სიახლეები
TDI
დეკ/1807

რუსთავში მომხდარი ძალადობა რასობრივ დისკრიმინაციად დაკვალიფიცირდა

TDI წარმოადგენს და იცავს კამერუნის რესპუბლიკის მოქალაქის, გ. მ.-ს ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში მის მიმართ რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით  განხორციელებულ ძალადობის ფაქტს უკავშირდება.

კამერუნის რესპუბლიკის მოქალაქე 29 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ქალაქ რუსთავის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. გ.მ.-ს განმარტებით, სამარშრუტო ტაქსში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა, კანის ფერის გამო მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მის მიმართ იყენებდა სიძულვილის ენას რასობრივი ნიშნით, ეუბნებოდა, რომ მისი ადგილი საქართველოში არ იყო, რომ იგი თავის ქვეყანაში უნდა გაბრუნებულიყო, ასევე, უწოდებდა მას “ზანგს.” სიტყვიერი შეურაცხოფის შემდეგ, აღნიშნულმა პირმა დაიწყო ფიზიკური ძალადობა და გ.მ-ს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. სამარშრუტო ტაქსიდან ჩასვილის შემდეგ, მოძალადე ქუჩაშიც განაგრძობდა გ.მ.-სთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

ძალადობის მსხვერპლმა საკუთარი მობილური ტელეფონის საშუალებით აღნიშნული ინციდენტის ნაწილის გადაღება მოახერხა, რაც მედიითაც გავრცელდა.[1] მომხდარის შესახებ მან ასევე დაუყოვნებლივ შეატყობინა საპატრულო პოლიციას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ძალადობის  მსხვერპლი ინციდენტის დღესვე, 29 ნოემბერს გამოიკითხა. სამედიცინო ექსპერტიზა მას მომდევნო დღეს ჩაუტარდა. გამოკითხულია ასევე მოწმე, რომელიც სამარშრუტო ტაქსიდან  გადმოსვლის შემდეგ ძალადობის ქუჩაში გაგრძელების ეპიზოდს შეესწრო.

საქმეში ჩართვისთანავე, TDI-მ გ.მ.-სთვის დაზარალებულის სტატუსის, ხოლო საქმისათვის რასობრივი დისკრიმინაციის კვალიფიკაციის მინიჭება მოითხოვა. 4 დეკემბერს, TDI-ის იურისტის მონაწილეობით, დანაშაულის ჩამდენი პირის ამოცნობის პროცედურაც ჩატარდა,  ხოლო 6 დეკემბერს რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე ძალადობის მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

სისხლის სამართლის გამოძიებაზე მონიტორინგის მიზნით, TDI-მ მიმართა საქართველოს შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტსაც, რათა საქმეზე  უზრუნველყოფილი იყოს დროული რეაგირება და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობა. 

გამოძიების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 142 პრიმა მუხლით (რასობრივი დისკრიმინაცია)[2] გადაკვალიფიცირდა. გამოძიება გრძელდება.

საყურადღებოა, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა რასიზმისა და სიძულვილით მოტივირებული ქმედების შემთხვევები. მსგავსი შეუწყნარებლობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენელი პირები ხდებიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება სიძულვილის მოტივით ჩადენილ ყოველ ქმედებაზე. ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე მკაფიო სტრატეგია და პოლიტიკა რასიზმთან, ქსენოფობიათან და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.

 

TDI ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

 

 

 

[1] www.inforustavi.ge 01.12.2018, იხ. ბმული: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=7901&fbclid=IwAR2RT72Vrqz1JLO1sz4uSqkLbgYeWhjN-RAYZfhRZAB7ELzUGXurSakyb5E

[2] მუხლი 142​(1) - რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.