სიახლეები
TDI
აპრ/1820

შეხვედრები ქუთაისის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში

18, 19 და 20 აპრილს, TDI-მ გამართა შეხვედრები ქუთაისის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობით.

18 აპრილს, TDI-ის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მერიაში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვალძე, მერიის თანამშრომლები, ვაჟა ჯუღელი და ზაზა ცხიკვაძე, ასევე კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლები.

19 აპრილს, მსგავსი ფორმატის შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტში. TDI-ის წარმომადგნელებთან ერთად, სომეხთა მართლმადიდებელი სამოციქულო, კათოლიკე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიების სასულიერო პირები შეხვდნენ ახალციხის მერის მოადგილეს, გურამ მელიქიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა ნოზაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, სოსო კაპანაძეს. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, მარინე გოგოლაძე და მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.

20 აპრილს, TDI-ის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, მუსლიმთა ჩართულობის სამოქალაქო ცენტრის, კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ძაძამია, მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხების სამსახურის უფროსი, ზურაბ ბეთხოშვილი, ასევე არქიტექტურისა და იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრებზე განხილული იყო საკულტო ნაგებობების მშენებლობის, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ნაგებობების რესტიტუციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და წახალისების, რელიგიური გაერთიანებების სოციალური, საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის აქტუალური სხვა საკითხები.

TDI-ის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან რელიგიური გაერთიანებების შეხვედრათა ციკლი იმართება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რელიგიური გაერთიანებების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რელიგიური გაერთიანებებისთვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.