და მეეზოვეთა კლუბი.[3]

2015-2016 წლებში, ხელისუფლება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისას, პროექტი “ახალი ტფილისის” ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის N38-ში დაზიანებულ საკულტო ნაგებობას სომხურ ეკლესიად აღიარებდა და  გრიგორიანულ წმინდა ჯვრის გამოჩინების ეკლესიად მოიხსენიებდა.

                 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი წერს, რომ დ. აღმაშენებლის გამზირის #38-ში, ეკლესიის გვერდით შენობაზე არსებული წარწერა და ამ ტერიტორიაზე შემორჩენილი სხვა დეკორატიული ელემენტები 1883 წლისთვის არსებული სომხური მონასტრის არსებობას ადასტურებს. ანდრონიკაშვილი უთითებს, რომ აღნიშნული ადგილი, ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილისის გეგმაზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე დატანილია როგორც ახალსოფლის უგუმბათო, უსახელო ეკლესია. უშუალოდ ამ ეკლესიაზე პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას წერს, რომ “კვირაცხოველის ეკლესიაზე იყო მიწერილი უფრო მცირე ეკლესია, რომელიც კუკიაზე არსებობდა 1622 წლამდე, რომელიც შაჰ-აბასს დაუნგრევია”. ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში სომხებმა ახალი ეკლესია ააგეს, სავარაუდოდ, თანდოიანცი. ლალი ანდრონიკაშვილი აღნიშნავს რომ “ის მოცულობა, რომელიც დღეს სახეზეა, აშკარად სომხური წარმომავლობისაა”.

 

 “თანდოიანცის ეკლესიის”  გადაცემის პროცესი

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიცია

2015 წლის 27 დეკემბერს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თხოვნით მიმართა, თბილისში, აღმაშენებლს #38 ში მდებარე “თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინის” სომხური ეკლესიისათვის მიენიჭებინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

2016 წლის 17 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ეცნობა, რომ ქ. თბილისში,  აღმაშენებლს #38-ში მდებარე “თანდოიანცის სურბ ასტვაწაწინის” სომხური ეკლესიისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად სააგენტოს დახმარებას გაუწევდა გიორგი ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი. ამავე წერილში, სააგენტოს გენერალური დირეტორის მოადგილე, პაატა გაფრინაშვილი აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შედგომ დაიწყება ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურები, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმცხადებელს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას. ამ დრომდე სომეხთა სამოციქულო ეპარქიისთვის სამუშაოების დაწყება/დასრულების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ წერილში, სააგენტომ ეკლესია “თანდოიანც სურბ ასტვაწაწინად” მოიხსენია.

2017 წლის 28 აპრილს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წერილით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა და ითხოვა, მიეწოდებინათ აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე ნაეკლესიართან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია. დეკანოზმა წერილში აღნიშნა, რომ საპატრიარქოში შემოსული იყო “მოსახელობის წერილი [..] ნაეკლესიარის აღდგენისა და მომავალში წირვა-ლოცვის აღვლენის თხოვნით”.

2017 წლის 1 მაისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საპატრიარქოს აცნობა, რომ “თბილისის ისტორიულ ნაწილში, ძველ კუკიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, იქ, სადაც დავით აღმაშენებლის პროსპექტს ი. წერეთლის ქუჩა უერთდება, ისტორიული წყაროების მიხედვით დასტურდება მცირე ეკლესიის არსებობა, რომელიც 1622 წელს შაჰ-აბასის დროს დანგრეულა, ხოლო ძველი ნაეკლესიარის ნანგრევებზე, ვარლამ ერისთავის კურთხევით, მღვდელ პეტრე იმნაძის მიერ 1814-1816 წლებში “წმ. ჯვრის გამოჩინების” ეკლესია აუგია”. როგორც სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეპარქიისთვის მიწერილ წერილში განმარტავს[4], აღნიშნული პასუხი ეფუძნება ისტორიულ წყაროს, კერძოდ, დ.კარიჭაშვილის კატალოგში არსებულ ნაშრომს, ”მონასტრები და ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” (1837 წ).

