სიახლეები
TDI
ოქტ/1922

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში, ნორვეგიასა და მის მიღმა – შედარებითი ანალიზი და გამოწვევები

21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში, ნორვეგიასა და მის მიღმა – შედარებითი ანალიზი და გამოწვევები“. ღონისძიება ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

კონფერენციაზე რელიგიის თავისუფლებისა და სამართალმცოდნეობის დარგის პროფესორებმა და ექსპერტებმა ისაუბრეს რელიგიის თავისუფლების, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის, საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოსა და ნორვეგიის კანონმდებლობის, რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკისა და ინტერრელიგიური დიალოგის საკითხებზე.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია და საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე. 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებოდ საქართველოში ჩამოვიდნენ რაბათის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ჯერემი განი და ნორვეგიის ქრისტიანული საბჭოს  (Christian Council of Norway, CCN) სპეციალური მრჩეველი დაგ ნიგარდი. 

კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, იურისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

პანელზე ,,რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნა, შედარებითი ანალიზი” მოხსენებები წაიკითხეს დოქტორმა ჯერემი განმა, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსისტეტის ვიცე–რექტორმა და ასოცირებულმა პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით ზედელაშვილმა.  

კონფერენციის მეორე პანელი დაეთმო სახელმწიფოს მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დასაშვებ და დაუშვებელ შეზღუდვებზე მსჯელობას. მეორე პანელზე მოხსენებები წაიკითხეს პროფესორმა ჯერემი განმა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დირექტორმა ეკა ჭითანავამ, ადამიანის უფლებების სწავლისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანადამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა თამთა მიქელაძემ. 

კონფერენციის მესამე პანელზე "კანონმდებლობა: რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა თუ შეზღუდვა? - საქართველოსა და ნორვეგიის მაგალითი" მოხსენებებით წარდგნენ ნორვეგიის ქრისტიანული საბჭოს სპეციალური მრჩეველი დაგ ნიგარდი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე. 

კონფერენციის მეოთხე პანელი დაეთმო თემას "სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობა და ინტერრელიგიური დიალოგი საქართველოში, ნორვეგიასა და მის მიღმა - ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა". მოხსენებები წაიკითხეს საქართველოს ევანგულ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა რუსუდან გოცირიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა და დაგ ნიგარდმა.