სიახლეები
TDI
მაისი/1930

რელიგიური გაერთიანებების კონსტიტუციური სარჩელები ვენეციის კომისიის პერიოდული გამოცემაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებები რელიგიური გაერთიანებების ორ სარჩელზე ვენეციის კომისიის პერიოდულ გამოცემაში მოექცა.

ვენეციის კომისია პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროპის იურისდიქციის ფარგლებსა და მის მიღმა არსებული  სასამართლოების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკას. გამოცემა მიზნად ისახავს მოსამართლეებისა და საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტების ინფორმირებას კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში განვითარებული უახლესი ტენდენციების შესახებ; ასევე, ეროვნული სასამართლოების მოსამართლეთა დახმარებას სამართლის პრობლემური საკითხების გადაჭრაში.    

მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის პერიოდულ გამოცემაში აისახა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებები N671[1] და N811[2] კონსტიტუციურ სარჩელებზე, რომლებშიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები, რომლებიც უთანასწორო პირობებს ქმნიდა რელიგიური გაერთიანებებისთვის.

გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება (მუხლი 9), არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ეს ნორმა მას აბსოლუტურ პრივილეგიას ანიჭებს. ეს ზიანს მიაყენებდა თანასწორობის  კონსტიტუციური უფლების არსს. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ მნიშვნელობასთან და არ ემსახურება პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში.

ორივე საქმეზე მოსარჩელე რელიგიური გაერთიანებების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა იცავდნენ.

***

2015 წლის ოქტომბერში რვა რელიგიურმა გაერთიანებამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით (#671) მიმართა. სასამართლომ დისკრიმინაციულად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დამატებული ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებდა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას (168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი). სადავო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს საპატრიარქოს და უქმნიდა მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას.

2016 წლის ივლისში ხუთმა რელიგიურმა გაერთიანებამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით (#811) მიმართა. სადავო იყო “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის აწესებდა და გამორიცხავდა იგივე შესაძლებლობას სხვა რელიგიური გაერთიანებებისათვის. სასამართლომ აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციულად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო.

ორივე სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებით.  საქართველოს პარლამენტს ჰქონდა გონივრული ვადა, 6 თვე, იმისათვის რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად შეეცვალა სახელმწიფო ქონების კანონისა და საგადასახადო კოდექსის სადავო ნორმების შინაარსი და მათი მოქმედება თანაბრად გაევრცელებინა ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა არ მიიღო არანაირი ზომები საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად და არ გამოავლინა ნება რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები 2018 წლის 31 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა.

 

TDI სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

 

 

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე N 1/2/671, 3 ივლისი, 2018წ.

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე N 1/1/811, 3 ივლისი, 2018წ.