2017 წლის 7 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას განუმარტა, რომ ზემოთ აღნიშნული წერილი არ ემსახურებოდა ნაეკლესიარის მესაკუთრის და ფუნქციის დადგენას და მასში მხოლოდ საპატრიარქოს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე გაკეთდა აქცენტი. თუმცა ფაქტია, რომ სააგენტოს პასუხი საპატრიარქომ სახელმწიფო ქონების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილს დაურთო, სადაც იგი შენობის საპატრიარქოსთვის გადაფორმებას ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა მხოლოდ ერთი წყარო, მაშინ როცა აღნიშნულ სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით არსებობს როგორც ნაგებობაზე შემორჩენილი მტკიცებულებები, ისე საარქივო მასალა, რაც სომხური ეკლესიის არსებობასა და საბჭოთა ოკუპაციის დროს, მისი სომეხთა სამოციქულო ეპარქიისთვის ჩამორთმევაზე მიუთითებს.

 

საქართველოს საპატრიარქოსთვის “თანდოიანცის სადავო ეკლესიის”  გადაცემა

2016 წლის 23 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა  და აღმაშნებლის გამზირის #38-ში მდებარე “ნაეკლესიარის” (მიწის საკადასტრო კოდი: 01.16.05.025.005.22.500) მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში რეგისტრაცია მოითხოვა.

განცხადებაში[5] საქართველოს საპატრიარქო მიუთითებს, რომ ადგილი, სადაც დღეს ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი “ისტორიული წყაროებისა და რუკების” თანახმად, სოფელ კუკიად იყო ცნობილი, ასევე, ამავე წყაროზე დაყრდნობით, “1800-1802 წლების გეგმაზე აღნიშნული ყოფილა გალავანშემორტყმული ტაძარი, კოშკებჩაბნელებული ბურჯებიანი ციხეგალავნითა და საკუთარი ბაღით”. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს, რომ 1814-1816 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძის თაოსნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წმინდა ჯვრის გამოჩინების სახელობის ტაძარი აშენდა.

საქართველოს საპატრიარქოს არ წარუდგენია რაიმე ოფიციალური მტკიცებულება, რაც  ეკლესიის კონფესიურ წარმომავლობას დაადასტურებდა.

ვინაიდან, 2016 წლისთვის, საქართველოს საპატრიარქოს მიერ მოთხოვნილი ქონება (მიწა და დაზიანებული ეკლესია) სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ შეეძლო საპატრიარქოს სახელზე მისი ავტომატური დარეგისტრირება. ამიტომ, 2017 წლის 28 აპრილს,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა[6] ეკლესიაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით. მიმართვა იმეორებდა საჯარო რეესტრისათვის გაგზავნილ წერილში  მოყვანილ დასაბუთებას.

2017 წლის 10 ივლისს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, N1/1-1600 ბრძანებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის 28.04.2017 წერილის საფუძველზე, გააუქმა მოთხოვნილი ქონების რეგისტრაცია, რამაც საშუალება მისცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წლის 26 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს სახელზე დაერეგისტრირებინა 4591 კვ. მეტრი მიწა და მასზე არსებული დაზიანებული ეკლესია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც საჯარო რეესტრს და არც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქართველოს საპატრიარქოსგან დამატებითი დოკუმენტაცია ეკლესიის კონფესიურ წარმომავლობასთან დაკავშირებით არ მოუთხოვია. სახელმწიფოს არც თავად გამოუკვლევია შენობის ისტორია, რაც დომინანტი რელიგიური ჯგუფისადმი მიკერძოებულ დამოკიდებულებასა და გადაწყვეტილების სამართლებრივ ბუნდოვანებაზე მიუთითებს.

