სიახლეები
TDI
მარ/1907

ECRI: სახელმწიფომ რელიგიათა საბჭოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია არ შეასრულა

5 მარტს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) გამოაქვეყნა დასკვნა 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. შუალედური შემოწმებისთვის ECRI-ს ორი ცენტრალური რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული საქართველოს ხელისუფლებისთვის.

მეხუთე მონიტორინგის ციკლის ანგარიშში, კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაზარდოს მხარდაჭერა და ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან, ასევე, დაავალოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ECRI აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რეკომენდაცია არ შეასრულა.

ECRI-ს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ კომისიას აცნობა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არის მიუკერძოებელი, სანდო და წარმატებული მედიატორი რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებში და სწორედ მას განიხილავს რელიგიურ გაერთიანებებსა და მთავრობას შორის ურთიერთობის ხელშემწყობად. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ სააგნეტოს გარდა, რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობისათვის სხვა შუამავლის არსებობის საჭიროება არ არსებობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის განცხადებით, წარსულში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გადადგა ნაბიჯები სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან სათანამშრომლოდ, თუმცა, ამის ერთადერთ მაგალითად სახელმწიფოს  მოჰყავს ის ფაქტი, რომ სააგენტომ განიხილა რელიგიათა საბჭოს მიერ გამოცემული დოკუმენტები. ECRI აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ურთიერთთანამშომლობის მინიმალურ დონეზე მიუთითებს.

საქართველოს ხელისუფლება ასევე აღნიშნავს, რომ რელიგიათა საბჭოსა და სახელმწიფო სააგნეტოს შორის არსებობს დაპირისპირება, რადგან საბჭოს ზოგიერთი წევრი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგნეტოს გაუქმებას მოითხოვს, ისე რომ არ ასაბუთებს სააგენტოს მიმართ არსებული უნდობლობის მიზეზს.

სახელმწიფოს მიერ მიწოდებული არგუმენტაციის საპირწონედ, ECRI აღნიშნავს, რომ 2015 წელს სახალხო დამცველმა მიმართა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს და მის მიერ დაარსებულ მოხეს მეჩეთის საკითხის შემსწავლელ სპეციალური კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვა მოითხოვა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, კომისიის მუშაობაში ჩართული ყოფილიყო სახალხო დამცველი და მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, რადგან ისინი არ ენდობოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგნეტოს და კომისიის სხვა წევრებს. მიუხედავად ამისა, რელიგიის სააგენტომ სახალხო დამცველის მოთხოვნას უარით უპასუხა.  ECRI წუხილს გამოთქვამს, რომ ასეთი პრაქტიკით სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან თანამშრომლობის და მისი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

ECRI თავის შეფასებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით რელიგიის თავისუფლებაში ჩარევის ერთ-ერთ საფუძვლად ‘სახელმწიფო უსაფრთხოება’ განისაზღვრა. ECRI აღნიშნავს, რომ თუკი ეს ცვლილებები ძალაში შევიდოდა, ძირითადად, და უფრო მეტიც, ექსკლუზიურად, რელიგიურ უმცირესობებს შეუქმნიდა პრობლემას. მაშინ როცა სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, ვენეციის კომისიის მსგავსად, მიიჩნია, რომ კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილებების შეტანა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ამის შესახებ საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგნეტო კონსტიტუციის ამ ცვლილებებს არ შეწინააღმდეგებია. ECRI-ს განცხადებით, ამ დამოკიდებულებამ  ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე და რელიგიურ ჯგუფებს შორის კიდევ ერთხელ გაამყარა წარმოდგენა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არის არა მიუკერძოებელი ინსტიტუცია, არამედ რელიგიური უმცირესობების კონტროლის მექანიზმი.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისიწნებით, ECRI ასკვნის, რომ გარემოებები, რომლებიც ამ პრიორიტეტული რეკომენდაციის გაცემის საფუძველი იყო 2016 წელს, კვლავ ძალაში რჩება - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არ გადაუდგამს არცერთი სერიოზული ნაბიჯი სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან სათანამშრომლოდ.

მეორე რეკომენდაცია შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური დანაყოფის შექმნას, რომელიც რასისტული და ჰომო/ტრანსფობიული სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იმუშავებს. 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომლის მანდატი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მონიტორინგია. იმის გამო, რომ უშუალოდ დეპარტამენტს არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია, ECRI ამ რეკომენდაციას ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნევს.

***

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) დააარსა ევროპის საბჭომ. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი შედგება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრებისაგან. ECRI ყოველ ხუთ წელიწადში ახორციელებს მონიტორინგს, აანალიზებს ვითარებას თითოეულ წევრ სახელმწიფოში რასიზმისა და შეუწყნარებლობის თვალსაზრისით და იძლევა წინადადებებსა თუ შეთავაზებებს გამოვლენილი პრობლემების დასაძლევად.

ECRI-მ საქართველოს შესახებ ბოლო მონიტორინგის ანგარიში 2016 წელს გამოაქვეყნა. ანგარიში არაერთ საკითხს და რეკომენდაციას აერთიანებს, თუმცა ორი რეკომენდაცია გამოყოფილია, როგორც პრიორიტეტული. სწორედ ამ ორი რეკომენდაციის შესრულების შუალედური შემოწმება მოახდინა და შეაფასა ECRI-მ ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგ.