ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
იან/1930

"მრავალფეროვნების სახეების" ფოტო ევროკავშირის პრიზით დაჯილდოვდა

 

         

 

2019 წლის 29 იანვარს, TDI-ის პროექტის, "მრავალფეროვნების სახეების" ფოტო, ნინო ბაიდაურის ავტორობით, დაჯილდოვდა ევროკავშირის პრიზით ჟურნალისტიკაში, კატეგორიაში "საუკეთესო ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს."

მადლობა ევროკავშირს ამ მნიშვნელოვანი ჯილდოსთვის!

32 წლის ზაჩეუს ოპეიმი ნიგერიიდან საქართველოში 2012 წელს სასწავლებლად ჩამოვიდა. მალევე ქართველი გოგო, ჯულიეტა გაიცნო. 2013 წელს დაქორწინდნენ. მათ 4 წლის შვილი ჰყავთ, ნატალი. ზაჩეუსი მუშაობს კომპანიაში, რომელიც ავტომობილების იმპორტს აწარმოებს. 23 წლის ჯულიეტა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ოჯახი თბილისში ცხოვრობს.

ჯულიეტა: „ჩემს მშობლებს უყვართ ზაჩეუსი. ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი არასდროს ყოფილან. მაგრამ გარეშე ადამიანებისგან უხამსი, საზიზღარი რეპლიკები არაერთხელ მომისმენია. მაგალითად, ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მახსოვს, ერთხელ ჩემს ქმართან ერთად მეტროში ჩავედი. ვიღაც ქალმა შემოგვხედა და ქართულად მომაძახა, შეხედეთ, ამ მაიმუნთან ერთად დადის და ბავშვიც მაიმუნი ეყოლებაო. არაფერი მითქვამს. ხმა ვერ ამოვიღე. იყო შემთხვევები, როცა ჩვენი დანახვისას, გამვლელებს გადმოუფურთხებიათ და ჩვენ გასაგონად ხმამაღლა უთქვამთ, „შეხედე, ზანგი!“

ხანდახან ჩემი შვილი მეკითხება, „დედა, რას ნიშნავს ზანგი?“ როგორც ჩანს, ბავშვები ასე ეძახიან. მშობლებმა უნდა აუხსნან საკუთარ შვილებს, რომ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვაა, არ უნდა გამოიყენონ და რომ ამას შეუძლია ბავშვს გული ატკინოს. ნატალი ძალიან მხიარული ბავშვია. ქართულად ლაპარაკობს, ინგლისურად და ცოტას რუსულადაც კი. ბალეტზე დამყავს, მასწავლებელი მასზე გიჟდება.

კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს. ჩემს ქმარს ქართული კარგად ესმის. ტაქსით ვმგზავრობდით. მძღოლმა მკითხა, „თქვენ ცოლ-ქმარი ხართ?“ როცა ვუთხარი, რომ ასეა, ძალიან გაუკვირდა და ისევ მკითხა, „ასეთი რა გადაგხდა თავს, რომ ამას ცოლად გაყევი?“ ბავშვიც თან გვყავდა, მაგრამ კიდევ კარგი, ძალიან პატარა იყო და ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.“

ზაჩეუსი: „თუ შავკანიანი ხარ და ქართველ ქალთან ერთად დადიხარ, აუცილებლად პრობლემა შეგექმნება. ძირითადად, კაცებს აქვთ აგრესიული რეაქცია.

ზოგ ქართველს აფრიკელების შესახებ უცნაური სტერეოტიპები აქვს. მაგალითად, ჩემთვის უკითხავთ, „იცი რა არის ტელევიზორი?“ აფრიკელები ჯუნგლებში კი არ ვცხოვრობთ, ადამიანები ვართ და არა ცხოველები! რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირია. ბევრი კარგი ქართველი მეგობარი მყავს და ისინი ყოველთვის ცდილობენ დამიცვან.

პრობლემები სახელმწიფოს მხრიდანაც შემექმნა. საქართველოში მყავს ოჯახი და ამიტომაც აქ ვაპირებ დარჩენას. ამის კანონიერი უფლება კი სახელმწიფომ უნდა მომცეს. თუმცა, მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე უარი მითხრეს იმ არგუმენტით, თითქოს, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოვადგენ.

უარი სასამართლოში გავასაჩივრე. სარჩელი დამიკმაყოფილეს. ასე რომ, იმედი მაქვს, ახლა მაინც, სამწლიანი წვალების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ბინადრობის ნებართვას მივიღებ. როგორც ვიცი, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრობლემები სხვა ნიგერიელებსაც ექმნებათ.

ამასობაში, დიდი ხნის უნახავი მამაჩემი გარდაიცვალა ნიგერიაში. მე კიდევ დაკრძალვაზეც ვერ ჩავედი. აქ ჩემი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული და მუდმივი ბინადრობა არ მქონდა. შემეშინდა, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, შეიძლებოდა უკან ვერ დავბრუნებულიყავი. მთელმა ოჯახმა ეს პერიოდი მძიმედ გადავიტანეთ.

ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მიყვარს საქართველო, აქაური კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, მეგობრები. აქ დარჩენა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის გამო მინდა. ბევრი უსიამოვნო ამბავი გადაგვხდა თავს, მაგრამ ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაგვაძლიერა.“

შენიშვნა: ოპეიმის ინტერესებს სასამართლოში TDI იცავს.

ფოტო: ნინო ბაიდაური
ტექსტი: ეკა ჭითანავა, ნინო ბაიდაური

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI | მრავალფეროვნების სახეები

2018 წელი