ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1830

TDI და EMC მოუწოდებენ სახელმწიფოს უზრუნველყოს „თანდოიანცის“ ეკლესიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების დაუყოვნებელი შეწყვეტა

ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის #38-ში მდებარე სომხურ ისტორიულ  ეკლესიაზე, რომელიც სახელმწიფომ 2017 წლის 28 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დაურეგისტრირა საკუთრებაში, დღეს უკანონო ფიზიკური ზემოქმედება მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას და საფრთხეს უქმნის მისი ისტორიული, კონფესიური და არქიტექტურული მახასიათებლების შენარჩუნებას.

2018 წლის 26 მარტს გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ ძეგლის ის მდგომარეობა, რომელიც მისი საპატრიარქოსათვის გადაცემისას იყო, შეცვლილია და იგი არსებითად დაზიანებულია. კერძოდ, ჩამოშლილია ფრონტონი (შენობის ფასადის ნაწილი), მოსწორებულია ეკლესიის კედლები რომელიც ადრე, ბუნებრივი ცვეთის პირობებში, უსწორმასწორო იყო.

              

              

(ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის ფასადი 2018 წლის 30 იანვრისა და 26 მარტის მდგომარეობით)

 

                                                                                                                                           

                 (ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფასადი 2018 წლის 30 იანვრის და 26 მარტის მდგომარეობით)

                                              

ის ფაქტი, რომ აღნიშნული დაზიანება არ წარმოადგენს შემთხვევითობას და საქართველოს საპატრიარქო ეკლესიაზე აქტიურ ფიზიკური ზემოქმედებას განზრახ ახორციელებს დასტურდება მათ შორის, საპატრიარქოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში წარდგენილი ეკლესიის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ესკიზური პროექტით, რომლის თანახმადაც დაგეგმილია ძეგლის იერსახის არსებითი ცვლილება, მათ შორის  დარბაზული ტიპის ეკლესიის ერთნავიანი გადახურვის სამნავიან ბაზილიკად გადაკეთება.

             

                              (სურ 1. ეკლესიის ერთნავიანი გადახურვის ამსახველი ფოტო)

                          

                 (სურ. 2. საპატრიარქოს მიერ მომზადებული პროექტით დაგეგმილი ეკლესიის ფასადი)

 

აღსანიშნავია, რომ სწორედ სააგენტოში წარდგენილი ესკიზური პროექტის თანახმად, ეკლესიის სამნავიანი გადახურვის მიზნით იგეგმებოდა არსებული ფრონტონის მოხსნა, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საპატრიარქო, სწორედ ახალი ეკლესიის მშენებლობის მიზნით ახორციელებს ძეგლის დაზიანებას და მისი იერსახის ცვლილებას.

                                         

                   (სურ. 3. 2017 წლის ნოემბერში ეკლესიის არსებული ფრონტონის ამსახველი ანაზომი-დასავლეთის ფასადი)

                                                    

                                                  (სურ. 4. საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი მშენებლობის ესკიზი-დასავლეთის ფასადი)

 

ახალი ეკლესიის მშენებლობის მიზნით საპატრიარქოს ინტენსიურ მზადებას ადასტურებს  ნარიყალას ციხიდან უნებართვოდ გამოთხრილი ე.წ ქართული ქვები, რომლებიც სწორედ თანდოიანცის ეკლესიის ეზოში მოათავსეს, სავარაუდოდ ეკლესიის მშენებლობის მიზნით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად[1], საქართველოს საპატრიარქოს არ გააჩნია ძეგლზე არცერთი სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა და მის სახელზე გაცემულია მხოლოდ კვლევითი სამუშაოების ნებართვა, რომლის განხორციელების უფლება მას 2017 წლის 13 დეკემბრიდან 2018 წლის 30 მარტამდე აქვს. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ სომხურ ეპარქიას სადავოდ აქვს გახდილი კვლევითი სამუშაოების ნებართვის კანონიერება, რამდენადაც მისი გაცემა სააგენტოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კვლევითი სამუშაოები წარმოადგენს სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომელთა მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.  თუმცა, აღნიშნული ნებართვის ფარგლებშიც საპატრიარქო გასცდა კვლევითი სამუშაოების ფარგლებს და მიზნებს და ის ამ დრომდე ისტორიულ ძეგლზე გაწმენდით, არქეოლოგიურ და დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებს, რაც უკანონოა. მეტიც, აღნიშნული საქმიანობა შეიცავს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება[2]) ნიშნებს და შესაბამისად არსებითია, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს კულტურულ ძეგლზე უკანონო და თვითნებური ზემოქმედებისა და ნგრევის მიმდინარე პროცესი.

თანდოიანცის ეკლესიის საქმეზე, სახელმწიფოს მიერ ისტორიული სომხური ეკლესიის საპატრიარქოსთვის უკანონო გადაცემის გადაწყვეტილება, ისევე როგორც შემდგომ ეტაპზე ძეგლის იერსახის და ავთენტურობის წაშლის და განადგურების ეს პროცესი, წინააღმდეგობაში მოდის ქალაქში კულტურული მრავალფეროვნებისა და მისი ავთენტური კულტურული და სოციალური გარემოს დაცვის ინტერესებთან და ამავდროულად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომეხი თემის კოლექტიური მეხსიერების წაშლის, ისტორიის რეპრესირების მცდელობაა. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ისტორიული ძეგლების დაუცველობის, განადგურების და როგორც წესი დომინანტი რელიგიური ორგანიზაციისთვის გადაცემის შექმნილი პრაქტიკა ინსტიტუციონალიზებული ქსენოფობიის გამოვლინებაა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის მიერ დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციულ და სამოქალაქო თანასწორობაზე დაფუძნებულ ინტეგრაციის პოლიტიკასთან. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ:

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს,

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს,

  • დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები და აღიკვეთოს თბილისში, აღმაშენებლის #38-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიაზე მიმდინარე უკანონო ფიზიკური ზემოქმედება;
  • საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყონ პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება ეკლესიაზე მიდინარე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებზე მათ მიერ განხორციელებული შეფასებებისა და საქმიანობების შესახებ; 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • სისხლის სამართლის კოდექსის  2592 მუხლის საფუძველზე უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, ქმედების შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირება და გამოვლენილი სამართალდარღვევის დროული პრევენცია.

 

 

          

 

[1] კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2018 წლის 23 მარტის N09/909 წერილი

[2] კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძეგლის დაზიანება წარმოადგენს ძეგლის ან მისი ნაწილის იმგვარ სახეცვლილებას, რომელიც აუარესებს ძეგლის მდგომარეობას ან აღქმას.