ქონების საკუთრებაში მიღების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ აღმაშენებლის 38-ში დაიწყო გათხრითი და გაწმენდითი სამუშაოები, რაც საბოლოო ჯამში ნაეკლესიარის ადგილზე ახალი ეკლესიის აშენაბას უნდა ემსახურებოდეს. წარმოებულ სამუშაოებს ხელმძღვანელობს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი ფეიქრიშვილი. გროვდება ფულადი სახსრებიც ეკლესიის მშენებლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის გამზირის #38-ში მდებარე სხვა  შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.[7] ვინაიდან, ამავე ტერიტორიაზე განთავსებული ეკლესია მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკადასტრო ერთეულში, მასზე ვრცელდება  “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეგულირება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ აკრძალულია ძეგლზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება სათანადო ნებართვის გარეშე.[8] ქალაქ თბილისის მერია ადასტურებს[9], რომ აღმაშენებლის #38-ში მდებარე ეკლესიაზე სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო ახორციელებს, თუმცა შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის კანონით გათვალისწინებული ნებართვა გაცემული არ არის. შესაბამისად,  საპატრიარქოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე  სამუშაოები უკანონოა.

აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის N38-ში არსებული “თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესიის” შესახებ, თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში (2016წ)  ს. ჭანიშვილი აღნიშნავდა, რომ “სასურველია ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს საფლავის ქვებს და მოხდეს მათი დაფიქსირება”.

2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დაზიანებული ეკლესიის ფუნდამენტი ნაწილობრივ ამოთხრილია, ეკლესიის შემოგარენი დასუფთავებულია ნანგრევი ქვებისგან და ტერიტორიაზე მიმდინარეობს გარკვეული სამშენებლო სამუშაოები. არსებობს მაღალი რისკი, რომ  მიმდინარე პროცესით ზიანდება და იშლება ნაგებობის ისტორიული და კულტურული მახასიათებლები, მათ შორის საფლავები.

  

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე რელიგიური გაერთიანებებისთვის, მათ შორის სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის[10] ერთ-ერთ მწვავე პრობლემას საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია წარმოადგენს. მათი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო ნაწილი საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. გარდა იმისა, რომ რელიგიური გაერთიანებები ისტორიულ ქონებას ვერ იბრუნებენ, წლების განმავლობაში, სახელმწიფოს დიკსრიმინაციული პოლიტიკისა და გულგრილობის გამო, ისტორიული ქონება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ხშირად ნადგურდება და ინგრევა.

სადავო ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის შესახებ TDI-ის მიერ მომზადებული შეფასება ეყრდნობა საჯარო რეესტრიდან, თბილისის მერიიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას, ორგანიზაციის მიერ მოპოვებულ  საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წყაროებს და დოკუმენტებს.

 

[1] წმ. ღმრთისმშობლის (ე.წ თანდოიანცის) ეკლესია, ძველი კუკია ქ. თბილისი, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და რეკომენდაციები; შემსრულებელი ხელოვნებათმცოდნე – სოფიო ჭანიშვილი; http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=1527910

[2] „...პლეხანოვის პროსპექტის 38-ში მოთავსებულ ტფილისის სომხის ხვთის მშობლის ტანდოევის რელიგიური საზოგადოების ლიკვიდაციის მოსახდენათ შემდგარი სალიკვიდაციო კომისია, შემადგენლობით : თავმჯდომარედ ტფილისის აღმასკომის სამეურნეო ქ/განყოფილების გამგის ი.გვარამაძის და წევრებით აღმასკომის საკონტროლო განყოფილების რევიზორ გ.ლაბაძის და რელიგიურ საზოგადოების წარმომადგენლების საბჭოს წევრები მღვდლები 1ჯუგინიანც არუთინ 2 საკინ  სააკი“; თბილისის ტაძრები, მანანა ქუთათელაძე

[3] თბილისის ტაძრები, მანანა ქუთათელაძე

[4] საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი #09/2177

[5] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მდივნის, დეკანო მიქაელ ბოტკოველის 23.06.2016 წლის განცხადება N700

[6] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპსკოპოსის, იაკობ იაკობიშვილის 28.04.2017 წლის წერილი N28.

[7] ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანება;

[8]  “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი” მუხლ. 24

[9] ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი: 10-0117353888

[10] იხ. TDI-ის შეფასება სომხური ტაძრის “შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ”-ის შესახებ http://tdi.ge/ge/news/459-somxuri-tazris-gverdit-msheneblobis-shesaxeb