სიახლეები
TDI
აპრ/1818

TDI-ის განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა ეროვნულ ბანკს მიმართა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  წარმოადგენს ნიგერიის მოქალაქეთა ინტერესებს, რომლებსაც სს “საქართველოს ბანკმა”, სავარაუდო დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე, უარი განუცხადა მომსახურებაზე. საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა TDI-ის განცხადება და ზოგადი წინადადებით მიმართა ეროვნულ ბანკს.

2016 წლის აპრილში, TDI-ს მიმართა ნიგერიის მოქალაქე ს.ა.ო.-მ, მის წინააღმდეგ განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. სს “საქართველოს ბანკი” საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს უზღუდავდა უფლებას, ესარგებლათ საბანკო და სამგზავრო ბარათებით. ამის გამო, ნიგერიის მოქალაქეები ვერ განკარგავდნენ საკუთარ ფულად სახსრებს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, ექმნებოდათ გადაადგილების პრობლემა და ეზღუდებოდათ კანონით გარანტირებული სხვა უფლებები.

აღსანიშნავია, რომ სს “საქართველოს ბანკი” ექსკლუზიურად გასცემს ბარათს, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამგზავრო დანიშნულებით, ასევე, საბანკო მომსახურების მისაღებად. ამასთან, მხოლოდ ამგვარი ბარათის საშუალებით არის შესაძლებელი იმ სამგზავრო შეღავათებით სარგებლობა, რაც სახელმწიფოს მიერ სტუდენტებისთვის არის დაწესებული. არც ერთ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სამართლის პირს, ამგვარი ბარათის გაცემა არ შეუძლია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე ვრცელდება სამგზავრო შეღავათები. შესაბამისად, სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ანგარიში და მასზე მიბმული “სტუდენტური ბარათი”, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.

საბანკო ანგარიშის გახსნა სს “საქართველოს ბანკში” აპლიკანტმა 2016 წლის თებერვალში რამდენჯერმე სცადა, თუმცა, ბანკმა მას მომსახურების გაწევისთვის მოსთხოვა რეკომენდაციის წარდგენა აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის ან/და ევროკავშირის საბანკო დაწესებულებიდან. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ს.ა.ო.-სთვის შეუძლებელი იყო, რადგან მას არ გააჩნდა არანაირი კავშირი ჩამოთვლილი ქვეყნების კომერციულ ბანკებთან.

TDI-მ ს.ა.ო.-ს მომართვისთანავე დაიწყო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა. ამავე საკითხზე, 2016 წლის 8 აპრილს, TDI-მ წერილობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს და მიაწოდა ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, TDI-სთან კომუნიკაციის შემდეგ, მათ “საქართველოს ბანკს” მისცეს რეკომენდაცია სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრისა და პრობლემის სისტემურად მოგვარების შესახებ.

აღნიშნულ ფაქტზე TDI-ის რეაგირების შემდეგ, 2016 წლის მაისში “საქართველოს ბანკი” დაუკავშირდა TDI-ს და აცნობა, რომ ს.ა.ო.-ს უკვე შეეძლო სტუდენტური ბარათის აღება. როგორც აღმოჩნდა, ბანკმა სტუდენტებს გაუხსნა ანგარიშები, რომლებზეც ტრანზაქციები დაშვებულია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, პრობლემა მოგვარდა არა სისტემურად, არამედ მხოლოდ იმ კონკრეტული პირებისთვის, რომელთა ინტერესებსაც TDI იცავდა. გარდა ამისა, ნიგერიის მოქალაქეებისთვის კვლავ პრობლემად რჩება საბანკო ანგარიშის სხვა ვალუტაში გახსნა და გამოყენება.

TDI-მ 2016 წელს წერილობით მიმართა “საქართველოს ბანკს”, სადაც უთანასწორო მოპყრობის საფუძვლების განმარტება და შემდგომში, ბანკის მიერ აღნიშნული პრობლემის პრევენციისა და სისტემურად მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვა.

2016 წლის 18 მაისის წერილით, “საქართველოს ბანკმა” TDI-ს აცნობა, რომ ნიგერიის მოქალაქეები მაღალი რისკის კლიენტებად განიხილებიან, რადგან ნიგერიელი ფიზიკური პირების მიერ სტუდენტური ბარათების გამოყენება ხშირად არ უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული საფასურის გადახდას. ბანკის ცნობით, საქართველოში იყო შემთხვევები, როდესაც ნიგერიელი ფიზიკური პირები დაკავებულები იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გასაღების ბრალდებით.  აქედან გამომდინარე, ანგარიშის გახსნისას ბანკი სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ბანკის მოთხოვნა, სადაც ანგარიშის გახსნისას სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას უცხოური ქვეყნების კომერციული ბანკებიდან, პირდაპირ არის დაკავშირებული სავარაუდო დისკრიმინაციულ მოტივთან და ნიგერიის მოქალაქეების ეროვნულ/მოქალაქეობრივ კუთვნილებასთან. დაუშვებელია, რომ ერთი პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება შეერაცხოს ყველა იმ პირს, რომელიც წარმოადგენს იგივე ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფს. მიუხედავად ბანკის ვალდებულებისა, შეაფასოს საკუთარ კლიენტთან არსებული რისკები, პირთა მოქალაქეობრივი ან/და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია არის გაუმართლებელი და არღვევს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებებს.

2018 წლის 4 აპრილის ზოგადი წინადადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სს “საქართველოს ბანკის მიერ კონკრეტული ქვეყნებიდან რეკომენდაციების წარმოდგენის დავალდებულება საერთო ნიშნით გაერთიანებულ პირთა მიმართ, რომელთაც არ აქვთ ობიექტური შესაძლებლობა ამგვარი რეკომენდაცია წარმოადგინონ, ეხება განსხვავებულ მოპყრობას და დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის რეგულირების სფეროში სრულად ექცევა.

სახალხო დამცველის შეფასებით, კომერციულმა ბანკებმა ზედაპირულად გამოიყენეს კლიენტის შემოწმების ლეგიტიმური პროცედურა, რამაც კეთილსინდისიერი მომხმარებლების უფლებების შესაძლო დარღვევა გამოიწვია.

სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა ზოგადი წინადადებით:

  • მოსთხოვოს სს „საქართველოს ბანკს“, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების პარალელურად, უცხოელ სტუდენტებს მიეცეს შესაძლებლობა, გახსნან ბანკში ანგარიში, რომლის საშუალებითაც, მათთვის შესაძლებელი იქნება ფულადი გზავნილების მიღება ან/და გაგზავნა.

  • კომერციულ ბანკებს მოსთხოვოს ალტერნატიული დოკუმენტებისა და
    ინფორმაციის წარდგენის შესაძლებლობის დაშვება, რის საფუძველზეც, საბანკო მომსახურების მომხმარებლის სათანადო შემოწმება, ბლანკეტურად, არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთი დოკუმენტის წარდგენაზე;

  • შეიმუშავოს მარტივად განჭვრეტადი რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს
    უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კომერციულ ბანკებში საბანკო მომსახურების
    მიღებას დისკრიმინაციის გარეშე ნებისმიერი ნიშნის მიუხედავად.

TDI განაგრძობს პროცესის მონიტორინგს და იმედს გამოთქვამს, რომ გათვალისწინებული იქნება სახალხო დამცველის რეკომენდაციები და კომერციული ბანკების მიერ გაწეული მომსახურება მოექცევა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტში.

 

TDI ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.